"როდესაც შერიგებაზე საუბრობს, არც ერთი მხარე არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს" - კვირის პალიტრა

"როდესაც შერიგებაზე საუბრობს, არც ერთი მხარე არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს"

"ყველას გვჭირდება ვთქვათ, ეს შეცდომა დავუშვი და აღარ გავიმეორებო, შევავსოთ ეს თეთრი ფურცელი და მოვძებნოთ ჩვენი შეცდომების გამოსწორების გზები“

ბოლო დღეებში საქართველოში განხილვის ახალი თემაა ე.წ. ეროვნული შერიგება, რომელიც ჯერ სააკაშვილმა და მისმა მხარდამჭერებმა გაახმაურეს და შემდეგ განცხადება უკვე საერთაშორისო ტრიბუნიდან საქართველოს პრეზიდენტმაც გააკეთა. როგორი უნდა იყოს ეს აქტი და რა სამართლებრივი საფუძველი შეიძლება ჰქონდეს, რათა რეალურად მოიტანოს შედეგი, ამ საკითხებზე სამართალმცოდნე ლევან ალაფიშვილი­ გვესაუბრება:

- დასანანია, რომ კარგი საკითხი, იდეა, გნებავთ, ინიციატივა, შინაარსგამოცლილად იქცა პოლიტიკური ქულების საგნად. არც ერთი მხარე არ აკონკრეტებს, რა შინაარსს გულისხმობს, როდესაც საუბრობს შერიგებაზე. სიტყვა "შერიგება" სხვადასხვანაირად შეიძლება იქნეს ინტერპრეტირებული და შესაბამისად, თუკი შეთანხმებაზეა ლაპარაკი და არ ვიცით კონკრეტული შინაარსი, ბუნებრივია, ერთი მხარე ერთ შინაარსს აძლევს, მეორე - მეორეს და ორივე საუბრობს კონკრეტიკის გარეშე, შეთანხმება ვერ მოხდება. 2012 წელს სამართლიანობის აღდგენაზე რომ საუბრობდნენ, პირველი ვიყავი, ვინც ამბობდა, შინაარსი თუ არ შესძინეთ ამ იდეას, უარესად მოგიბრუნდებათ-მეთქი, და ეს გამართლდა კიდეც. იგივე­ ხდება ახლაც. 30 წლის განმავ­ლობაში ჩვენ ერთმა­ნეთს ვეომებოდით და ვიმარჯვებდით, მერე მეორე­ იმარჯვებდა ჩვენზე და ასე ვენაცვლებოდით ერთმანეთს­. ამიტომ ახლა ამაზე თუ ვიწყებთ ლაპარაკს, სიფრთხილე გვმართებს, მინიმუმ, საზოგადოების ფართო ჩართულობა, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, ყოფილი პოლიტიკოსების... მათი ჩართულობით უნდა წავწიოთ წინ დღეს ეს გადამწყვეტი ინიციატივა, შევძინოთ შინაარსი და შევთანხმდეთ ფორმებზე. აქედან კითხვაზე პირდაპირი პასუხი: რაზეც შევთანხმდებით, იმის სამართლებრივი გაფორმება დიდ სირთულეს აღარ წარმოადგენს. შესაძლოა კანონში აისახოს, შესაძლოა კანონსა და დეკლარაციაში. 2016 წლიდან ვამბობდი,­ რომ ყველას გვჭირდება ვთქვათ, ეს შეცდომა დავუშვი და აღარ გავიმეორებო, შევავსოთ ეს თეთრი ფურცელი და მოვძებნოთ ჩვენი შეცდომების გამოსწორების გზები. ეს იქნება წარმატებული გზა. სხვა შემთხვევაში, პოლიტიკოსები ილაპარაკებენ ერთს, საზოგადოება - მეორეს და პრობლემა დარჩება გადაუწყვეტელ პრობლემად.

- "ნაცმოძრაობა" შერიგების წინა პირობად სააკაშვილის გათავისუფლებას აყენებს.

- შერიგება უფრო ფა­რთო ჩართულობით გვჭი­რდება. საზოგადოების შერიგება, შეცდომების აღიარება და გამოსწორება თუ არგამეორებაზე ერთობლივი ზრუნვა გვჭირდება და არა მარტო კონკრეტულ პირებსა და ჯგუფებზე რაღაც გადაწყვეტილებების მიღება. არა მგონია, კონკრეტულ პირებამდე დას­ული საკითხი წარმატებული აღმოჩნდეს.

