"გულოს ცხედარი საძინებელში უნახავთ, ეტყობა, წინააღმდეგობას უწევდა ქმარს... ბიჭი დედის საშველად შევარდა, ახლა მას გამოეკიდა მამა და თავში ჩაარტყა ნაჯახი" - კვირის პალიტრა

"გულოს ცხედარი საძინებელში უნახავთ, ეტყობა, წინააღმდეგობას უწევდა ქმარს... ბიჭი დედის საშველად შევარდა, ახლა მას გამოეკიდა მამა და თავში ჩაარტყა ნაჯახი"

"ლევანს, თურმე, საცოლეც ჰყოლია და ცოლის შერთვას აპირებდა, მაგრამ ეს ტრაგედია დატრიალდა"

"ღმერთმა ყველა დედას ჯანმრთელად უმყოფე შვილები," - ეს ბოლო სტატუსია სოციალურ ქსელში, რომელიც 2 შვილის დედამ - გულარდი (გულო) ფუტკარაძემ დაწერა. ალბათ, ამ სიტყვებს როცა წერდა, ვერანაირად წარმოიდგენდა, რომ მის 21 წლის ვაჟს, ლევან საგინაძეს, საკუთარი მამა თუ მოკლავდა. ადგილობრივები იმაშიც დარწმუნებულები არიან, რომ ახალგაზრდა ქალი შვილის მკვლელობამდე ქმარმა მოკლა და შვილის მოკვლას არ შესწრებია. როგორც ჩანს, შვილმა სცადა იმ დღეს დედის დაცვა, თუმცა მამამ არც ის დაინდო და სასტიკად გაუსწორდა, ამის შემდეგ კი თავად თემურ საგინაძემაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ეს შემზარავი ტრაგედია რამდენიმე დღის წინ ხელვაჩაურის რიონის სოფელ ჭარნალში მოხდა. ადგილობრივებს ძალიან უჭირთ მომხდარზე საუბარი და შეძრულები არიან ტრაგედიით. ოჯახს დადებითად ახასიათებენ, ამბობენ, რომ ამ სახლიდან ჩხუბის და აყალმაყალის ხმა არასოდეს გაუგიათ, თუმცა ახლობლებმა იცოდნენ, მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები რომ ჰქონდა. ამიტომ ტრაგედიის ერთადერთ მიზეზად მამაკაცის ფსიქიკური მდგომარეობა სახელდება. მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და გამოძიება მიმდინარეობს. დიდხანს მუშაობდნენ შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები, რომლებსაც ადგილზე უმძიმესი სურათი დახვდათ.

