"მელიამ რატომ დაუკავშირა საპროტესტო აქცია სააკაშვილის დაბადების დღეს? ალბათ იმიტომ, რომ..." - კვირის პალიტრა

"მელიამ რატომ დაუკავშირა საპროტესტო აქცია სააკაშვილის დაბადების დღეს? ალბათ იმიტომ, რომ..."

21 დეკემბერს, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაანონსებულ აქციას მმართველი გუნდის ლიდერები, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის დაბადების დღეს უკავშირებენ და აცხადებენ, რომ "ნაციონალი" ლიდერები "კვლავ პიროვნული კულტის ქვეშ არიან". თავის მხრივ, "ნაციონალები" პირიქით ირწმუნებიან - რომ "პიროვნული კულტის ქვეშ" სწორედ "ქართული ოცნების" ლიდერები არიან და ოპონენტებს იმ დღეს ახსენებენ, როდესაც პრემიერმა ღარიბაშვილმა სააკაშვილის დაჭერა, პირადად ბიძინა ივანიშვილს მიულოცა. ოპოზიცონერი ლიდერების თქმით, მათ დარჩათ შთაბეჭდილება, რომ ღარიბაშვილმა ივანიშვილს სააკაშვილის თავი მიართვა. პიროვნების კულტზე, პოლიტიკურ აქტორებზე და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე ფსიქოლოგი და ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში - რამაზ საყვარელიძე გვესაუბრება.

რამაზ საყვარელიძე:

- ადამიანებს სიმბოლოები უყვართ. როგორც კი გამოჩნდება შანსი იმისა, რომ ესა თუ ის მოვლენა მნიშვნელოვან თარიღს დაუკავშირონ, ხელიდან არ უშვებენ. რაც შეეხება, 21 დეკემბერს ანუ სააკაშვილისა და მელიას დაბადების დღეზე დაანონსებულ საპროტესტო აქციას, შეგახსენებთ, რომ მსგავსი რამ ზვიად გამსახურდიამაც გააკეთა, 9 აპრილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა და ამ უმძიმეს დღეს პოზიტიური მიმართულება მისცა. მელიამ რატომ დაუკავშირა საპროტესტო აქცია სააკაშვილის დაბადების დღეს? ალბათ იმიტომ, რომ იმედი აქვს, ექსპრეზიდენტის დაბადების დღის გამო, აქციაზე უფრო მეტი ადამიანი გამოვა.

- პიროვნების კულტისადმი მიდრეკილებით ხომ არ აიხსნება ის ფაქტი, რომ ყველაზე დიდი მხარდაჭერა სწორედ იმ პოლიტიკურ პარტიებს - "ნაციონალურ მოძრაობას" და "ქართულ ოცნებას" აქვთ, რომლებთანაც მთავარი აქტორები - სააკაშვილი და ივანიშვილი ასოცირდებიან?

- ნამდვილა ასეა, თუმცა ასეთი მიდგომა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის არ არის დამახასიათებელი. ისეთი აქტორების გარშემო, როგორებიც არიან ივანიშვილი და სააკაშვილი, ყოველთვის იქმნება მიზიდულობის ცენტრი. ბოლო დროს, ჩვენთან ხშირად ამბობენ - ლიდერი არ გვინდაო. გამორიცხულია ასეთი რამ, მაიმუნებსაც კი ჰყავთ თავიანთი ლიდერი. რა თქმა უნდა, გადაჭარბება ყველაფერში ცუდია, მაგრამ პოლიტიკური ცხოვრება ლიდერების გარეშე წარმოუდგენელია. ფსიქოლოგიის ყველაზე საკრარული თემა სწორედ ლიდერის ფსიქოლოგიაა.

- დღეს ყველაზე აქტუალური თემა, ეროვნული თუ სამოქალაქო შერიგებაა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, შესაძლებელია შერიგება ორი მთავარი აქტორის - სააკაშვილისა და ივანიშვილის გარეშე?

- შერიგების ინიციატივა არსებითად "ნაციონალების" მხრიდან მოდის. ამ იდეის პირველი გამხმოვანებელი გიორგი მარგველაშვილი იყო, რომელმაც გუშინ თუ გუშინწინ ისიც თქვა - სააკაშვილმა გაიმარჯვაო. მოკლედ, შერიგების იდეა "ნაციონალებს" ეკუთვნით. მმართველი გუნდიდან არც ერთი ლიდერი არ ამბობს - არიქა, შერიგება აუცილებელიაო.

