"დასავლეთი სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას არ მოითხოვს“ - კვირის პალიტრა

"დასავლეთი სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას არ მოითხოვს“

"შერიგების იდეა ჩანასახშივე მკვდარია“

საყოველთაო ეროვნული შერიგების მნიშვნელობას ხელისუფლებაც აცნობიერებს და ოპოზიციაც, თუმცა შერიგებისკენ მიმავალ გზასა და ფორმებზე ვერ თანხმდებიან. "ნაციონალების" აზრით, შერიგება სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებით უნდა დაიწყოს,­ მმართველი გუნდის ლიდერები კი მიიჩნევენ, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ვერ გახდება სამოქალაქო შერიგების გარანტია. რატომ ვერ ახერხებს შერიგებას ქართული პოლიტიკური სპექტრი და რა საფრთხის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს ქვეყანა პროცესების ნეგატიური გზით განვითარების შემთხვევაში, ამის შესახებ მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

areshidze.jpg

- პოლიტელიტამ ყველაფერი გააკეთა,­ რომ ქვეყანაში მძიმე ფსიქოლოგიური ფონი შექმნილიყო. ამას საზოგადოებამ ბუნებრივი რეაქციით უპასუხა­ და ყველაფერი უგულებელყო - მედია რომ ასეთი ინტენსივობით არ აშუქებდეს­ პოლიტიკურ ამბებს, არავინ არაფერს მოი­კითხავდა.­ რაც შეეხება შერიგებას, ვინ შეიძლება ამის წინააღმდეგი იყოს?! თუმცა­ ხომ ვიცით, რა ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს შერიგება სურს?! პირველი იწვდის ხელს, აღიარებს თავის დანაშაულს და იხდის ბოდიშს. როდესაც ასეთს არაფერს ამბობ, პირიქით, ოპოზიციაში მრგვალი მაგიდის შექმნის და ხელისუფლების გადაყენების ინიციატივას აყენებენ, არ გამოვა შერიგება. საქმეს ართულებს ისიც, რომ ხელისუფლებას­ არ შეუძლია შერიგებისკენ პირველი ნაბიჯის გადადგმა. რატომ? იმიტომ, რომ ყურს უგდებს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც შერიგების კატეგორიული წინააღმდეგია - მათ, ვინც სააკაშვილს ვერ იტანენ იმის გამო, რომ მისი მმართველობის დროს ციხეში მოხვდნენ, ახლობლები დაეღუპათ, ღირსება შეელახათ და ა.შ. ხელისუფლება ორ ცეცხლს შუაა - ერთი მხრივ, შერიგებისკენ მოწოდება გაისმის და ამ ინიციატივას მხარს უჭერს დასავლეთი, მეორე მხრივ, არსებობს საზოგადოების დიდი ნაწილი, რომლისთვისაც შერიგება მიუღებელია. ამ ხალხის თვალში დამნაშავე არ აპირებს­ ბოდიშის მოხდას. იმის თქმა, რომ არ იცნობდა ქარდავას, არ იცოდა, თუ რას აკეთებდნენ ახალაიები, რომ დანაშაულს ქვედა რგოლები სჩადიოდნენ, სიტუაციის განმუხტვას ხელს არ უწყობს. ამიტომ შერიგების იდეა ჩანასახშივე მკვდარია.

- უცხოელმა და ქართველმა ექსპერტებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ სააკაშვილი აღარ არის დასავლეთის საყვარელი პერსონა. რისი იმედი შეიძლება ჰქონდეს მას დასავლეთისგან?

