"მივწერე, მის შვილებს საახალწლო სურვილები დაეწერათ. მიპასუხა: საჭმელი გვენატრება და რა დროს საჩუქრებია, ხალხი დაგვცინებს, ისედაც ბევრს გაწუხებთო..."
"წერილები თოვლის ბაბუს" - ასე ჰქვია პროექტს, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი "სიცოცხლე სიკეთისთვის" უკვე 8 წელია, ახორციელებს. მთელი საქართველოს მასშტაბით, სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების სურვილები განსხვავებულია და ამავდროულად, მათ ერთი საერთოც აქვთ - საკვები და ტკბილეული არის უპირველესი. გთავაზობთ ამონარიდებს რამდენიმე რესპონდენტის მოსაზრებიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:
"ერთხელაც, დიდ ლილოში მეგობართან ვიყავი და შინ დაბრუნებისას ვნახე ბავშვები, რომლებიც საქანელაზე ქანაობდნენ. მეგობარმა მიამბო, რომ ისინი სოციალურად დაუცველი ოჯახიდან იყვნენ. 7-შვილიანი ოჯახი მიტოვებულ შენობაში ცხოვრობდა, სადაც არანაირი პირობები არ ჰქონდათ. მაშინ გადავწყვიტე, იმ ბავშვებისთვის საახალწლო წერილები გამომერთმია..."
"გურიაში გვყავს ერთი 2-შვილიანი ოჯახი და იმ ბავშვებს ჩვენს შვილობილებად ვთლით. ერთ-ერთს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს და ამ ოჯახს რეგულარულად ვეხმარებით. ჩემი მეუღლის სოფელია თელეთი, სადაც ერთი 7-შვილიანი ოჯახი ცხოვრობს. 21-ე საუკუნეში მსგავსი ბავშვური, ლაღი პატარები არ მინახავს. ბურთი, ბლოკნოტი, მანქანა, ლოტო და მსგავსი ნივთები აქვთ წერილში მითითებული და ეს ყველაფერი თან, დახატული. რამდენიმე დღის წინ მათთან წერილების წამოსაღებად ვიყავი ჩასული და რომ ნახოთ, როგორ პირობებში ცხოვრობენ, გული მოგიკვდებათ..."
"ორი წლის წინ ბავშვების დედას მივწერე, მის შვილებს საახალწლო სურვილები დაეწერათ. მიპასუხა: საჭმელი გვენატრება და რა დროს საჩუქრებია, ხალხი დაგვცინებს, ისედაც ბევრს გაწუხებთო..."
"შინდისში ერთ ოჯახში ვიყავით, სადაც ბავშვს ცერებრალური დამბლა ჰქონდა. მამამ ეს რომ გაიგო, ცოლ-შვილი მიატოვა. ბავშვი ვერ ლაპარაკობდა, რთული მდგომარეობა ჰქონდა. მასთან ყოველ 2 კვირაში ერთხელ ჩავდიოდით და მიგვქონდა რაც სჭირდებოდა. პირველად რომ მივედით, ნანახმა იმდენად იმოქმედა, იქიდან წამოსული შინდისიდან თბილისამდე ვტიროდი, ვერ გავჩერდი. ასე მემართებოდა, როცა მოხუცთა თავშესაფრებში ბებოების დაბადების დღეებზე მივდიოდი. მათ გავახარებდი, მაგრამ მერე მე ვკვდებოდი..."
სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 16 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ.
ანა კალანდაძე