"შესაძლებელია "ომიკრონი“ აღმოჩნდეს ის ვარიანტი, რომელიც პანდემიას დაასრულებს“ - კვირის პალიტრა

"შესაძლებელია "ომიკრონი“ აღმოჩნდეს ის ვარიანტი, რომელიც პანდემიას დაასრულებს“

"სამხრეთ აფრიკაში ახალგაზრდა მოსახლეობის წილი ყველაზე მაღალია მსოფლიოში და "ომიკრონით“ მხოლოდ ისინი დაავადდნენ. არავინ გარდაცვლილა, მაგრამ ევროპაში, სადაც ხანდაზმულების წილი ძალიან მაღალია, შესაძლებელია სულ სხვა სურათი მივიღოთ...“

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მინისტრობის 30-ე თვეს თანამდებობა დატოვა. ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ჯერ მხოლოდ ვერსიებია. ამასობაში­ ტვინდემიის აქტიური პერიოდი გვიახლოვდება. ჩვენს კითხვებს თსსუ პროფესორი, იმუნიზაციის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე პასუხობს:

- რა სიახლეებია "ომიკრონის"­ შესახებ?

- თუ თავიდან მხოლოდ "მოდერნა"­ და "ფაიზერი" აცხადებდა, რომ იწყებდა "ომიკრონის" ვაქცინებზე მუშაობას, ბოლო დღეებში "ასტრაზენეკამ" და "ნოვაქსმა" განაცხადეს, რომ რამდენიმე კვირა დასჭირდებათ ვაქცინის შესაქმნელად, "სინოვაკი" კი 3 თვეს ასახელებს. ცნობილია, რომ არც ერთი ვაქცინა "ომიკრონის" წინააღმდეგ სტანდარტული 2 დოზით ეფექტიანი არ იქნება. შესაბამისად, ჯანმო ე.წ. ბუსტერდოზას გვთავაზობს. ის მცირერიცხოვანი კვლევა, რომელიც ჩატარდა სამხრეთ აფრიკაში, მიუთითებს, რომ "ომიკრონის" წინააღმდეგ "ფაიზერის" ბუსტერდოზა 99%-იანი ეფექტიანობით გამოირჩევა.

"ფაიზერისა" და "ასტრაზენეკას" შემთხვევაში, ბუსტერდოზის გაკეთების ვადა 6-დან 5 თვემდე შემცირდა, ხოლო ჩინური ვაქცინებისა - 6-დან 3 თვემდე.

6 დეკემბრის მონაცემებით, "ომიკრონის" შემთხვევები ევროკავშირის 17 ქვეყანაში დაფიქსირდა. მათი ჯამური მაჩვენებელი­ 122-ს შეადგენს. მსოფლიოს 60 ქვეყანაში "ომიკრონის" 1 ან 2 შემთხვევა გამოვლინდა­. მალე იქნება ჯანმოს დასკვნა, არის თუ არა "ომიკრონი" საფრთხის შემცველი არა მარტო გავრცელებით, მიმდინარეობის სიმძიმითა და გარდაცვალების მაჩვენებლითაც.

მეორე მნიშვნელოვანი ცნობა, რომელსაც ჯანმოსგან ველით, "ომიკრონის" წინააღმდეგ ავტორიზებული ვაქცინაა. როცა 2020 წელს, პანდემიის დასაწყისისას იყო მსჯელობა, როდის დასრულდება პანდემია, გამოითქვა მოსაზრება, რომ დასრულდებოდა მაშინ, როდესაც კორონავირუსის მუტაცია საბოლოო წესებს მიაღწევდა და გახდებოდა გაცივების მსგავსი ვირუსი. შესაძლებელია "ომიკრონი" აღმოჩნდეს ის ვარიანტი, რომელიც პანდემიას დაასრულებს.

- საიდან წამოვიდა "ომიკრონი"?

- ერთი მოსაზრებით, "ომიკრონის" მუტაცია მოხდა იმ ადამიანის ორგანიზმში,­ რომელსაც შიდსი ჰქონდა. მეორე ვერსი­ით, "ომიკრონი" არის მუტაცია, რომელიც ადამიანიდან შინაურ ცხოველს გადაეცა, ცხოველში განიცადა მუტაცია და შემდეგ ხელმეორედ დააინფიცირა ადამიანი. მესამე - "ომიკრონი" არის კორონავირუსისა­ და გაციების გამომწვევი ვირუსის მუტაციის შედეგი...

- "ომიკრონით" გარდაცვალება თუ დაფიქ­სირდა?

- ჯერ არა, მაგრამ აღსანიშნავია, რომ "ომიკრონის" ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაში, სადაც ახალგაზრდა მოსახლეობის წილი ყველაზე მაღალია მსოფლიოში და "ომიკრონით" მხოლოდ ახალგაზრდები დაავადდნენ. არავინ გარდაცვლილა, მაგრამ ევროპაში, სადაც ხანდაზმულების წილი ძალიან მაღალია, შესაძლებელია "ომიკრონმა" სულ სხვა კლინიკური სურათი გვაჩვენოს.

- მწვანე პასპორტებზეც ვისაუბროთ...

- დეკემბრის პირველი კვირის მიხედვით ვაქცინირებულთა რიცხვი 4-5-ჯერ არის გაზრდილი. თუ ამ შედეგით ვიმსჯელებთ, მწვანე პასპორტების შემოღებამ გაამართლა, მაგრამ დღეს ვაქცინაციის ისეთივე­ ტემპი გვჭირდება, როგორიც იყო აგვისტოში, როდესაც დღეში საშუალოდ 24 ათასი აცრა ტარდებოდა. მწვანე პასპორტებთან დაკავშირებით, ჩვენი რეკომენდაციაა, იმ პირებისთვისაც, რომლებმაც კორონავირუსი ბოლო 6 თვის განმავლობაში გადაიტანეს, მწვანე­ პასპორტის მოქმედების ვადა მათთვისაც ერთ წლამდე გაიზარდოს.

- როგორ შეხვდით ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომის ამბავს?

- მისი გადადგომა მოულოდნელი იყო. საკოორდინაციო საბჭოზე სამედიცინო და პოლიტიკურ მხარეებს ხშირად განსხვავებული მოსაზრებები ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ კონსენსუსი ყოველთვის მიიღწეოდა. მინისტრი ყველაფერს აკეთებდა, ვგულისხმობ ექსპერტებთან კონსულტაციას­, რისი მაგალითიც იყო იმუნიზაციის საბჭოზე მიმდინარე განხილვები, საბჭოს მუშაობაში ჩართული იყო ბევრი ექსპერტი.

- რამდენიმე ვერსია დასახელდა, ვინ იქნება შემდეგი მინისტრი: ლადო კახაძე, ნინო კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, ლევან რატიანი..

- ამ კანდიდატებიდან სამედიცინო საზოგადოებისთვის ყველა მისაღებია.