"საქართველოსთვის ეს იქნება სამიტი სამიტისთვის - ახალს არავინ გვეტყვის, რადგან რა დავალებაც აქამდე მოგვცეს, ისიც ვერ შევასრულეთ"
"საქართველოსთვის ეს იქნება სამიტი სამიტისთვის", - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა დღეს ბრიუსელში აღმოსავლეთ პარტნიორობის გასამართ სამიტს, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება.
სამადაშვილის თქმით, ეს სამიტი საქართველოსთვის იქნება ფორმალობა და მას არ აქვს იმის მოლოდინი, რომ რაიმე ახალი შედგება და საქართველოსთვის საგრძნობ პოლიტიკურ წინ გადადგმულ ნაბიჯს ვიხილავთ.
„ამ სამიტზე ახალს არავინ გვეტყვის, რადგან რა დავალებაც აქამდე მოგვცეს, ისიც ვერ შევასრულეთ. ჩემთვის პიროვნულად არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაიფორმებს წარმატებას ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით. მთავარია, რომ ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს პროგრესი“, - აღნიშნა სამადაშვილმა.
ამასთან, როგორც მან განაცხადა, ასეთი აგრესიული რუსეთი ნატო-ში ინტეგრაციის საწინააღმდეგო მიმართულებით არასდროს ყოფილა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პარლამენტმაც კი მიიღოს რაღაც სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომელსაც ექნება ოპოზიციის და ხელისუფლების ერთობლივი მხარდაჭერა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ იმის დემონსტრირება გავაკეთოთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, დღეს საქართველოს პარლამენტი ცხადად აფიქსირებს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არის დასავლეთში, ნატო-ში ინტეგრაცია არის ეროვნული არჩევანი და ამას მხარს უჭერს ყველა, ვინც პარლამენტში არის წარმოდგენილი.
სამიტის წინ, გუშინ, თქვენც მოისმენდით განცხადებები, რომელსაც მმართველი გუნდი აკეთებს მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით, ეს არის პირდაპირ თავდასხმა და უარის თქმა ევროპისთვის. შერიგების პროცესი არ სჭირდებათ, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ სახით მტრის ხატი თუ გაქრა, რა მომავალი აქვთ თვითონ? საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგიდან ისინი ქვეყანას მიაქანებენ კატასტროფისკენ“, - განაცხადა სამადაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს საქართველოში უმძიმესი ვითარებაა.
„პოლიტიკა უნდა დაუბრუნდეს მათ, ვისთვისაც ის უნდა არსებობდეს. ის ხალხისთვის და მათ პრობლემებზე სასაუბროდ და საზრუნავად უნდა არსებობდეს და არა გაუთავებლად ჭიდილში, რომ ვიღაც არ დაიჭირონ და დააპატიმრონ. პოლიტიკოსებზე მეტად, ჩვენს ქვეყანას სჭირდება, რომ პოლიტიკა დაუბრუნდეს ხალხის დღის წესრიგს, რომელსაც დღეს არის მოწყვეტილი“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
ცნობისთვის, ბრიუსელში დღეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება.