ისტორიული სპირალი ანუ ისტორიას ვიმეორებთ - კვირის პალიტრა

ისტორიული სპირალი ანუ ისტორიას ვიმეორებთ

ყველას გაგვიგია ან გვითქვამს ფრაზა - "ისტორია მეორდება", იქვე უამრავ ასეთ ისტორიულ მაგალითს მოვიყვანთ, რომელიც ამ მტკიცებულებას ადასტურებს.

კი ასეა და ამის მიზეზად, ყოველ დროსა და ეპოქაში მიმაჩნია წარსულის პოზიციაზე პროეცირებული მსოფლმხედველობა, რომელიც ქმნის მომავალს, მხოლოდ წარსულის გათვალისწინებით და არასოდეს უშვებს პერსპექტივას - მომავლიდან!

მოცემულობაში, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ციხეშია, შიმშილობით გარდაცვალების ძალიან დიდი ალბათობის წინაშე იდგა და ახლაც არ არის მისი სიცოცხლის მოსპობის რისკი სრულად მინავლებული, უნებურად ფიქრდები იმ ისტორიულ პერსპექტივაზე, რომელიც უახლოესი ან შორეული მომავლიდან სჩანს. ყველა ის ადამიანი, რომელიც ასეთი პერსპექტივით შეხედავს ჩვენს დღევადნელობას, ისტორიის სპირალის ახალ ფაზას დაინახავდა და სხვას ვერაფერს ისეთს განსაკუთრებულს, რომელიც ამ ეპოქას გამოარჩევდა, ვთქვათ ილიას მკვლელობის ეპოქისგან! ჩემი სუბიექტური აზრით არ არის გადაჭარბებული ეს მტკიცებულება! ზოგადად, არამარტო ქართველებს მაგრამ ქართველებს განსაკუთრებით გამოხატული გვაქვს გაფორმალებული და აღიარებული ლიდერის "ხელშეუხებლობა", მათთან ვისიმეს გათანაბრების ტაბუ! ან თუნდაც ეპოქალური მასშტაბის პიროვნების განცდის უნიკალური შესაძლებლობის შეუმჩნევლობა, რომელსაც, ჩემი სუბიექტური აზრით, სწორედ პირველი მტკიცებულება ბლოკავს და არაფრისდიდებით გვაშვებინეს ჩვენს გვერდით, ისტორიული მნიშვნელობის პიროვნების არსებობას და მით უმეტეს საკუთარ როლს ამ ისტორიაში!

