"ერთი მხრივ, მოუწოდებენ ეროვნული შერიგებისკენ, მეორე მხრივ, იმუქრებიან, თუ ამას არ დათანხმდებიან, ქუჩაში ერთ ამბავს ავტეხთო. შეიძლება ულტიმატუმი შერიგების ფორმა იყოს?"
პოლიტიკის ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "ნაციონალური მოძრაობის" დასახელებულ ეროვნული შერიგების იდეას არარეალისტურად მიიჩნევს. სად ხედავს პრობლემას და როგორ შეიძლება ამ იდეის ხორცშესხმა, ამ საკითხებზე ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება:
- ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან მოყოლებული, ეს იდეა ყოველთვის იყო. თავიდან ამაში ყველა მონაწილეობდა - საპატრიარქო, უცხოელები და ა.შ., მაგრამ არასდროს არ მიგვიღია რეალური შედეგი. ეროვნული შერიგება გამორიცხულია ქვეყანაში, სადაც სასამართლო სისტემა არ არის გამართული, სადაც საზოგადოება ჩაკეტილი და პოლიტიკურად მოუმწიფებელია. ბევრი ფაქტორია, რაც ამ იდეის ხორცშესხმას ხელს უშლის, მით უმეტეს, ახლა, როცა სრულიად გაუგებარი რამ ხდება - ერთი მხრივ, მოუწოდებენ ეროვნული შერიგებისკენ, მეორე მხრივ, იმუქრებიან, თუ ამას არ დათანხმდებიან, ქუჩაში ერთ ამბავს ავტეხთო. შეიძლება ულტიმატუმი შერიგების ფორმა იყოს? პრობლემა კი ის არის, ქუჩაში ამბის ატეხა რომ შეეძლოთ, შერიგებაზე არც წავიდოდნენ. ახლა ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია, ფაქტობრივად, პოლიტიკურ ჩიხში მოექცა და გამოსავლის პოვნას ცდილობს. "ქართულ ოცნებას" კი არ ვამართლებ, მაგრამ ეს რომ ნდომოდა, აქამდე გააკეთებდა და ახლა რატომღა გააკეთებს, როცა მთელ პოლიტიკურ პროცესს თავად წარმართავს და აკონტროლებს. ოპოზიცია იმ ჩიხიდან გამოსავალს ეძებს, რაშიც თავი თავად ჩაიგდო. ამასთან, ეძებს ისეთ სიბრტყეზე, სადაც მათთვის გამოსავალი არ არსებობს.
- სად არის მაშინ ოპოზიციისთვის გამოსავალი?
- დამოკიდებულების შეცვლაში. ნაცვლად იმისა, დამოკიდებულებები შეცვალონ და მოქმედება უფრო გრძელვადიან სტრატეგიაზე გათვალონ, ულტიმატუმებით იწყებენ ლაპარაკს. ამბობენ, შევრიგდეთო და ამის წინა პირობად სააკაშვილის გათავისუფლებას ასახელებენ იმ არგუმენტით, რომ პოლიტპატიმრად თვლიან, მეორე ულტიმატუმი რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. როდესაც ამ განცხადებებს ვისმენ, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამ რეალობაში არ ცხოვრობენ. შარშან მმართველი პარტია გაცილებით რთულ პოლიტიკურ ვითარებაში იყო და მაშინ არ წავიდა დათმობებზე და დღეს რატომ წავა?
- თავი რომ დავანებოთ წინა პირობებს, რაც უნდა ორი დიდი პარტიის დაპირისპირებაზე ვსაუბრობდეთ, ეროვნული შერიგების საკითხი რამდენად აქტუალურია? რამდენად არის საზოგადოება დაპირისპირებული, რომ საყოველთაო შერიგებაზე ვლაპარაკობდეთ? რა შეხება აქვს პოლიტიკურ თუ პარტიულ დაპირისპირებას ეროვნულ შერიგებასთან?
- აბსოლუტურად არაფერი. პოლიტიკურ ძალებს შორის დაპირისპირება ელიტისა და მცირე ჯგუფების დონეზეა. მოსახლეობაში, მიუხედავად იმისა, ვინ ვის აძლევს ხმას, არათუ დაპირისპირება არ არის, ეს თემა არც განიხილება. ეროვნული მოძრაობის დროს კი იმდენად აქტუალური იყო, ყველა ამაზე ლაპარაკობდა. ზუსტად ეს არის ოპოზიციის პრობლემა, რომ ჩიხიდან გამოსასვლელად არარსებული პრობლემის მოგვარებას ასახელებენ. ელიტაც იმიტომ არის დაპირისპირებული, რომ ძალაუფლებისთვის იბრძვის. საზოგადოება ვუყურებთ ამას და გვეუბნებიან, შევრიგდეთო. უფრო მისაღები იქნებოდა, მორიგებაზე რომ ლაპარაკობდნენ. მორიგება კიდევ სხვაა და სწორედ ეს სურთ და დაარქვან თავისი სახელი, რას იპრანჭებიან?
