"განხეთქილება ლიეტუვასა და ჩინეთს შორის: რით დასრულდება ვილნიუსისა და პეკინის დაპირისპირება ტაივანის გამო?" - რას წერს გერმანული გამოცემა?
გერმანული სამაუწყებლო კომპანია "დოიჩე ველე" (Deutsche Welle) აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით - "განხეთქილება ლიეტუვასა და ჩინეთს შორის: რით დასრულდება ვილნიუსისა და პეკინის დაპირისპირება ტაივანის გამო?" (ავტორები - თომას ლაჩანი და ელინა გიუნკელი).
გთავაზობთ სტატიას მცირე შემოკლებით:
"ვილნიუსის ცენტრში, იაკუბ იასინსკის ქუჩაზე სხვებისაგან არაფრით გამორჩეული საოფისე შენობა დგას: ფასადის მიღმა განთავსებული არის: საადვოკატო კანტორები, კერძო კომპანიები, კონსალტინგური სამსახურები... არავინ არაფერს ამბობდა მანამდე, ვიდრე შენობაში ნოემბრის დასაწყისში ახალი არენდატორები არ შევიდნენ... აი, მაშინ დაიწყო, რაც დაიწყო... სიტუაციის გამწვავება გამოიწვია არა ოფისის თანამშრომლების ქცევამ, არამედ იმან, რომ შესასვლელში, კარზე, ასეთი აბრა გაჩნდა: "ტაივანის წარმომადგენლობა".
მძაფრი უკმაყოფილების წყარო პეკინში მდებარეობს, ვილნიუსიდან 6500 კმ-ის დაშორებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში...
მსოფლიოში ბევრი - არა, მაგრამ მაინც არიან ისეთი ქვეყნები, რომლებშიც კუნძულოვან ტაივანს (ჩინეთის რესპუბლიკას) თავისი წარმომადგენლობები აქვთ გახსნილი. ქვეყნები, რომლებმაც კუნძულს წარმომადგენლობების გახსნის უფლება მისცეს, ეკონომიკური თვალსაზრისით, ნაკლებად მნიშვნელოვანი არიან - მაგალითად, გვატემალა, მარშალის კუნძულები (წყნარ ოკეანეში), სენტ-ლუისი (კარიბის ზღვაში), აფრიკაში მდებარე ესვატინის (ყოფ. სვაზილენდის) სამეფო...
პეკინი ტაივანს თავის სეპარატისტულ პროვინციად თვლის და, აქედან გამომდინარე, უცხოეთის ქვეყნების მიერ კუნძულთან დამყარებულ დიპლომატიურ ურთიერთობებს "ერთი ჩინეთის" პრინციპისადმი უპატივცემულობად მიიჩნევს. სწორედ ამიტომაც მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობამ ბოლო წლებში უარი თქვა ტაივანთან დიპლომატიურ ურთიერთობაზე და პეკინთან კარგი დამოკიდებულება არჩია. მაგრამ ლიეტუვის ხელისუფლება "დინების საწინააღმდეგოდ" წავიდა და ტაივანს, პირველად ევროპაში (ბოლო 18 წლის განმავლობაში), ნება დართო, ვილნიუსში წარმომადგენლობა გაეხსნა.
მუდმივი უთანხმოება ჩინეთთან
ლიეტუვასა და ჩინეთს შორის უთანხმოება პირველად არ ხდება. 2020 წლის სექტემბერში ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრომ მოქალაქეებს მოუწოდა, რომ არ ეყიდათ ზოგიერთი პოპულარული მარკის ჩინური წარმოების მობილური ტელეფონები და თუ უკვე შეძენილი ჰქონდათ, გადაეყარათ. როგორც სამინისტრომ განმარტა, აპარატებს აქვთ ცენზურის ფუნქცია, რომელიც მწარმოებელს შეუძლია მისთვის სასურველ დროს გაააქტიუროს.
ლიეტუვამ 5G სტანდარტის ტელესაკომუნიკაციო ქსელის შექმნაც ჩინელების მონაწილეობის გარეშე განახორციელა. 2021 წლის დასაწყისში კი ლიეტუვა გავიდა ე.წ. 17+1 ფორმატიდან, რომელიც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ჩინეთთან ურთიერთობას ითვალისწინებდა.
პეკინში ვილნიუსის პოზიციის გამო გაკვირვებას და ბრაზს გამოხატავენ: "რის უფლებას აძლევს ეს ქვეყანა თავის თავს? - ასეთი კითხვა დასვა ნოემბრის ბოლოს გაზეთმა Global Times-მა, რომელიც ჩინეთის კომპარტიის ინგლისურენოვან რუპორად ითვლება. თანაც რედაქციამ ლიეტუვას ირონიით უწოდა "ისეთი ქვეყანა, რომლის მოსახლეობა პეკინის ერთი კვარტლის მცხოვრებლებზე ნაკლებია". უფრო მეტიც: "ლიეტუვა მხოლოდ ვირთხაა ან რწყილი, მებრძოლ სპილოებს რომ ფეხებში ებლანდება", - ნათქვამია პუბლიკაციაში.
ჩინეთის ზეწოლა ლიეტუვაზე
და მართლაც, ჩინურმა "სპილომ" ლიეტუველ "ვირთხას" საპასუხო დარტყმა მიაყენა. ახლახან, ნოემბრის ბოლოს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ ლიეტუვასთან დიპლომატიური ურთიერთობის დონე დასწია, ვილნიუსიდან თავისი ელჩი გაიწვია და მისი ლიეტუველი კოლეგა პეკინში "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა. დეკემბრის დასაწყისში კი ჩინეთმა ლიეტუვასთან ვაჭრობა სრულიად შეწყვიტა. გაზეთმა Global Times-მა აღნიშნა: "დროა ეს მომაბეზრებელი ბუზი ისე გავჭყლიტოთ, რომ თითები არ დავისვაროთ".