რეალობას რომ ცოტათი უფრო მეტი პრაგმატიზმითა და ცოტაოდენი მომავლის პერსპექტივით შევხედოთ, ალბათ აღმოვაჩენთ, რომ ახლა გვაქვს ის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც თავს დაგვაღწევინებდა ჩვენი ერისა და სახელმწიფოს ამ ისტორიული სპირალისგან, რომლის ყოველი ეტაპის გავლის შემდეგ, ეროვნულ თვითმყოფადობის ნაწილს, კულტურულ ფაქტორებსა და ქვეყნის ტერიტორიებს გვაკარგვინებდა! ახლაც, არაფერს განსაკუთრებულს არ ჩავდივართ და საკუთარი ხელით ვუსწორდებით ადამიანს (სხვათაშორის მტრული ქვეყნის პრეზიდენტის დაპირებით!!), რომელმაც დედამიწის ამ მონაკვეთში, რუსული ცივილიზაციური უსახურობა ყველაზე მეტად ამხილა და აქვე ის მაგალითიც მისცა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეს, რომ მიუხედავად საუკუნეების განმავლობაში რუსულად გამოცხადებული გაუგებარი, ველური და არქაული შინაარსებით გაჟღენთილი კულტურულ-პოლიტიკური წარმონაქმნის ზეწოლის ქვეშ ცხოვრებისა, შესაძლებელია ამ სივრცეში, ცივილიზაციურად განვითარების სხვა, ნორმალური და მეტად ადამიანური სპეციფიკის მქონე ქვეყნის მოწყობა, რომელზეც ბუნებრივია მოსკოვის რეაქცია იქნებოდა უარყოფითი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მას ისევე როგორც სკანდინავიური მითოლოგიის ერთერთ პერსონაჟ ურჩხულს - მაშინ ექმნება ეგზისტენციალური საფრთხე, როდესაც ნამდვილი (სწორი) სახელით მიმართავ! სწორად ამ ეფექტის მქონე იყო რეფორმები, რომელიც 2003-11წწ ჩვენს ქვეყანაში განხორციელდა და რომელიც, სანიმუშო ხდებოდა მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის. დღევანდელი მოცემულობა ძალიან ჰგავს 1800-იანების მეორე ნახევარს, რომელიც ძალიან კარგად აქვს აღწერილი ილია ჭავჭავაძეს საკუთარ სტატიებში. რომელშიც იგივე კეთროვანებებს უსვავს ხაზს, რომლებიც დღესაც აქტუალურია. ესენია - ზედაპირულობა, ერთმანეთის გაუტანლობა, მტრის და მოყვარის განურჩევლობა, ერთ აზრზე დგომის შეუძლებლობა, ქვეყნის "საერთო" ფენომენად აღქმის შეუძლებლობა, გარე, გეოპოლიტიკური ვითარების გაუთვალისწინებლობა და მერკანტილური მიზნების გათვალისწინებით მაშინდელი თავად-აზნაურობის გარკვეული ნაწილის (ესაც ისტორიული ტრადიციაა), საშიში პოლიტიკური იდეოლოგიებისკენ გადახრა და მათთან დაკავშრება ისე, რომ ქვეყნის ინტერესის გათვალისწინება უბრალოდ არც კი განიხილებოდა. ყოველი ასეთი გავლენიანი ადამიანისთვის უცნაურია, მაგრამ სახელმწიფო გაიგივებული აქვთ საკუთარ ძალაუფლებასა და იდეოლოგიასთან, რომელიც არავინ იცოდა რას უქადდა მომავალს. ანალოგიური ვითარებაა ახლაც - გახლეჩილები, დასაქსულები, გაურკვეველი და ყოვლად ირაციონალური მესამე, "ქიმერული" ძალის მოლოდინი, უპასუხისმგებლო საზოგადოება, რომელიც პრობლემაში ყოველთვის სხვა დამნაშავეს ეძებს და არასოდეს განიხილავს საკუთარ წვლილს. გავაჭრებული, თანხაზე დამოკიდებული იდეოლოგიური ორიენტაცია და ა.შ. მოკლედ ყველაფერი ის, რასაც ილია მაშინ აღწერდა და მანამდე კიდევ სხვა მრავალ წყაროშია აღწერილი, რომელიც, მაშინაც გვჭირდა, დღესაც გვჭირს და ხელიდან გვაცლის ჩვენი ქვეყნის, როგორც უსულო, ისე სულიერ საფუძვლებს!

ისტორიას ვამეორებთ ჩვენ, თითოეული საზოგადოების წევრი, რომელიც კი ამ ისტორიულ ექპოქაში ვცხოვრობთ და არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ისტორიის ამ მონაკვეთზე იმიტომ, რომ მის ნაწილად არც განვიხილავთ თავს. ახლანდელმა ხელისუფლებამ, რუსული დაკვეთით ცხადია, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველები ამ ისტორიულ სპირალში დავრჩენილიყავით და ამიტომაც გაგვხლიჩეს ასე უაზრო და პროპაგანდირებული შინაარსებით, სადაც დაგვაჯერეს რომ - საქართველოს პრეზიდენტი, ამ ქვეყნისთვის, რუსზე მეტი მტერი იყო! ასეთ აფსურდსა და ბოროტებას, მხოლოდ მუხანათი და გებელსისეული მოძღვრების მიხედვით მოქმედი პოლიტიკური წარმონაქმნი თუ გააკეთებდა, რომელსაც განზრახული აქვს სახელმწიფოს (მისი თანამედროვე, ცილიზებული შინაარსით), განადგურება. რუსეთის პოლიტიკური ელიტის ეს მიზანი გაცხადებულია, უკვე რამდენიმე ასეული წელია და სხვა არც არასოდეს არაფერი გაუკეთებიათ ამ ქვეყნის მმართველებს, კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში. დღეს კი, მათი ამ მიზნის ცოდნა არ საჭიროებს რაიმე განსაკუთრებულ სპეციალიზაციას, ისედაც გაცხადებულია, ზედაპირზე დევს და პრინციპში, არც არასოდეს დაუმალავთ, რომ ჩვენი და ცივილიზებული სამყაროს კავშრი, მათთვის - კატეგორიულად მიუღებელია!

