"სიმართლეს ვერანაირი მიზეზი ვერ შეცვლის" - "დედოფლის გამბიტიდან" ნონას ენდშპილამდე
"შევეცდებით სასამართლოს დავანახოთ, რომ Netflix-მა იცოდა სიმართლე და ის განგებ შეცვალა“
"გამბიტი" უკვე ვნახეთ. საქმე ენდშპილისკენ მიდის და იმედია, გაფრინდაშვილი-Netflix-ის დუელიც ისეთივე შედეგით დასრულდება, როგორც ნონას მატჩების უდიდესი ნაწილი - ნამდვილი დედოფლის გამარჯვებით!
შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია 2020 წელს ამერიკული სამაუწყებლო და საპროდუქციო კომპანია Netflix-ის მინისერიალის - "ლაზიერის გამბიტის" შესახებ, რომელშიც ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეც არის ნახსენები, ოღონდ... მოხსენიებულია როგორც მოთამაშე, რომელიც "არის რუსეთიდან" და რომელსაც "არასდროს უთამაშია მამაკაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგ". არადა, სწორედ ნონა გაფრინდაშვილია პირველი მოჭადრაკე ქალი, რომელსაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა მამაკაცთა შორის, 1963 წლიდან მონაწილეობდა მამაკაცთა პრესტიჟულ ტურნირებში და საჭადრაკო სტატისტიკა მის არაერთ გამარჯვებასაც ინახავს, მათ შორის კალიფორნიული ლოუნ პაინის უძლიერეს ტურნირზეც. სიმბოლურია, რომ სწორედ კალიფორნიის ცენტრალური ოლქის საოლქო სასამართლო განიხილავს ნონა გაფრინდაშვილის სარჩელს "ნეტფლიქსის" წინააღმდეგ.
სარჩელი
დავის საგანს წარმოადგენს მინისერიალ "ლაზიერის გამბიტის" (სერიალი ეყრდნობა ამერიკელი მწერლის უოლტერ ტევისის ამავე სახელწოდების მხატვრულ ნოველას და მოიცავს 1958-68 წლების პერიოდს - რ.შ.) ერთ-ერთი სცენა, რომელშიც გაკეთებულია ნონა გაფრინდაშვილის პროფესიული მიღწევების დამაკნინებელი განცხადება. ლაპარაკია სერიალის ერთ ეპიზოდზე, სადაც ამბობენ: "...რუსეთში არის ნონა გაფრინდაშვილი, მაგრამ ის ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონია და არასოდეს უთამაშია მამაკაცების წინააღმდეგ".
არადა, უოლტერ ტევისის ნაწარმოებში, რომელსაც სერიალი ეფუძნება, ეს ეპიზოდი მოთხრობილია შემდეგნაირად: "იქ იყო ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მართალია, არ იყო ამ ტურნირის (იგულისხმება გამოგონილი ტურნირი) დონის მოთამაშე, თუმცა ის უკვე მრავალჯერ შეხვედრია ყველა ამ რუს დიდოსტატს".
რადგან ნონა გაფრინდაშვილი არც რუსია და მამაკაცებთანაც არაერთხელ უთამაშა, ცხადია, შეურაცხყოფილი დარჩა და Nეტფლიხ-ს "შეცდომის" გასწორება და ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. ხანგრძლივი დუმილის შემდეგ, ამერიკულმა კომპანიამ ქართულ მხარეს აცნობა, რომ არც რამის შეცვლას აპირებს და არც - ბოდიშის მოხდას. საქმემ სასამართლოში გადაინაცვლა და საერთაშორისო მასშტაბის რეზონანსიც გამოიწვია.
"ცრუ განცხადებით, თითქოს ნონა გაფრინდაშვილს არასდროს უთამაშია მამაკაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგ, Nეტფლიხ-მა ეჭვქვეშ დააყენა მისი პროფესიული სტატუსი. კომპანიამ შექმნა იმგვარი შთაბეჭდილება, თითქოს ქ-ნი გაფრინდაშვილი არ ფლობდა იმ უნარებს, რაც საჭირო იყო მამაკაცებთან წარმატებული კონკურენციისთვის. ეს იყო წარმოუდგენელი სიცრუე, რაც ძირს უთხრიდა და აკნინებდა მის მიღწევებს მრავალმილიონიანი აუდიტორიის წინაშე", - ნათქვამია სარჩელში.
სარჩელის ხაზი აგებულია იმ გარემოებაზე, რომ ნონა გაფრინდაშვილი არის არა მარტო მოჭადრაკე ქალი, რომელსაც უთამაშია რამდენიმე საჭადრაკო პარტია მამაკაცების წინააღმდეგ, არამედ ის წარმოადგენს ჭადრაკის სამყაროს ცოცხალ ლეგენდას, პიონერ ქალს, რომელმაც შეცვალა ჭადრაკის ისტორია და რეალურ ცხოვრებაში დაამსხვრია კაცთა დომინაცია ელიტური ჭადრაკის სამყაროში. გამორჩეული კარიერის განმავლობაში ნონა გაფრინდაშვილს უთამაშია არაერთ საერთაშორისო ტურნირზე, დამარცხებული ჰყავს მრავალი მამაკაცი მოჭადრაკე და წარმოადგენს ისტორიაში პირველ მოჭადრაკე ქალს, რომელსაც მიენიჭა დიდოსტატის წოდება მამაკაცთა შორის (ყველა ის ტურნირი თუ მატჩი, რომელშიც ნონა მამაკაცი მოჭადრაკეების წინააღმდეგ თამაშობდა, სარჩელში კონკრეტულად არის მითითებული).მოსარჩელე მხარე ამბობს, რომ ადგილი ჰქონდა საზოგადოების წინაშე პირის მცდარად წარმოჩენას და დეფამაციას როგორც ასეთს (განზრახი ან უსაფუძვლო ზიანის მიყენება სხვა პირის სახელისა და რეპუტაციისათვის წერილობით ან ზეპირად არსებითად მცდარი ცნობების გავრცელების გზით). ნონა გაფრინდაშვილის სასარჩელო მოთხოვნაა დაევალოს კომპანია Nეტფლიხ-ს და მის წარმომადგენლებს, ამოიღონ ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების დამაკნინებელი განცხადება სერიალიდან და კომპანიას დაეკისროს ზიანის ანაზღაურება: ფაქტობრივი და სავარაუდო (პრეზუმირებული) ზიანისთვის - მინიმუმ 5 მილიონი აშშ დოლარის სახით;
ცნობილ ამერიკელ ადვოკატებთან ერთად, ნონა გაფრინდაშვილის ინტერესებს ქართველი იურისტებიც იცავენ. სწორედ იურიდიული კომპანია BLB-ის წარმომადგენლებისგან შევიტყვეთ სარჩელთან დაკავშირებული ბოლო სიახლეები. ადვოკატ მაია მწარიაშვილის თქმით, Netflix-მა სამართალწარმოების შეწყვეტის შუამდგომლობა დააყენა. ლაპარაკია Anti-SLAPP კანონმდებლობის გამოყენები თაობაზე, რაც ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველი შესწორებით დაცული სიტყვის თავისუფლების რეალიზაციას უკავშირდება. Netflix-ის წარმომადგენლებს არ მიაჩნიათ, რომ ლეგენდარული მოჭადრაკის პროფესიული მიღწევები დააზიანეს. თუ მაინცდამაინც რაიმე შეგვეშალა, შესაძლოა მხოლოდ ის, რომ "დროს რამდენიმე წლით ავცდითო". მიიჩნევენ, რომ სადავო წინადადება არ არის დეფამაციური და რაც ყველაზე უცნაურია, განავითარეს ნარატივი, თითქოს ფრაზაში ობიექტურ დამკვირვებელს უნდა ეგულისხმა, რომ ნონას "არასდროს უთამაშია მამაკაც მოთამაშეებთან საბჭოთა ტურნირებზე და საბჭოთა დიდოსტატებთან". Netflix-ის იურისტები ირწმუნებიან, რომ არათუ დააკნინეს ნონა გაფრინდაშვილის მიღწევები, პირიქით, აღიარეს მისი დამსახურებები", - ამბობს მწარიაშვილმა.
