ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულს, შსს-ს ყოფილ თანამშრომელს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა - კვირის პალიტრა

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბრალდებულს, შსს-ს ყოფილ თანამშრომელს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჯარისკაცების მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულს, შსს-ს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელს, დიმიტრი დევდარიანს, 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავდნენ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბრალდებულის ადვოკატმა დავით ჭიკაიძემ განუცხადა, ნაფიცმა მსაჯულებმა დიმიტრი დევდარიანი ჯარისკაცების ფიზიკური შეურაცხყოფის ნაწილში გაამართლეს, ხოლო იატაკის მოხეხვის ნაწილში გაამტყუნეს. ადვოკატის თქმით, დიმიტრი დევდარიანი ვერდიქტს არ ეთანხმება, ვინაიდან თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„დიმიტრი დევდარიანს ბრალი წარდგენილი ჰქონდა ორი მუხლით: 333-ე და 143-ის ტერცია. 333-ე მუხლის ერთ ნაწილში, ცემის, ხელის დარტყმის ეპიზოდში გამართლდა და იატაკის მოხეხვის ნაწილში - 14 მარტისა და 25 მაისის ეპიზოდში გამტყუნდა, ასეთი ვერდიქტი მიიღეს ნაფიცებმა.

სასჯელის განსაზღვრაც მსაჯულებს მივანდეთ, რომლებმაც მოსამართლეს რეკომენდაცია გაუწიეს, რომ სასჯელი შემცირებულიყო და ისიც გუშინ გამოეტანა. საერთო ჯამში დევდარიანს 5 წლიანი პატიმრობა მიესაჯა“, - განაცხადა დავით ჭიკაიძემ.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელს, გიორგი ბიჩელაშვილს, მისი საქმის არსებითი განხილვა გრძელდება.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში მყოფი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი დააკავა.

ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს ცვლის უფროსებმა გადაამეტეს სამსახურებრივ უფლებამოსილებას, სხვა ჯარისკაცების თანდასწრებით, ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ გამოიყენეს კანონით აკრძალული დასჯის მეთოდები, რომლითაც შელახეს მათი პირადი ღირსება, არსებითად დაარღვიეს მათი უფლებები, მიაყენეს მორალური და ფიზიკური ტკივილი და დააზიანეს სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

"ინტერპრესნიუსი"