"მიხეილ სააკაშვილი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ გაიყვანონ საქართველოდან სადმე სხვა კლინიკაში" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ გაიყვანონ საქართველოდან სადმე სხვა კლინიკაში"

"ქართული ოცნება“ ის ხელისუფლებაა, რომელიც უნდა აიძულო, ნებისმიერი ნაბიჯი გადადგას, უნდა აიძულოს ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ - ეს ორი კომპონენტი არის „ქართული ოცნების“ იძულების მექანიზმი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი“ განაცხადა, რითაც ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანის მიზნით, დიალოგის პროცესის დაწყების თაობაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივასა და შერიგებასთან მიმართებაში „ქართული ოცნების“ პოზიციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, იმისათვის, რომ ხელისუფლება იძულებული გახდეს გადადგას კონკრეტული ნაბიჯები, მნიშვნელოვანია საპროტესტო აქციების გაგრძელება.

"ჩვენ ვუყურებდით წლების წინ, როდესაც იგივე პოლიტიკური კრიზისი იდგა ქვეყანაში, იყო ძალიან დიდი საპროტესტო გამოსვლები, ამასთან ძალიან სერიოზული ზეწოლა საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან - როგორ გახდა ივანიშვილი იძულებული დაეხია უკან და საზოგადოებისთვის შეეთავაზებინა ის წინადადებები, რასაც ითხოვდა საზოგადოება. მართალია შემდეგ "გადააგდო“ საზოგადოება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც, მაგრამ იმ მომენტში ის გახდა იძულებული, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადაედგა, რადგან მიხვდა, რომ ეს პროტესტი არ შეჩერდებოდა.

სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ ახლა ჩვენ. არავის ეხალისება 24 საათის განმავლობაში ქუჩაში დგომა და პროტესტის გამოხატვა, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ეს არის ის ერთადერთი სასაუბრო ენა „ქართულ ოცნებასთან,“ რომელიც ივანიშვილმა დაგვიტოვა. პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა აქვთ და რასაც უნდათ იმას აკეთებენ, როგორც უნდათ ისე ცვლიან კანონებს და ახლა საერთოდ საუბრობენ იმაზე, რომ ის საკონსტიტუციო ცვლილებები, რაზეც შეთანხმებული ვიყავით, შეიძლება აღარ მიიღონ. როდესაც სამართლებრივი ბერკეტები აღარ გრჩება, ერთადერთი გრჩება ქუჩა და ქუჩის პროტესტი. ამავე დროს ძალიან მჭიდრო კონტაქტები საერთაშორისო მეგობრებთან. როდესაც ვთქვით, რომ აქციები იქნება პერმანენტული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პერმანენტული აქციები მუდმივად უნდა იყოს რუსთაველის გამზირზე. ჩვენ ვხედავდით, რომ სხვადასხვა ქალაქებში მიმდინარეობდა აქციები, სხვადასხვა საკრებულოებთან რა ხდებოდა. თბილისშიც აქტივობები იქნება, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება ფართომასშტაბიანი აქცია თუ შედარებით ლოკალური აქცია. პროტესტი იქნება მუდმივად, პერმანენტული და ეს გაგრძელდება, ვიდრე არ მივალთ საბოლოო მიზნამდე. ჩვენთვის, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ორი მთავარი პრიორიტეტია, - ეს არის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

უდუმაშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებითაც და გამოეხმაურა ცენტრ „ემპათიის“ წარმომადგენლის განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს სპეციალური რეაბილიტაცია ესაჭიროება, რომლისთვისაც შესაბამისი სივრცე და კლინიკა საქართველში არ არსებობს, ზაალ უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, კონკრეტული მედიკამენტების მიღების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

მისივე თქმით, ეს მოხდა სწორედ სასამართლო სხდომების შემდეგ, რადგან ბოლო სასამართლო პროცესზე, მიხეილ სააკაშვილმა მისვლა ვეღარ შეძლო.

უდუმაშვილის თქმითვე, ერთია ექიმების შეფასება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით და მეორე, - რამდენად დათანხმდება მიხეილ სააკაშვილი საქართველოდან გასვლას. მისივე ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი მისი ქვეყნიდან გაყვანის წინააღმდეგია.

"ჩვენც ძირითადად ინფორმაციას ვიღებთ ექიმებისგან. რამდენადაც ვიცი, სწორედ ამ სასამართლო პროცესების შემდგომ დაიწყო სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესება. შესაძლოა ამ პრეპარატებმა გავლენა იქონიეს შემდგომ პროცესში, რადგან ბოლო სასამართლო პროცესზე ფიზიკურად ვეღარ შეძლო მისვლა და ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო ცუდი არის. ბუნებრივია, ჩვენი მთავარი ინფორმაციის წყარო არიან მედიკოსები. სავარაუდოდ, დღეს გამოქვეყნდება ცენტრ "ემპათიის“ დასკვნა, სადაც აღწერილი იქნება მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მისი გლდანის ციხეში გადაყვანიდან, უკანასკნელად, როდესაც აღმოჩენილ იქნა მიხეილ სააკაშვილის მიერ ამ პრეპარატების მიღება. ასევე, უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა და ბუნებრივია, ეს იქნება როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის მთავარი დასაყრდენი. ერთი არის ექიმების განცხადება და მეორე, მიხეილ სააკაშვილის პირადი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ. პარტიას, რაც არ უნდა გვინდოდეს, ეს თავად მიხეილ სააკაშვილს ეხება და მისი გადასაწყვეტია. რა ინფორმაციაც მაქვს, ის კატეგორიულად წინააღმდეგია, რომ გადაიყვანონ სადმე კლინიკაში საქართველოდან“, - აღნიშნა უდუმაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"