- დასავლელი პარტნიორები მმართველ გუნდთან ძალიან აგრესიულები იყვნენ, როდესაც სააკაშვილის საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ. როგორც კი ის გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მათი აქტიურობაც მინელდა, გამოუშვითო, არ ამბობენ.­ სააკაშვილმა ისეთი წითელი ხაზები გადა­კვეთა, რომელთა დარღვევას დასავლეთი არავის არ აპატიებს. ასეთია თუნდაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა. ამასთან, დასავლელი ლიდერები მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი მათ წინაშე დამნაშავეა 2008 წლის ომის პერიპეტიების გამო - არ გაითვალისწინა მათი გაფრთხილება. ასეა თუ ისე, დასავლეთი სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლებას არ მოითხოვს, თუმცა ყოველთვის მოითხოვენ მისი, როგორც პატიმრის უფლებების დაცვას. ჩვენი ქვეყნის უბედურება კი ის არის, რომ ამ პროცესებით კიდევ დიდხანს ვიქნებით დაკავებული.­ იმ აქტივობებს, რომლებიც სააკაშვილის ირგვლივ ხდება და რომელსაც თავად ექსპრეზიდენტი მიმართავს, აუცილებლად მოჰყვება ქვეყნისთვის არასასურველი შედეგები. ძალიან მალე გამოჩნდებიან პირები, რომლებიც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გამო თავს გაიმართლებენ - სააკაშვილისთვის თუ შეიძლება, ჩვენთვის რატომ არ შეიძლებაო?! სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინ რუსმა მესაზღვრეებმა ერთი ჩემი ნაცნობი პირობით საზღვარზე დააკავეს და პირველი, რაც უთხრეს, იყო, იმისგან ისწავლე საზღვრის დარღვევაო?! საოკუპაციო საზღვარი სახელმწიფო საზღვართან რა მოსატანია, მაგრამ ოკუპანტებს­ საბაბი ხომ მიეცათ?! დღეს ოკუპანტები ამბობენ, ხვალ სხვებიც წამოგვაძახებენ. სააკაშვილმა თავის დანაშაულებზე­ პასუხი რომ აგოს, ეს იმ თვალსაზრის­ითაც არის კარგი, რომ მომავალში თავისი თანამდებობის და მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სურვილი აღარავის გაუჩნდება.

- თუმცა სააკაშვილის საქმეს კუდში მისდევს ხაზარაძისა და ჯაფარიძის საქმე. ჩვენ ვიცით, რომ მათ საქმეში არ არის დაზარალებული და მომჩივანი, რაც საზოგადოების დიდ ნაწილს კითხვებს უჩენს, თავად საქმეს კი პოლიტიკური შურისძიების ელფერს აძლევს.

- სააკაშვილის საქმისგან განსხვავებით, მათ საქმეს ნამდვილად აქვს პოლიტიკური შეფერილობა. ჩემთვის სრულიად გაუგებარია ამ პროცესის შინაარსი. ის, რომ ხაზარაძემ პოლიტიკაში წასვლით საბედისწერო შეცდომა დაუშვა, ეს ჩემთვის თავიდანვე ცხადი იყო. რატომ? იმიტომ, რომ ადამიანი, რომელსაც თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს გამწარებული, ასეთ ნაბიჯს არ უნდა დგამდეს. გასაგებია, რომ მამუკას ძალიან ბევრი საინტერესო პროექტი აქვს დაფინანსებული კულტურაში, მწერლობაში, თუმცა შეცდომები იქაც იყო და ამ მხრივაც ჰყავს ბევრი განაწყენებული. არ უარვყოფ, მომხრეები ჰყავს, მათ შორის მმართველ პარტიაშიც. მათ მსგავსად ვერც მე ვხედავ ხაზარაძეს დამნაშავედ ვერც ფულის გათეთრებაში და ვერც სხვა კრიმინალურ საქმეში. მისი მთავარი შეცდომა პოლიტიკაში მოსვლა, შემდეგ კი "ნაცმოძრაობასთან" ფლირტია.

- ბაიდენისა და პუტინის ვიდეოშეხვედრის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი და მოსკოვი ერთმანეთის პოზიციებს გაითვალისწინებენ, რაც ვითარებას განმუხტავს. რუსულ გეგმაში როგორ შეიძლება იყოს განსაზღვრული საქართველოს ბედი?