- შეგახსნებთ, რომ სულ ახლახან, სალომე ზურაბიშვილმა დემოკრატიის სამიტზე გააკეთა განცხადება, სწორედ შერიგების აუცილებლობასთან დაკავშირებით.

- კი, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი „ქართულ ოცნებას“ არ წარმოადგენს.

- თუმცა სწორედ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით გახდა პრეზიდენტი.

- დიახ, მაგრამ ბოლო დროს ხშირად უსვამს ხაზს იმას, რომ მისი შეხედულებები ხშირად ემთხვევა "ქართული ოცნების“ პოზიციებს. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილის მოწოდება შერიგებისკენ იმას არ ნიშნავს, რომ „ოცნება“ მზად არის "ნაციონალებთან" შესარიგებლად.

- სხვათა შორის, ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, ზურაბიშვილმა შერიგებასთან დაკავშრიებული განცხადება "გარე მოხმარებისთვის", ანუ ბაიდენისთვის თავის მოსაწონებლად გააკეთა და რეალურად, არც ის აპირებს ინკლუზიური პროცესის წამოწყებას.

- ზურაბიშვილმა აქცენტი გააკეთა, რომ ის ყველაფერს მოიმოქმედებს, რათა მხარეებს შორის საერთო ენა იპოვოს, მაგრამ თქვენი თქმის არ იყოს, მგონია, მისი განცხადება სწორედ გარე მოხმარებისთვის იყო განკუთვნილი. ანუ თავად ზურაბიშვილის, როგორც ამ პროცესის წამყვანზეა აქცენტი გაკეთებული და არა იმაზე, რომ შერიგება აუცილებელია.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, არ არის შერიგება აუცილებელი?

- არა, არ არის აუცილებელი.

- მაშინ როდემდე იყოს უნდა ქვეყანაში მთავარი თემა „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქართული ოცნების“ დაპირისპირება და როდემდე არ უნდა კეთდებოდეს მთავარი აქცენტი, ქვეყნისთვის რეალურად საჭირ-ბოროტო საკითხებზე?

- პოლიტიკა დაპირისპირებების გარეშე ძნელი წარმოსადგენია. ბაიდენსა და ტრამპს შორისაც ხომ იყო დაპირისპირება?

- დიახ, მაგრამ იქ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც მიმდინარეობდა მუშაობა და დაპირისპირება ერთადერთ მთავარ თემად არ იყო ქცეული.

- ეს ჩვენი პოლიტიკური თემატიკის სიმწირის ბრალია და არა იმის, რომ პოლიტიკური ლიდერები ერთმანეთთან დაპირისპირებაში არიან. ჩვენთან დაპირისპირების გარდა, სხვა არაფერზე საუბრობენ, ამერიკელ პოლიტიკოსებს კი ერთმანეთთან დაპირისპირება მუშაობაში ხელს არ უშლის.

- იქმნება შთაბეჭდილება, რომ დაპირისპირება მხოლოდ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კი არა, მმართველი გუნდის ლიდერებს შორისაც გაღრმავდა. ზოგიერთი ვერსიის მიხედვით, ეკატერინე ტიკარაძის მინისტრის პორტფელიც ამ დაპირისპირებას შეეწირა.

- დიახ, მეც ვფიქრობ, დაპირისპირებაა როგორც მმართველ გუნდში, ასევე ოპოზიციაში. ზოგადად, 2021 წელი ქვეყანის პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ასეთი წლის გადაგორებას, პარტიებში ყოველთვის მოჰყვება აზრთა სხვადასხვაობა, დაპირისპირება, გადახალისება - სტრუქტურასა და სტრატეგიაში. ამიტომ არ მიკვირს, რომ „ქართულ ოცნებაში“, „ნაციონალურ მოძრაობაში“, ასევე სხვა პატარ-პატარა პარტიებში პოლიტიკური დუღილი გრძელდება. პოლიტიკური დუღილი ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პარტიები ახალ ეტაპზე გადასასვლელად ემზადებიან.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)