"რა არ გამიფიქრებია, მტერსა და ავს, ჩემს ტვინში რომ აზრები მოსულა, მაგრამ ჩვენი ცხოვრება ხომ საკუთარ თავთან და ვნებებთან ბრძოლაა"
მსახიობ მაკა შალიკაშვილს პოეზია ბავშვობიდან უყვარდა, თუმცა თვლის, რომ ლექსის მნიშვნელობა, არსი და აზრი, სიტყვის დანიშნულება მამა ადამ ახალაძის ლექსებმა სულ სხვანაირად დაანახვა.
- უამრავი გაზიარება და მილიონი ნახვა აქვს გადაცემას, სადაც გალაკტიონის „გურიის მთებს“ წავიკითხე. ამ საღამოს კი ასეთი ისტორია აქვს: პანდემიის პერიოდი გავატარე ჩემს ერთოთახიან ბინაში, „ხრუშჩოვკაში“. წარმოიდგინეთ, პატარა სახლი პაწია აივნით, ვერსად გადიხარ, არც ფული გაქვს და არც განწყობა, რამე გააკეთო. მარტო ხარ ოთახში, საიდანაც შავი, გატრუსული კორპუსების გარდა არაფერი ჩანს. ერთადერთი ხედი ამ უღიმღამო კორპუსებს შორის გაჩრილი ლურჯი ცაა. ვიღვიძებდი და მეგონა, რომ ეს ყველაფერი იყო სიზმარი. მქონდა მხოლოდ და მხოლოდ წიგნები. ბავშვობიდან, როდესაც მიჭირდა თუ მილხინდა, რაღაცნაირად ვპოულობდი ისეთ ლექსს, რომელიც ჩემს იმჟამინდელ განწყობას შეესაბამებოდა. ლექსის კითხვის დროს გემრიელად ვტიროდი და მდგომარეობიდან გამოვდიოდი, ერთგვარი თერაპია იყო ჩემთვის. ავდექი და ახლაც ლექსების სწავლა დავიწყე, დღეში თითო ლექსს ვიზეპირებდი. ჩვენი გენიალური მსახიობების წაკითხული ლექსებიდან ერთ-ერთი, რომელიც ძალიან მომწონდა, იყო გურამ საღარაძის წაკითხული „გურიის მთები“. ერთ საღამოს, ცას რომ ვუყურებდი, უცებ წამოვიდა სტრიქონები: „ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი“. როდესაც ამ ლექსს ვსწავლობდი ან ვკითხულობდი, სულ ვტიროდი. შეუძლებელია, გალაკტიონს ჩასწვდე, მაგრამ მე ჩემეული ვერსია შევთავაზე მსმენელს ისეთი, როგორადაც აღვიქვი. ბოლოს, ნახე, რას ეუბნება: „სადმე შორს, შორს წამიყვანეო“. მართლაც, პოეტმა ფიქრებით მოატარა ყველაფერი და ნახა, რომ „არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში, არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი, არსად ისე არ გადმოხეთქს უმანკობის ნიაღვარი, და არსად, მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით“. დიახ, არსად ისე არ უყვართ, როგორც ჩვენთან, ამ წარმტაც ქვეყანაში, მაგრამ არსად ისე არ სძულთ, როგორც აქ. ეს არის ჩემი ინტერპრეტაცია და რატომღაც მგონია, გალაკტიონი ამას გულისხმობს. ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეული და ემოციურია ჩემთვის და ვფიქრობ, მსმენელამდეც ზუსტად ამიტომ მივიდა ჩემი ემოცია. აღარ შემიძლია ამდენი უკმარობის განცდა, დავიღალე! ყველაფერი მოქმედებს ჩვენზე, ადამიანებზე, არაფრის ზომა-წონა რომ არ ვიცით. სიყვარულია და ამ სიყვარულსაც კი სიძულვილამდე მივყავართ; სიგიჟეა, რაც დღეს ხდება.
- არსებული რეალობის შეცვლის, გამოსწორების, სიყვარულის გასაღები თვითონ ჩვენშია ალბათ....
- აუცილებლად ჩვენშია... სანამ ასე საჯაროდ დავიწყებდი კითხვას, "ფეისბუკზე" მეგობრებს ვუგზავნიდი ხოლმე ვიდეოებს. მწერდნენ, მაკა, რა მაგარია, ახლა საქმეზე გავრბოდი, მაგრამ შენმა ლექსმა გამაჩერა. რამდენიმე წუთით სულ სხვა სამყაროში გადავდივარ და რა მაგარია, ამას რომ აკეთებო. მწერენ, რომ გავაკეთო გადაცემა. მართლაც, კარგი იქნებოდა. ხალხი ითხოვს „სიყვითლესო“, რომ ამბობენ, არ ყოფილა ასე. ამ გადაცემის შემდეგ იმდენი "მეგობრობა" გამომიგზავნეს, იმდენმა მომწერა კომპლიმენტი, რომ გამიკვირდა. ერთი გოგო შემხვდა ქუჩაში, ჩემს ქმარს ამ ეტაპზე რაღაც პრობლემები აქვს და ხშირად უსმენს თქვენს წაკითხულ ლექსს: „სიტყვა არ წამოგცდეს, რომ შენ დაიღლე, განზე გადექი და ტყვია დაიხალე“.… ჩემს მეგობარს შვილმა უთხრა, ყოველდღე მასწავლე გალაკტიონის ლექსებიო…და ეს ძალიან მახარებს.