ქართველი ადვოკატის განცხადებით, მოსარჩელე მხარე კმაყოფილია საქმის მიმდინარეობით. განსაკუთრებით, სერიალის სცენარისტისა და პროდიუსერის ფრენკ სკოტის გამოკითხვის შემდეგ: "სკოტმა, ფაქტობრივად, აღიარა, რომ იცოდა სიმართლე ნონას მიღწევების შესახებ. დაკითხვის დროს პროდიუსერი ძალიან იყო არეული, მისი პასუხების უმრავლესობა მოიცავდა ფრაზებს: "არ ვიცი", "არ მახსოვს". ვიცოდი, რომ ნონა გაფრინდაშვილი რეალური ადამიანი იყო, მაგრამ არ მახსოვს, როდის გავიგე და ვინ მითხრაო და სხვ. მის ჩვენებას ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენებთ და შევეცდებით სასამართლოს დავანახოთ, რომ Netflix-მა იცოდა სიმართლე და ის განგებ შეცვალა".
მაია მწარიაშვილის განცხადებით, მოსარჩელე მხარემ კალიფორნიის სასამართლოს 3 დეკემბერს წარუდგინა საბოლოო პოზიცია დამატებითი მტკიცებულებებით. სასამართლო სხდომა 24 იანვარს ღია მოსმენით გაიმართება.
ასე რომ, "ღირსების საქმე" უკვე მიდის ენდშპილისკენ (საჭადრაკო პარტიის დამამთავრებელი სტადია). გამბიტი უკვე ვნახეთ ("გამბიტი" - დებიუტი ჭადრაკში, როცა თამაშის ტემპის აჩქარების, ცენტრის დაკავების ან უბრალოდ, თამაშის გამწვავების მიზნით ერთ-ერთი მხარე ფიგურას წირავს. - რ.შ.). შარშან, "დედოფლის გამბიტზე" საუბრისას ნონა გაფრინდაშვილს ისიც ვკითხე, თავად რამდენად ხშირად მიმართავდა გამბიტს: "ტაქტიკოსი ვიყავი და გამბიტი სწორედაც რომ მიესადაგება ჩემს სტილს. ტაქტიკით საოცარი თამაშები მაქვს მოგებული. დიდი სიამოვნებაა, როცა დახურულ პოზიციაში მყოფი კარგ ტაქტიკას მოძებნი და მას ბოლომდე მიიყვან".
გამბიტი უკვე ვნახეთ. ენდშპილიც მალე იქნება და საოცარი კარიერის განმავლობაში მოგებული ათასობით პარტიის მსგავსად, ლეგენდარულმა მოჭადრაკემ ეს საქმეც სათავისოდ უნდა დაასრულოს!"ისტორიული ფაქტები Netflix-მაც უნდა აღიაროს!“
საჭადრაკო ბაზებში არსებული საარქივო მასალების მოძიება/მიწოდებაში ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატებს საქართველოს ჭადრაკის ფედერაციაც აქტიურად ეხმარება. ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძესთან საუბარი სწორედ ამ საკითხით დავიწყეთ: - იურისტების თხოვნით, მოვიძიეთ საჭადრაკო პარტიები, რომლებიც მტკიცებულებებად გამოადგებათ. Netflix-ის წარმომადგენლები თავს იმით იმართლებენ, 1970 წლამდე მატჩებს ვგულისხმობდითო, ამიტომ ინფორმაცია 1960-იან წლებში გამართულ მატჩებზეც მოვძებნეთ. ბაზებში ყველაფერი არ არის შემონახული, ნონა გაფრინდაშვილს გაცილებით მეტი მატჩი აქვს გამართული, მაგრამ მონაცემები მაინც საკმარისადაა. თუნდაც საქართველოს 1963 წლის ვაჟთა ჩემპიონატის ცხრილი, სადაც კარგად ჩანს, რომ ნონამ ითამაშა რომან ჯინჯიხაშვილის, ბუხუტი გურგენიძის და სხვა მამაკაცების წინააღმდეგ. ქალბატონი ნონა ქართული ჭადრაკის ლეგენდა, ყველასთვის საყვარელი ადამიანია და ჭადრაკის ფედერაციაც, ისევე როგორც ნებისმიერი ქართველი, მოწადინებულია, რომ ეს ბრძოლაც მოიგოს! ნონას კალიფორნიაშიც წარმატებით უთამაშია მამაკაცთა ტურნირზე და სიმბოლურია, რომ დღეს, ათეულობით წლის შემდეგ, სიმართლის დასამტკიცებლად ისევ კალიფორნიაში იბრძვის.