და ისევ მივდივართ მსჯელობის სპირალზე, რომელიც ასევე აქტუალური იყო 90-იანებში და რომელიც გულისხმობდა - დიდ ძმის ფაქტორის აღიარებასა და მისი ინტერესის გათვალისწინების გარდაუვალობით ცხოვრებას, რომელიც სულელურად ეფუძნებოდა, თითქოსდა ყოფით ანალოგიებს. მანამდე, კიდევ უფრო მანამდე და როგორც ჩანს მოავალშიც, ეს მოცემულობა ასე იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ვერცერთი ისტორიული ეპოქიდან დასკვნა ვერ გამოვიტანეთ და ერთიანი ეროვნული ინტერესი, გარდა ქიმერული - "თავისუფლებისთვის ბრძოლისა" ვერაფერს დავაფუძნეთ, ვერაფერი მოგვიფიქრებია!

როგორც კი, ამ მიზნის პირველ საფეხურზე შევდგებით, ისეთი გულმოდგინებით დავერევით ერთმანეთს, გარეშე თვალი იფიქრებს ერთი ნაწილი - ოკუპანტები, ხოლო მეორე - ასეულობით წელი მონობაში დამხვრჩალი და ნაწამები საზოგადოების ნაწილია, რომლებსაც ვერაფრისდიდებით ვერ გამოუვათ თანაცხოვრება!

ხოდა, ძალიან მძიმეა უყურებდე დღევანდელ საზოგადოებას, რომელიც ისევ მე-19 საუკუნის , მეორე ნახევრის კატეგორიებით მსჯელობს საკუთარი მომავლის შესახებ და გაცნიობიერებული არ აქვს არაფერი იმ წარსულიდან, რომლის დანარტოვარის "დაცვისთვის", რატომღაც გააფთრებული ბრძოლა აქვს გაჩაღებული...! ამასობაში კი გავიმძღვარიოთ წინ ლოზუნგი - "ისტორია მეორდება" და ისევ ისე ძმურად, ქართული ჟინით ვეკვეთოთ ერთმანეთს სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაში, რომლითაც არაერთხელ გაგვიხარებია ჩვენი ჩრდილოელი მტერი - "რუსეთი"! (ბოლო ასეთი ძღვენი, განსაკუთრებით უხსოვართათვის ავღნიშნავ, 90-იანების სამოქალაქო ომით მივართვით რუსებს) არ დავფიქრდეთ იმაზე, თუ რა მომავალს ვუმზადებთ ქვეყანას, რომელიც ახლა ჩვენ გვაბარია და რომელიც, აუცილებლად შეფასდება მომავალი თაობების მიერ!

ჩემთვის, სუბიექტურად, ყველაზე ცუდი შედეგი იქნება ათი, თხუტმეტი ან თუნდაც ორმოცდაათი წლის შემდეგაც, ამ ქვეყნის მოქალაქემ თქვას ფრაზა - "ისტორია მეორდება"! და, თუკი ეს ასე იქნება, ახლავე ვიცოდეთ რომ მომავალში, ამის თქმის საფუძველი ჩვენი პასუხიმგებლობაა, რომელიც მხლოდ იმიტომ შემოგვრჩა, რომ ურეაქციოდ დავტოვეთ დღევანდელი უგვანობები ჩვენ, ამ თაობამ, რომელიც საქართველოს მოქალაქეებად ვფიქსირდებით, 1989-იდან 2021-22 წლამდე პერიოდში... თუმცა, ისტორიის ეს გვერდი, ჯერ არ გადაფურცლილა...!