თითქოს ყველა ვწუხვართ იმაზე, რაც გვჭირს, მაგრამ ვინღაა ის საზიზღარი, ვინც ხელს გვიშლის ერთმანეთის სიყვარულში, ეს ვეღარ გავიგე. სულ სხვისკენ ვიშვერთ ხელს, სულ სხვას ვადანაშაულებთ. ერთ რამეს მივხვდი, თუ რამე არ გამომივიდა, ამაში, პირველ რიგში, თვითონ ვარ დამნაშავე, საკუთარმა თავმა შემიშალა ხელი. მუხრანის არ იყოს, „სიგლახეს ჩვენსას დავაბრალებთ უცხოს ნურავის! თვითდაკვირვების მოვიმარჯვოთ, დროა, უნარი“. პრობლემა ჩვენშია, ამ დროს მუდმივად სხვას ვაბრალებთ და ვადანაშაულებთ. ნიკო გომელაურის ერთი ლექსის არ იყოს, „აღარ მთავრდება ირგვლივ ვიღაცა“. არ მგონია, რომ რაც გვჭირს, ამაში მუდმივად ვიღაცაა დამნაშავე. საკუთარი თავი, ჩვენი ამპარტავნობა, არაობიექტურობა და ამბიციები სრავს ყველა სიკეთესა და ბედნიერებას. მე მორალს კი არ ვუკითხავ ვინმეს, არც ჭკუას ვასწავლი, ჩემს თავზე ვსაუბრობ. სულ მიკვირს, რომ წერენ, გაბოროტდა ხალხიო. არ ვიცი, ვინ გაბოროტდა, ადამიანი, რომელიც სამარშრუტოში ფულს მიხდის და სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავს? ადამიანი, რომელიც ჩემთვის უცხო ქალაქშიც კი ოჯახში მეპატიჟება? ადამიანი, რომელიც თბილად მესაუბრება? დედაჩემი არ გაბოროტებულა, მამიდაჩემი არ გაბოროტებულა, არც მამაჩემი, მიუხედავად უამრავი განსაცდელისა. ისინიც ხომ ამ დროის, ამ ეპოქის შვილები არიან. რა ვიცი, მე სულ ვეძებ კეთილ ადამიანებს და ვხვდები კიდეც.
- უარყოფით ინფორმაციას უბრალოდ ისხლეტთ თუ როგორ უმკლავდებით?
- რა თქმა უნდა, უარყოფითიც მხვდება და განვიცდი. ეს არის ზუსტად ჩემი სევდისა და ტკივილის მიზეზი. დაახლოებით 1 კვირის წინ ჩემს სოფელში, იგოეთში დავკრძალეთ 45 წლის ბიჭი, გია ზაალიშვილი, რომელიც ბედის უკუღმართობამ მოკლა. ხალხი იხოცება, პანდემიამ თავდაყირა დააყენა ყველაფერი და მაინც ვერ ვსწავლობთ ჭკუას. პანდემია შეცვლის ადამიანებსო, - ვამბობდით თავიდან. ვისაც უყვარდა, ისევ იმას უყვარს და ვინც ბოროტი იყო, ის ისევ ბოროტია. სულ უკმაყოფილება, სულ წუწუნი არ მომწონს, მიუღებელია ჩემთვის. მე რომ მოვყვე, როგორ ვცხოვრობ... „მე შენ გიამბობ ჩემს ტრაგედიას და როგორც ბავშვი, დავიწყებ ტირილს“, ტერენტი გრანელისაა. ხომ გითხარით, ერთი ბეწო ოთახში გავატარე ნახევარი წელი, ხმა არ ამომიღია. პანდემია ყველასთვის არის, მაგრამ მე კი არ ვწუწუნებ, პირიქით, ვაფასებ, რაც მაქვს.
- ვიცი, რომ აპოლიტიკური ხართ და არ გკითხავთ აზრს იმის შესახებ, რაც ხდება. თუმცა მაინტერესებს, დღევანდელი რეალობა რამდენად დამთრგუნველია თქვენთვის, როგორც ხელოვანი ადამიანისთვის?