- სააკაშვილის მომხრეები ამბობენ, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია... მათი არგუმენტია, რომ მას უსამართლო სასამართლო ასამართლებს საზღვრის კვეთაზე, რომ საქართ­ველოს გადასარჩენად ჩამოვიდა და როგორ შეიძლება ამ დამსახურებისთვის დაიჭიროო.

- სააკაშვილის ჩამოსვლამ ყოფილ სამშობლოში და პროცესების ამ მიმართულებით განვითარებამ ჩვენი სასამართლო სისტემა ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა.­ ეს განაპირობებს იმას, რომ კონკრეტულ საქმეებზე კონკრეტული მოსამართლეების გადაწყვეტილებები ჩვეულებრივი საქმეებისგან განსხვავებული იქნება, უფრო მეტად სტანდარტების შესაბამისი და, თუკი ასე იქნება, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა რაში გამოიხატება. თუმცა, სანამ პროცესი არ დამთავრდება, საბოლოო შეფასების გაკეთება რთულია, მაგრამ ის ხარვეზები, რაც სააკაშვილის მიმდინარე საქმის დასაწყისში ჩანდა, გამოსწორებულია. ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ მას, როგორც მსჯავრდადებულს, უფლებები რომ შეზღუდული აქვს, პრობლემა არ არის, მაგრამ ეს სასამართლოს პრობლემა არ არის, სასჯელაღსრულების სისტემის პრობლემაა.

- საზღვრის კვეთის შესახებ არგუმენტები რამდენად სერიოზულად შეიძლება ჩაითვალოს?

- პოლიტიკური განცხადებები გასაგებია, მაგრამ პოლიტიკოსებისთვისაც სახელმძღვანელო უნდა იყოს ქვეყნის ძირითადი­ კანონი, ისევე, როგორც საერთაშორისო აქტები, რომლებითაც განმტკიცებულია სამართლის წინაშე ყველას თანასწორობა. სტანდარტი, რომ ვიღაცას კანონდარღვევა ეპატიოს მხოლოდ იმის გამო, რომ კარგი საქმეები აქვს გაკეთებული, სამართლის წინაშე თანასწორობის საერთაშორისო პრინციპისგან გამიჯვნას ნიშნავს.

- დასაწყისში აღნიშნეთ, რომ შერიგების საფუძველი შეცდომების აღიარება უნდა გახდეს. იმ წინა პირობების გათვალისწინებით, რაზეც ახლა ვსაუბრობთ, ამ შეცდომების აღიარების რა პერსპექტივა არსებობს?

- მე არ ვარ პოლიტიკოსი და მირჩევ­ნია, ასეთი საკითხების წინ წამოწევით საზოგადოებაში დისკუსიის გაჩენას შევუწყო­ ხელი, პოლიტიკოსების ამარად რომ არ დარჩეს ეს საკით­ხები. ამიტომ ვამბობ, რომ მთავარი პოლი­ტიკოსები კი არა, ჩვენ, საზოგადოება უნდა ვიყოთ. ჩვენ უნდა დავუკვეთოთ ინიციატორებს თუ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომ შერიგების შინაარსი გვითხრან. საზოგადოების აქტიურობამ უნდა აიძულოს პოლი­ტიკოსები, ოღონდ არა მარტო ისინი, რომ გავმართოთ დისკუსია, რას მოიაზრებენ შერიგების შინაარსში. ამის მერე კი შევთანხმდეთ იმ შინაარსზე, რასაც ამ შერიგებას მიანიჭებენ და ბოლოს, გადამწყვეტი იქნება რელიგიური გაერთიანებების მონაწილეობა, რადგან შერიგება და სინანული მხოლოდ მათთვის არის დამახას­იათებელი და კარგი იქნება, თუკი მათი მონაწილეობით შევძენთ ამ შინაარსს. შევთანხმდებით, რა იყო შეცდომები, აღარ გავიმეორებთ და რაც მთავარია, ერთმანეთს მივიღებთ ისეთებს, როგორიც ვართ და განსხვავებების გამო დაპირისპირება მიუღებელი იქნება. ასე განვავითარებთ დემოკრატიას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვისაც. ასე შევძლებთ კონსოლიდაციას ქვეყანაშიც და მის გარეთაც საერთო საკითხებზე, რაც გვაერთიანებს და არა რაც გვყოფს.

რუსა მაჩაიძე