"პუტინის პროპაგანდა ისეთი ანკესია, რომელსაც ხშირად ეგებიან მემარცხენე დასავლელი კომენტატორები. ის სარგებლობს ცნობილი რეფრენით..." - რას წერს ბრიტანული გამოცემა? - კვირის პალიტრა

"პუტინის პროპაგანდა ისეთი ანკესია, რომელსაც ხშირად ეგებიან მემარცხენე დასავლელი კომენტატორები. ის სარგებლობს ცნობილი რეფრენით..." - რას წერს ბრიტანული გამოცემა?

ბრიტანული "დეილი ტელეგრაფის" (The Daily Telegraph) დღევანდელ ნომერში გამოქვეყნებლია სტატია სათაურით - "პუტინის მემარცხენე აპოლოგეტები მისი "კაგებეშნიკური" ტაქტიკის ტყვეობაში არიან" (ავტორი - ლიამ ფოქსი, თავდაცვის ექსმინისტრი).

პუბლიკაციის ავტორი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ექსმინისტრი ლიამ ფოქსი წერს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ფსიქოლოგიური მეთოდებით მანიპულირებს, რომლებიც რეფლექსური მართვის სფეროს განეკუთვნება. ასეთი მეთოდები საბჭოთა პერიოდში "კაგებეს" აკადემიაში ისწავლებოდა.

"ვლადიმერ პუტინის ბანდიტური რეჟიმი ისევ იარაღს აჟღარუნებს და აღმოსავლეთ ევროპაში მშვიდობასა და უსაფრთხოებას ემუქრება. რუსეთის პრეზიდენტს 2014 წელს უკრაინაში უკანონოდ შეჭრა და ყირიმის ანექსია არ ჰყოფნის. პუტინი აგრძელებს სუვერენული საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასაც. ახლა მას სურს, რომ დიდ თამაშში უკრაინელი ხალხი პაიკებად გამოიყენოს", - აღნიშნავს ყოფილი მინისტრი.

"ვლადიმერ პუტინის პროპაგანდა ისეთი ანკესია, რომელსაც ხშირად ეგებიან ხოლმე მემარცხენე დასავლელი კომენტატორები. პუტინი სარგებლობს ერთი ცნობილი რეფრენით - "რუსულენოვანი მოქალაქე", რომელსაც ფართო განსაზღვრება აქვს და ხიფათით ემუქრება როგორც კავკასიას, ასევე - უკრაინას, ბალტიისპირეთის ქვეყნებს. პრეზიდენტ პუტინის აზრით, "რუსულენოვანი მოქალაქე" სწორედ რუსეთმა უნდა დაიცვას.

ლიან ფოქსი აღნიშნავს, რომ უკრაინის მიმართ ვლადიმერ პუტინი სარგებლობს არგუმენტით - "რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა", მაგრამ თავისებურად, ტერმინის არსის შეცვლით. მისი გაგებით, რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებები იმ ქვეყნის კანონებით კი არა უნდა იყოს დაცული, სადაც ისინი ცხოვრობენ, არამედ - რუსეთის მიერ შეგზავნილი ინტერვენტებით.

"ყველაფერი, რასაც ჩვენ ბოლო დროს ვხედავთ, "კაგებეს" სახელმძღვანელოების სცენარით მიმდინარეობს და რეფლექსური კონტროლის კონცეფციიდან გამომდინარეობს. ეს დოქტრინა გამოიხატება ინფორმაციის ღრმა შერჩევაში და მიმართულია ოპონენტის მიერ იძულებით ისეთი გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ჰგონია, თითქოსდა, მისთვის სასარგებლოა, სინამდვილეში კი - რუსეთისთვისაა ხელსაყრელი", - წერს ყოფილი მინისტრი.

"რუს ჩინოვნიკებსა და სპეცსამსახურების თანამშრომლებში ეს კონცეფცია ფართოდ არის გავრცელებული და საკვანძო ელემენტად რჩება ჰიბრიდული ომის პირობებში", - თვლის ავტორი. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