"სააკაშვილი დიდი ხანია აღარ არის პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოში პირობებს კარნახობს ვინმეს" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილი დიდი ხანია აღარ არის პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოში პირობებს კარნახობს ვინმეს"

დიალოგისთვის და ინკლუზიური პროცესისთვის კარგი შესაძლებლობაა პარლამენტში - სააკაშვილი დიდი ხანია აღარ არის პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოში პირობებს კარნახობს ვინმეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

ამასთან, თალაკვაძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის განცხადება ინკლუზიური პროცესის და დიალოგის დაწყებაზე თანმიმდევრულია.

„პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოველთვის მხარს უჭერდა დიალოგს, მას კონკრეტული წვლილი აქვს შეტანილი პოლიტიკურ მოლაპარაკებებში. ამიტომ, რასაც ის ამბობს, არის თანმიმდევრული, მისი განცხადებებიც დემოკრატიის ფორუმზე იყო სახელმწიფო ინტერესებზე ორიენტირებული და დაბალანსებული. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილს, ის უკვე დიდი ხანია აღარ არის პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოში პირობებს კარნახობს ვინმეს და სიტყვები, როცა ის ამბობს შერიგებას ან შეთანხმებას, უნდა გავიგოთ ერთადერთი მიზნით ნათქვამი, რომ როგორმე ხელიდან დაუსხლტეს მართლმსაჯულებას. "ქართული ოცნება" მუშაობს იმ საკითხებზე, რაც აინტერესებს საზოგადოებას და ეს არ არის სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, არც ის, დილით რას მიირთმევს.

დიალოგისთვის და ინკლუზიური პროცესისთვის დღეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, 9 პოლიტიკური პარტიაა პარლამენტში, ისინი უნდა მობრძანდნენ და რისთვისაც ხელფასებს იღებენ მოქალაქეების გადასახადებიდან, უნდა დაიკავონ და იმუშაონ. პარლამენტი არის ადგილი ნებისმიერი პოლიტიკური საკითხის განხილვისთვის, როცა ადამიანებს არ უნდათ საპარლამენტო პროცესში ჩართვა და ახსენებენ სიტყვა შერიგებას, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან ეს არის ფარისევლობა. რაც შეეხება სააკაშვილს ის აღარ არის პოლიტიკოსი როცა პირობებს კარნახობს ვინმეს, პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივა კი არის თანმიმდევრული, რადგან ის ადრეც უჭერდა მხარს დიალოგს და დღესაც, როგორც ზეპარტიული პოლიტიკური ლიდერი,"- განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი და ზოგიერთი ლიდერი საკუთარ პარტიას განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს.

"ევროპაში და ეს ევროპული პოლიტიკური პოლიტიკის ნაწილია, რომ როცა პოლიტიკოსები ჩადიან დანაშაულს და არღვევენ კანონს, მათ მორალური უფლება არ აქვთ პოლიტიკაში დარჩენის და სწორედ ამაზე საუბრობდა ირაკლი კობახიძე. სააკაშვილი და რამდენიმე დამნაშავე ლიდერი, ხელს უშლის საკუთარ პარტიას შემდგომი საქმიანობის, პროცესის წარმართვისთვის. დღესაც ჩანს, თუ რა ხდება "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით, რომ ის მემკვიდრეობა და წარსული, წარსულზე პასუხისმგებელი პირები არ აძლევენ საშუალებას ამ პოლიტიკურ პარტიას, რომ პარლამენტში იმუშაოს ნორმალურად. არამხოლოდ საკუთარ პარტიას, სხვა ოპოზიციურ პარტიებსაც 7 თვის განმავლობაში ზეწოლის ქვეშ ამყოფებდნენ. ამაზე საუბრობდა ირაკლი კობახიძე,"- განაცხადა თალაკვაძემ.