- მორიგება რომ დავარქვათ, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს?
- არ ვიცი, სააკაშვილი ვინ დააჯერა, რომ საქართველოში ჩამოვიდოდა თუ არა, მთელი მოსახლეობა ტრიუმფით შეხვდებოდა. ამის არც საფუძველი არსებობდა და ფაქტია, არც არავინ შეხვედრია. ნაპოლეონიც დაბრუნდა და უბრძოლველად აიღო პარიზი, მაგრამ ბოლოს მაინც დამარცხდა. სააკაშვილს რატომღა ეგონა, რომ მოიგებდა? ნაპოლეონს რომ თავი დავანებოთ, გამსახურდიას მაგალითი გვაქვს. ხომ შედარება არ არის გამსახურდიას და სააკაშვილის მხარდაჭერას შორის და ისიც კი დამარცხდა... სასამართლოში სააკაშვილის გამოსვლაზე დიდი მოლოდინი შექნეს, გამოვა და ისეთ რამეს იტყვისო, რომ ლამის ქრისტეს დონემდე აიყვანეს, მაგრამ გამოვიდა და არაფერი... მისი მომხრეებიც კი, რომლებიც სასამართლოს პირველ სხდომაზე მივიდნენ, მეორეზე ნახევარიც აღარ მისულა. აღარაფერს ვამბობ ჟორჟოლიანის აქციაზე. ამას მხოლოდ მე ხომ არ ვუყურებ, ხელისუფლებაც უყურებს და რატომ უნდა წავიდეს ამ ულტიმატუმზე, რასაც ეროვნული შერიგება დაარქვეს?
- ამ ვითარებაში პრეზიდენტის განცხადებას შერიგებასთან დაკავშირებით როგორ ხსნით?
- მე ვიტყოდი, ფონი იქმნება, რა იცი, რა ხდება. ფაქტია, ხელისუფლების ანალიტიკური ჯგუფი სხვადასხვა სცენარს ამუშავებს. დავუშვათ, სააკაშვილი პოლიტიკურად გაანადგურონ თუ შეინარჩუნონ რაღაც დონით. თუკი ჩათვლიან, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ ფიგურად შენარჩუნება აწყობთ, საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანენ და ამას ეროვნულ შერიგებას დაარქმევენ. თუ ჩათვლიან, რომ უნდა ჩაძირონ, გაგზავნიან რუსთავში...
როდესაც სააკაშვილის ქვეყანაში საზღვრის დარღვევით შემოსვლას მისი ადვოკატი აფასებს ისე, რომ ეს კანონდარღვევა არ არის, პოლიტიკური აქტია და მისი გასამართლება არ შეიძლება, რა უნდა თქვა? ოპოზიციის ყველაზე დიდი შეცდომა ის არის, რომ არსებული რეალობიდან კი არ გამოდის, ახლის შექმნას ცდილობს, რომ მოსახლეობას თავს მოახვიოს, მაგრამ ხალხი ამას ხედავს. პრობლემა„"ოცნების" სიძლიერე კი არა, ოპოზიციის სისუსტეა. ხელისუფლება სიახლეს ვერ სთავაზობს, ოპოზიცია კი ვერ ხვდება, აქედან რა გამოსავალი გამონახოს და მუდმივად ამ წრეზე ვტრიალებთ. მე ძალიან არ მომწონს, რომ ოპოზიცია განულებისკენ მიდის, მაგრამ ეს რეალობაა და თუ არ შეცვალა დამოკიდებულება და მეთოდები, უარეს შედეგს მიიღებს. ყველაზე ცუდი კი ის არის, ისეთი პირი უჩანს, შესაძლოა ეს მშვიდი გარემო უეცრად პატარა ნაპერწკალმა ააფეთქოს, მაგრამ ეს პოლიტიკური პარტიების კი არა, მთლიანად საზოგადოებრივი იქნება, რომელიც ღმერთმა დაგვიფაროს და, ყველას და ყველაფერს წალეკავს.
რუსა მაჩაიძე