ევროპაში ბირთვულქობინიანი რაკეტების დაბრუნება მეორე "ცივ ომს" "გაალღობს"... - კვირის პალიტრა

ევროპაში ბირთვულქობინიანი რაკეტების დაბრუნება მეორე "ცივ ომს" "გაალღობს"...

მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან მალევე, 1946 წელს დაწყებული პირველი "ცივი ომის" დროს მსოფლიო რამდენჯერმე დადგა ახალი, ამჯერად ბირთვული ომის დაწყების ზღურბლზე, მათ შორის - ბერლინის კედლის აგებისა თუ "კარიბის კრიზისის" მომენტში.

პირველი "ცივი ომის" პერიოდში დაპირისპირების დონის მნიშვნელოვანი შემცირება მოხდა 1987 წელს, როდესაც ვაშინგტონში 8 დეკემბერს აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის პრეზიდენტებმა - რონალდ რეიგანმა და მიხეილ გორბაჩოვმა ხელი მოაწერეს "საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის" ხელშეკრულებას.

ეს ხელშეკრულება 1988 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა და სამ წელში,1991 წლის ივნისამდე, საბჭოთა კავშირმა გაანადგურა 1 846, ხოლო აშშ-მა კი - 846 ერთეული საშუალო (1 000-დან 5 500 კმ) და მცირე (500-დან 1 000 კმ) სიშორის მოქმედების რაკეტა.

თუკი ამერიკელებს მოუწიათ, ევროპიდან საერთოდ გაეტანათ და გაენადგურებინათ "პერშინგ-2"-ის ტიპის ყველა ბალისტიკური და სახმელეთო სტარტის - "ტომაჰავკის" ტიპის ფრთოსანი რაკეტა, საბჭოთა მხრიდან ლიკვიდირებული რაკეტების უმეტესობა ჩვენი თანამემამულის, ალექსანდრე ნადირაძის შექმნილი მობილური "პიონერები" იყო.

ხელშეკრულების თანახმად, ლიკვიდირებული საბჭოთა მცირე სიშორის რაკეტების რიცხვში აღმოჩნდა საქართველოში, საგარეჯოს რაიონის გომბორის დასახლებაში დისლოცირებული, ასევე, ალექსანდრე ნადირაძის მიერ კონსტრუირებული "ტემპ-ს" ტიპის მობილური სარაკეტო კომპლექსების პოლკიც, რომელიც ჯერ კიდევ 1984 წელს გომბორიდან სასწრაფოდ გადაისროლეს აღმოსავლეთ გერმანიაში.

30 წელი შესრულდა, რაც ევროპას აღარ ემუქრება საშუალო და მცირე რადიუსის ბირთვულქობინიანი რაკეტების საფრთხე, თუმცა გუშინ რუსეთის ფედერაციის მაღალმა ოფიციალურმა პირმა ევროპელებს არცთუ ძალზე სასიამოვნო პერსპექტივა "გაუმხილა".

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, სერგეი რიაბკოვის განცხადებით, რუსეთი, ნატო-ს გეგმების საპასუხოდ, შესაძლოა იძულებული გახდეს, ევროპაში საშუალო რადიუსის ბირთვული რაკეტები განათავსოს.

რა ხდება?

2019 წელს მაშინდელმა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკული მხარე ოფიციალურად გამოიყვანა "საშუალო და მცირე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის" ხელშეკრულებიდან, რის მთავარ მიზეზადაც დასახელდა, რომ რუსეთმა ფარულად შექმნა და გამოსცადა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსის - "ისკანდერის" ახალი აერობალისტიკური რაკეტა, რომლის ფრენის სიშორე აღემატებოდა 500 კმ-ს და შესაბამისად არღვევდა ზემოხსენებული ხელშეკრულების პარამეტრებს.

ამერიკული დაზვერვის ინფორმაცია რეალობას შეესაბამებოდა, რაც დადასტურდა მას შემდეგ, როდესაც რუსეთმა მართლაც გამოსცადა 500 კმ-ზე შორს მფრენი "ისკანდერის" ახალი რაკეტები, მაგრამ აშშ-ის ამ ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის შემდეგ კრემლს ხელ-ფეხი გაეხსნა ევროპისკენ ახალი საშუალო სიშორის რაკეტების დასამიზნებლად.

მართალია, საბედნიეროდ, აღარ არსებობს ვარშავის ხელშეკრულება და აღარც ის საბჭოთა კავშირი, რომელიც დასავლეთ გერმანიამდე აკონტროლებდა ევროპის აღმოსავლეთ ნაწილს პოლონეთის, უნგრეთის, რუმინეთის, ჩეხოსლოვაკიისა თუ ბულგარეთის ჩათვლით, მაგრამ დღევანდელ რუსეთს ანკლავის სახით დარჩა კალინინგრადის ოლქი, საიდანაც სტარტაღებულ, საშუალო სიშორის ბირთვულქობინიან რაკეტებს ნატოს წევრი თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის დედაქალაქამდე მიღწევა შეეძლებათ...

ამიტომაც მსოფლიო უსაფრთხოებისთვის ძალიან მტკივნეული იქნება, თუკი ევროპაში ბირთვულქობინიანი რაკეტები დაბრუნდება.

ნატოს ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ის არ აპირებს საშუალო სიშორის ბირთვულქობინიანი რაკეტების ხელახლა განთავსებას ევროპაში, მაგრამ მოსკოვი ამას არ იჯერებს და ახალ არგუმენტს აყენებს - რუმინეთში განთავსებული ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა მართალია, "სტანდარდის" ტიპის რაკეტებით ბალისტიკური სამიზნეების ჩამოსაგდებადაა განკუთვნილი, მაგრამ უნივერსალური ვერტიკალური სარაკეტო გამშვები კონტეინერებიდან სტარტის აღება ანტისარაკეტო "სტანდარდების" გარდა "ტომაჰავკის" ბირთვულქობინიან ფრთოსან რაკეტებსაც შეუძლიათ, რასაც კრემლი რუსეთისთვის დიდ საფრთხედ მიიჩნევს.

ევროპაში ბირთვულქობინიანი რაკეტების სასტარტო პოზიციების დაბრუნება უკვე დაწყებულ მეორე "ცივ ომს" "კრიტიკულ ტემპერატურას" მნიშვნელოვნად მოუმატებს...