ბერლინის ფონდის - "მეცნიერება და პოლიტიკის" ექსპერტის, ოლაფ ლანგის შეფასებით, ჩინეთის სახელმწიფო მასმედიის ანტილიეტუვური ტონი ძალიან მკვეთრი იყო, მაგრამ ვილნიუსმა პეკინის რისხვა გადაიტანა. მართალია, ლიეტუვას ჩინეთიდან უფრო მეტი შეაქვს, ვიდრე - გააქვს (ანუ იმპორტი უფრო მეტია, ვიდრე ექსპორტი), ვერ ვიტყვით, რომ ამ ფაქტმა ლიეტუვის ეკონომიკას პრობლემები შეუქმნა", - აღნიშანავს ექსპერტი.
თავიანთი ქვეყნის ისტორიის გათვალისწინებით, ლიეტუველები კომუნისტურ რეჟიმებს განსაკუთრებით სკეპტიკურად უყურებენ. 1990 წელს მაშინდელმა ლიტვამ, პირველმა მოკავშირე რესპუბლიკებიდან, თავი სსრ კავშირისგან დამოუკიდებლად გამოაცხადა და ამ მოქმედებით შედარებით უფრო ძლიერი მოსკოვი "ბრძოლაში გამოიწვია". ოლაფ ლანგის თქმით, დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები - ამ ფასეულობებს ლიეტუვა აქტიურად იცავს.
ლიეტუვაში ავტორიტარული კომუნისტური რეჟიმების სიძულვილის ტენდენცია 2020 წლის შემოდგომაზე გაძლიერდა: იმ პერიოდში ქვეყნის ხელისუფლება შეიცვალა, რაც მეზობელ ბელარუსში დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული პროტესტების პიკს დაემთხვა. "ბევრ ლიეტუველს ბელარუსულმა მოვლენებმა საკუთარი თავისუფლებისათვის ბრძოლა გაახსენა", - ხაზს უსვამს ოლაფ ლანგი. ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ახალმა ლიბერალურ-კონსერვატიულმა მთავრობამ კოალიციურ შეთანხმებაში შემდეგი პუნქტი ჩადო: "ჩვენ აქტიურად გამოვდივართ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლებების დარღვევის წინააღმდეგ და დავიცავთ ყველას, ვინც მსოფლიოში თავისუფლებისათვის იბრძვის - ბელარუსიდან ტაივანამდე". მართლაცდა, ლიეტუვამ თავშესაფარი მისცა ბევრ ბელარუსელს, რომელიც რეჟიმის წინააღმდეგ იყო განწყობილი, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერს სვეტლანა ტიხანოვსკაიას, რომელიც ამჟამად ვილნიუსში ცხოვრობს.
რა თქმა უნდა, ვილნიუსში მდებარე ჩინეთის საელჩო პოლიტიკურ პროცესებს ყურადღებით აკვირდებოდა, აანალიზებდა და პეკინს უგზავნიდა. როგორ, ტაივანის დაცვა მოისურვესო? - ამის გამო, რასაკვირველია, ჩინეთის ხელისუფლებამ მკვეთრი უკმაყოფილება გამოხატა.
მხარდაჭერა ვაშინგტონიდან
რა თქმა უნდა, პატარა ლიეტუვა ჩინეთს ისე ვერ აუმხედრდებოდა, მხარდამჭერები რომ არ ჰყავდეს. ლიეტუვის პოლიტიკური უსაფრთხოების გარანტად ამერიკის შეერთებული შტატები გამოდის, მათ შორის ნატოს ჩარჩოებშიც. სხვა ევროპული ქვეყნებისაგან განსხვავებით. ლიეტუვა ამერიკისათვის ის "ლოიალური პარტნიორია, რომელიც, ერთი მხრივ, რუსეთის შეკავებას ცდილობს, მეორე მხრივ, ვაშინგტონს სიგნალს აძლევს - "ჩინეთთან მიმართებით მე და თქვენ ერთი მიმართულებით ვმოძრაობთ", - ამბობს ოლაფ ლანგი.
რა თქმა უნდა, როცა ზურგს უკან ასეთი მხარდაჭერა აქვს, ლიეტუვა, სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით, ჩინეთისადმი უფრო ხისტად არის განწყობილი: "ჩვენ არ გვჭირდება თქვენი ფორმატი "17+1", ჩვენ გვინდა "27+1", რომ ყველა ერთად პეკინის წინააღმდეგ გამოვიდეთ", - ეს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის - გაბრიელიუს ლანდსბერგისის სიტყვებია, მას მხედველობაში ჰყავდა ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა.
თავის მხრივ, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკაში - ჟოზეპ ბორელმა განაცხადა, რომ "ევროკავშირი მზად არის, პასუხი გასცეს პოლიტიკურ ზეწოლას და იძულების ყველა მცდელობას, რომელიც მისი რომელიმე წევრის წინააღმდეგ არის მიმართული".
როგორც ჩანს, ვილნიუსში, იაკუბ იასინსკის ქუჩაზე მდებარე ოფისში, "ტაივანის წარმომადგენლობის" აბრას ჯერჯერობით არავინ ჩამოხსნის. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