ისტორიული ფაქტები Netflix-მაც უნდა აღიაროს. ტყუილად ხომ არ ვდაობთ?! ფაქტია, ნონა გაფრინდაშვილი წარმატებით თამაშობდა მამაკაცების წინააღმდეგ. რეჟისორს, სერიალის პროდიუსერებს სხვა რა გზა აქვთ, უნდა ამტკიცონ, რომ "ლაზიერის გამბიტი" მხატვრული ფილმია და არა ისტორიული, მაგრამ თუნდაც მხატვრული იყოს, როცა ფილმში ისტორიული პიროვნება შემოგყავს და მას ასახელებ, ყველა ფაქტი და რეგალია უნდა შეუნარჩუნო.
- როგორ გგონიათ, ფაქტების დამახინჯება შემთხვევით მოხდა თუ სპეციალურად?
- არ ვიცი, შემთხვევით მოუვიდათ, რეჟისორის ინტერპრეტაცია იყო თუ მთავარი გმირის კიდევ უფრო გამორჩეულად წარმოჩენის მცდელობა, მაგრამ სიმართლეს ვერანაირი მიზეზი ვერ შეცვლის.
- "ლაზიერის გამბიტის" შესახებ ნონა გაფრინდაშვილს ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში ველაპარაკე. გაოცებული იყო: სერიალის კონსულტანტი გარი კასპაროვი ყოფილა და მას ნამდვილად არ შეეძლო ასეთი შეცდომის დაშვებაო. თვითონ კასპაროვი რას ამბობს?
- საჭადრაკო სამყაროს არაერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის ანატოლი კარპოვმა, საჯაროდ დააფიქსირა პოზიცია და სიმართლის მხარეს დადგა. რაც შეეხება კასპაროვს, არა მგონია, ფაქტების დამახინჯება მის კონსულტაციას მოჰყოლოდა. სავარაუდოდ, საქმე გვაქვს რეჟისორის ინტერპრეტაციასთან ან თავისებურ ხედვასთან სერიალის მთავარი გმირის მნიშვნელობის გასაზრდელად. როგორც ჩანს, Netflix-ში ვერც წარმოედგინათ, რომ ამ "მცირე უზუსტობას" ამხელა გამოხმაურება და რეაქცია მოჰყვებოდა. არადა, ამერიკულ მხარესთან კომუნიკაცია ფილმის გამოსვლისთანავე შედგა - ქართული მხარე ბევრს არაფერს ითხოვდა: "შეცდომა" გასწორდეს და ბოდიში მოიხადეთო. უარის შემდეგ, ცხადია, საქმე სასამართლომდე მივიდა. სხვათა შორის, სერიალი ჯერ ახალი გადაღებული იყო, როცა ფილიპინელმა ჭადრაკის მოყვარულმა გამოაქვეყნა ნონას ძველი ფოტოები - აი, თუ არ თამაშობდა მამაკაცების წინააღმდეგო! ფილიპინელმა! და ხომ წარმოგიდგენიათ, ჩვენ რა რეაქცია გვექნებოდა?! იმედია, სარჩელი დაკმაყოფილდება, მაგრამ, მეორე მხრივ, მსოფლიო მასმედიაში უკვე იმდენჯერ ახსენეს საქართველო და ნონა გაფრინდაშვილი, რომ გარკვეულწილად, უკვე მივაღწიეთ გამარჯვებას, დავის მოგება კი ორმაგი გამარჯვება იქნება!