- მაინც მაქვს იმედი, რომ გონიერი ერი ვართ და საბოლოოდ სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებთ. არც ასეა საქმე, რომ ვამბობთ, გონიერი და სამშობლოს ჭირისუფალი ადამიანები აღარ არიანო. პირიქით, ძალიან ბევრია გონიერი და ჭკვიანი ქართველი! საუბედუროდ, მათ აღარავინ ეკითხება ჭკუას, თორემ საქართველოში ყოველთვის იყო, არის და იქნებიან კიდეც ის მართალი, გულანთებული ადამიანები, ვისაც სამშობლოს ბედი აწუხებს. ისევ ხალხის იმედი მაქვს. ველოდები, ეს ჭკვიანი ადამიანები როდის ამოიღებენ ხმას და როდის გადაწონიან ამდენ მოღალატესა და უგუნურს. ბოროტს აუცილებლად სძლევს კეთილი. ამის იმედს, იცით, რა მაძლევს? ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ბატონმა კოტე აბაშიძემ, სამხატვრო ხელმძღვანელმა და რეჟისორმა დადგა 74-კაციანი სპექტაკლი, „მაკბეტი“ - შექსპირის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრაგედია, რომელიც მოგვითხრობს შოტლანდიელი დიდგვაროვანისა და მეფის ამბიციების შესახებ. ეს არის სინამდვილეში ის, რაც მაყურებელს და მსმენელს სჭირდება - მართალი სიტყვა ეკრანიდან და სცენიდან, ამას შეუძლია ჩვენი გონზე მოყვანა. ამ რთულ ყოფაში 3 თვეა, რაც თეატრს შევაფარეთ თავი და გიჟებივით ვმუშაობდით. ჩვენ დავდგით სპექტაკლი იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი მდგომარეობაა, ბოლო თეთრი გამოვიყენეთ, რომ ზეიმი ყოფილიყო ქუთაისსა და საქართველოში. ესეც ვერ დაინახეს ვიღაცებმა, ამაშია საქმე. ასეთ დროს ამხელა საქმეს რომ გააკეთებ, ეს არის ჩემთვის კაცობაც, ადამიანობაც, მამულიშვილობაცა და ქვეყნის წინაშე ვალის მოხდაც. ეს გააკეთა კოტე აბაშიძემ 74 ადამიანთან ერთად. ყველამ თავის საქმეს რომ მიხედოს კეთილსინდისიერად, ყველაფერს ეშველება. დიახაც, სპექტაკლის დროა! დიახაც, „მაკბეტის“ დროა! იქ კარგად ჩანს, სატანა როგორ სცემს დაბლა ადამიანს, ძალაუფლება როგორ აგიჟებს და აბოროტებს ყველას.…გაიმარჯვე? იყავი ბედნიერი, შეირგე, რაც გაქვს, მაგრამ არა, კიდევ მეტი უნდათ და ამ მეტის სურვილში უკვე იკარგება ზღვარი სიკეთესა და ბოროტებას შორის. შურისძიებას კარგი არაფერი მოაქვს, ამდენ სისხლს ვეღარ ჩამოირეცხავს ქვეყანა, ამაზეა ეს სპექტაკლი.
- ასეთ ადამიანურ სისუსტეებს თვითონ როგორ უმკლავდებით?
- რა არ გამიფიქრებია, მტერსა და ავს, ჩემს ტვინში რომ აზრები მოსულა, მაგრამ ჩვენი ცხოვრება ხომ საკუთარ თავთან და ვნებებთან ბრძოლაა. კონტროლის არდაკარგვაა მთავარი. რწმენა უნდა გქონდეს, რომ ეს ყველაფერი შეაჩერო შენში - დიდი სიყვარულიც უნდა შეაჩერო და დიდი სიძულვილიც, ბალანსი უნდა დაიცვა, თუმცა ეს იოლი არ არის. ამპარტავნობამ არ უნდა გძლიოს, წარმატებამ არ უნდა გაგათამამოს.
- რას ეკიდებით ყველაზე დიდი სიფრთხილით?
- ძალიან ვფრთხილობ, როდესაც საქმე ადამიანს და მის სიცოცხლეს ეხება. ასეთ დროს ვერიდები ჩემი აზრების გამოთქმას. თითქოს ღმერთი ხარ და ვიღაცებს უწყვეტ, იცოცხლონ თუ არა. მე მხოლოდ ის შემიძლია, თანავუგრძნო, განსჯა ჩემი საქმე არ არის, ადამიანს სასჯელს ვერ გამოვუტან.
- რის გარეშე არ ღირს სიცოცხლე?
- ღირსების გარეშე არ ღირს სიცოცხლე... ადამიანი რომ არ უნდა შეურაცხყო და დაამცირო - ეს არის ღირსება. თუ სხვას ისე ექცევი, როგორც არ გინდა, თვითონ მოგექცნენ, ბუმერანგის პრინციპით უკან დაგიბრუნდება. ღმერთი დაგსჯისო, - იციან ხოლმე თქმა. არა, ღმერთი არავის სჯის, ღმერთი სიყვარულია. ჩვენივე ცხოვრებით გამოგვაქვს ჩვენი თავისთვის განაჩენი. მინდა, რომ უფალმა მოგვმადლოს სწორი თვითშეფასების უნარი, ეს არის მთავარი.
ნინო ჯავახიშვილი