- ამერიკული და რუსული მხარეების მიერ ერთმანეთის პოზიციების გაზიარება ნიშნავს, რომ დონეცკსა და ლუგანსკს ავტონომიის სტატუსები უნდა მიენიჭოს უკრაინის შემადგენლობაში. ეს არის ის, რისკენაც ამდენი ხანი მიისწრაფოდა რუსეთი. კრემლს არ უნდა იმის გამეორება, რაც ყირიმში, აფხაზეთსა და ცხინვალში გააკეთა. სიმართლე რომ ვთქვათ, არა აქვს ამის რესურსი და ასეთი ნაბიჯის გადადგმა ურჩევნია. ძალიან მალე ბაიდენი ზელენსკის ამ ნაბიჯის გადადგმას აიძულებს და ამით დამთავრდება მისი პოლიტიკური კარიერა.

- ამის შემდეგ ჩვენ რას უნდა ველოდოთ? მართალია ჩვენს საზღვრებთან რუსული არმია არ არის მობილიზებული, მაგრამ დემარკაციასთან დაკავშირებული ხისტი განცხადებები და საზღვრების დაკანონების მცდელობა, მშვიდად ყოფნის საშუალებას არ გვაძლევს.- თუ მოსკოვი დაინახავს, რომ ნატოს გაფართოება არ იგეგმება, უკრაინასთან სამხედრო მოქმედებებს აღარ დაიწყებს, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით სხვაგვარად მოიქცევა. რუსეთისთვის მხოლოდ ნატოს გაფართოება არ არის პრობლემა. მოსკოვს არ მოსწონს ის, რაც ახლა რეგიონში ხდება. ვინაიდან რეგიონის ცენტრი საქართველოა, პუტინისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეს ქვეყანა მისი მორჩილი თუ არა, ისეთი მაინც გახდეს, რომ მოსკოვის შეძახილს ყური მიუგდოს. ამერიკელებმა მნიშვნელოვანი ზეწოლა მოახდინეს ბაქოზე და დაითანხმეს თურქმენული გაზის აზერბაიჯანის, შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებაზე. აქამდე აზერბაიჯანი მოსკოვს უწევდა ანგარიშს, მაგრამ ახლა ამერიკელებმა გამოსავალი აღარ დაუტოვეს. ეს ნიშნავს, რომ თურქმენული გაზის ევროპაში გადინება რუსეთზე აღარ იქნება დამოკიდებული და აზერბაიჯანიც სერიოზულ ბონუსს მიიღებს. ეს ყველაფერი რუსეთისთვის იგივეა, რაც ხარისთვის წითელი ნაჭერი. აქედან გამომდინარე, უნდა ველოდოთ სამხრეთ კავკასიაში პრობლემების გააქტიურებას.

- ამ ვითარებაში ჩვენ რამდენად გვაქვს ბალანსის დაცვის შესაძლებლობა?

- შესაძლებლობა გვაქვს, მაგრამ არ ვიცი, რამდენად შევძლებთ მის გამოყენებას. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, მაგრამ მე ვერ ვხედავ, რომ ჩვენი პოლიტიკური ელიტა ამ მიმართულებით აქტიურობდეს. მხოლოდ ერთი გამონაკლისი მახსენდება, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა ანკარასა და ერევანს სამშვიდობო პროცესის პლატფორმად თბილისი შესთავაზა. მიკვირს, მაგრამ ვერც ერთ ჩვენს პერიოდულ გამოცემაში ან სატელევიზიო გადაცემაში ვერ მოვისმინე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ ერთიმეორის მიყოლებით შექმნეს რუსებმა ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკებში, მაგალითად, დაღესტანსა და ჩერქეზეთში, საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციები. ცოტა ხანში ეს ასოციაციებიც გააქტიურდებიან.

- ეს ჩვენთვის მხოლოდ გამოწვევაა თუ შესაძლებლობაც?

- ამ გამოწვევაში შესაძლებლობაც ძევს, მაგრამ... ჩვენ ხომ ვხვდებით, რომ ეს არის ე.წ. რბილი ძალის ფორმა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გავყუჩდეთ. თუ ამ "რბილ ძალას" შემხვედრ ნაბიჯებს არ დავუპირისპირებთ, მუდმივად ძუძუს გოჭივით ვიქნებით აკრული ჩვენს ერთ პარტნიორზე, ამერიკის შეერთებულ შტატებზე.

ხათუნა ბახტურიძე