"გახარიას ე.წ. დაკარგვასთან დაკავშირებული მოსაზრებები, უადგილოა... რადიკალური მეთოდები და ინსტიტუციებში შევარდნა ჩვენი სტილი არ არის"
თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში არჩეულმა საკრებულოებმა უფლებამოსილებები გადაიბირეს, თუმცა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში დაძაბული ვითარებაა - უმრავლესობა არცერთი პარტიის ხელთ არაა, მნიშვნელოვან საკითხებზე შეთანხმება კი ვერ ხერხდება.
პარტია "საქართველოსთვის“ ერთ-ერთ ლიდერთან, ნათია მეზვრიშვილთან ამ თემის გარდა, სხვა აქტუალურ საკითხებზეც ვისაუბრეთ, მათ შორის ექსპრემიერ გიორგი გახარიას პოლიტიკური ველიდან გაუჩინარებაზე.
- დღეს ერთ-ერთი სასაუბრო თემა თქვენი პარტიის ლიდერის პასიურობას უკავშირდება. აქტიური პროცესების მიუხედავად, დიდი ხანია გიორგი გახარიას შეფასება არაფერზე მოგვისმენია...
- გააჩნია, აქტიურობაში ვინ რას გულისხმობს. პარტიაში პროცესები ჩვეულებრივ მიმდინარეობს - უშუალოდ ვართ ჩართულები მოსახლეობის საჭიროებების გაგებასა და შეძლებისდაგვარად მოგვარებაში. გახარიას ე.წ. დაკარგვასთან დაკავშირებული მოსაზრებები, უადგილოა - თუკი ის მედიასთან კომენტარს არ აკეთებს, ეს არ ნიშნავს, რომ ყოველდღიური საქმით არ არის დაკავებული. ჩვენ პარტიას თავისი დღის წესრიგი აქვს, შესაბამის გეგმას მიჰყვება და აქტიურობებშიც თანმიმდევრულია.
- არჩევნებიდან მალევე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ გიორგი გახარიამ საკუთარი მიზანი შეასრულა და ახლა გაუჩინარდებაო. მეორე მხრივ, იყო ბრალდებები თქვენს "ივანიშვილის პროექტობასთან“ დაკავშირებით. როგორც ფიქრობთ, ამ ე.წ.გაუჩინარებამ უფრო მეტი საფუძველი ხომ არ შექმნა ამგვარი ვარაუდებისთვის?
- კობახიძემ უამრავი რამ თქვა და დაგვაბრალა, თუმცა მისი ნათქვამი ნათქვამად დარჩა. არ მგონია, რომ ის ბრალდება, რომ ჩვენ ვიღაცის პროექტი ვართ, მოსახლეობამ არ დაიჯერა და ამას ჩვენი პარტიის მიმართ გამოხატული მხარდაჭერაც ადასტურებს.
- ექსპერტები თანხმდებიან, რომ არჩევნების წინ სააკაშვილის ჩამოსვლამ თქვენი პარტიის რეიტინგი ნაწილობრივ შეამცირა, რადგან ერთგვარად ისევ ორპოლუსიანობა მივიღეთ და თქვენი მხარდამჭერების გარკვეული ნაწილი კვლავ "ქართულ ოცნებას“ დაუბრუნდა. იმ ფონზე, როცა საინფორმაციო ველი ახლაც დიდწილად სააკაშვილის ირგვლივ ტრიალებს, ხომ არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, თქვენი რეიტინგი კიდევ უფრო დასუსტდეს, მითუმეტეს მაშინ, როცა თქვენი ლიდერი გიორგი გახარია ნაკლებად აქტიურია...
- მიუხედავად უარავი ზეწოლისა და მუქარის ფაქტისა, ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებული სხვადასხვა მეთოდისა, ამომრჩევლებმა მხარი მაინც დაგვჭირეს. ჩვენ კომუნიკაცია გვაქვს და ვიცით, ჩვენი თანამოქალაქეები რასაც ფიქრობენ, რა აწუხებთ... პარტია "საქართველოსთვის“ გუნდურობა მნიშვნელოვანია - პოლიტიკური გაერთიანება მხოლოდ ერთი ადამიანი, მათ შორის ლიდერი, არაა. ჩვენი ღირებულებები თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანია. გააგრძელეთ კითხვა