მომხდარ ტრაგედიაზე ადგილობრივი გვიყვება: - არ ვიცი, რა უნდა ვთქვათ, ძალიან შეძრულები ვართ მომხდარით. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ არა ფსიქიკური პრობლემები, ეს საშინელი ტრაგედია არ დატრიალდებოდა. ძალიან მშრომელი, პატიოსანი და მოსიყვარულე ოჯახი იყო. ცოლ-ქმარმა ორ შვილი გაზარდა, გოგონა სკოლის მოსწავლეა, ბიჭი, ლევანი 21 წლის იყო, არაჩვეულებრივი ადამიანი, კარგი, გაწონასწორებული, დედის და მამის გვერდით მდგომი. გულოს პატარაობიდან ვიცნობდი, საოცრად თბილი და კარგი გოგო იყო. საოჯახო მეურნეობას უძღვებოდა. ჰყავდა საქონელი და სულ შრომობდა. შრომობდა მამა-შვილი, მშენებლობზე მუშაობდა ორივე და მოგროვილი თანხებით სახლს ალამაზებდნენ და აწყობდნენ. ლევანს, თურმე, საცოლეც ჰყოლია და ცოლის შერთვას აპირებდა, მაგრამ ეს ტრაგედია დატრიალდა. გამთენიას არის მომხდარი და ამ დროს სახლში იყო ოჯახის ყველა წევრი. როგორც გავიგეთ, თემური ბოლო დროს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს აღარ იღებდა, ცოლი ეხვეწებოდა, თურმე, დაელია, მაგრამ არ უჯერებდა. როგორც ჩანს, გამოელია ორგანიზმში წამლის დოზა, აგრესიული გახდა და ნაჯახით დახოცა ისინი. გულოს ცხედარი საძინებელ ოთახში უნახავთ, დასახიჩრებული, ეტყობა, წინააღმდეგობას უწევდა ქმარს და საძინებელში ბიჭი დედის საშველად შევარდა, ახლა მას გამოეკიდა მამა და თავში ჩაარტყა ნაჯახი, დაჭრილ ლევანს გარეთ გასვლა მოუხერხებია, მაგრამ მამა გაკიდებია და კიბეებთან აქვს უკნიდან ისევ ჩარტყმული და ასე მოკლა შვილი. ამ დროს გოგონაც ყოფილა სახლში და ამ უმძიმესი სურათის თვითმხილველს მამისთვის უთქვამს, მომეცი მამა ეს ცულიო, მაშინ მისთვის უთქვამს მამას, ახლოს არ მოხვიდე, თორემ შენც მოგკლავო. ბავშვი და ბებია, თემურის დედა გაქცეულან იქიდან და შველა მეზობლებისთვის უთხოვიათ. როგორც ჩანს, ეს საშინელება რომ დაატრიალა, მერე აზრზე მოვიდა და ცოლის ძმისთვის დაურეკავს, რომელიც ადრე პოლიციელი იყო და უთქვამს, ცოლ-შვილი დავხოცეო. მერე დილის 7 საათზე, კიდევ ერთი ზარი განუხორციელებია თავის დასთან. ეს უკანასკნელი შეშფოთებული ჰყვებოდა, მეძინა, ჩემმა ძმამ რომ დამირეკა და მითხრა, ცოლ-შვილი მოვკალი, ფული აქ და აქ დევს, მოდი და დაასაფლავე ესენი, მე კი ახლა თავს მოვიკლავ დ შენ გამასვენეო. დაც იმავე სოფელშია გათხოვილი და გამოქცეულა, მაგრამ სახლში მისულს უმძიმესი სურათი დახვდა. გამოუძახიათ პოლიცია, დედა-შვილი უკვე გარდაცვლილი იყო და მამაკაცს ვერსად პოულობდნენ. მერე დას რა ადგილიც უთხრა ძმამ, აქ და აქ მივდივარ და თავს მოვიკლავო, სწორედ იმ ადგილას მისულან, სახლის გარეთ, დამხმარე ნაგებობაში და იქ უნახავთ თოკზე ჩამომხვალი. ეტყობა, აზრზე რომ მოვიდა, მიხვდა, რაც დაატრიალა, ვეღარ გაუძლო და თავიც მოიკლა.

საშინელ დღეშია ყველა, ახლო მეზობლები ამბობდნენ, ბოლო დროს სულ მოწყენილი იყო თემურიო. ის არ ვიცით, ოფიციალურად იყო თუ არა აღრიცხული, როგორც ფსიქიკურად დაავადებული, მაგრამ ყველა შინაურმა იცის, რომ წამლებს სვამდა. თურმე, მის ცოლს ნათესავები ეუბნებოდნენ, წამოდი იქიდან, არ გეშინია რომ მოგკლასო? მაგრამ ამბობდა, ვერ წამოვალო. თუმცა ამას ვინ წარმოიდგენდა. სხვებთან აგრესიული არასოდეს ყოფილაო. რა დაემართა არ ვიცით. ეს არის მთელი სოფლის ტრაგედია, ძალიან გვტკივა ყველას ეს ამბავი. იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა ეს ტრაგედია გოგოს ოჯახისთვის, რომ ლევანის და დედის ცხედარი ფუტკარაძეების სახლში გადაასვენეს და იქ დაკრძალეს დედა-შვილი, ხოლო თემური - ცალკე, თავის სახლთან. ორივე ერთ სოფელში ცხოვრობდა, გოგო სოფლის თავში, 2-3 კილომეტრით დაშორებით და თემური - სოფლის ბოლოში. ცალ-ცალკე დაიკრძალნენ. ოჯახი გაიყო ორად და ეს ადგილობრივებს გვტკივა, მაგრამ გულოს ძმისთვის თემურის დედმამიშვილებს წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. იმდენად მძიმე ემოციური ფონია, ვერაფერს იტყვი. ფსიქოტროპული წამლების მიუღებლობის გამოა, ჩვენი ვარაუდით, ეს მომხდარი. ისე იყვნენ დაჩეხილები, რომ ცხედრები არავის უნახავს. ძმის ცოლი სთხოვდა, თურმე, გულოს, დაბრუნდი ჩვენთანო, მაგრამ მას უთქვამს, არ არის ისეთი აგრესიული, რომ სახლში გაჩერების შემეშინდესო.

ძალიან მეცოდება გოგონა, რომელიც დარჩა ბებოსთან ერთად და გაყოფილი აქვს სასაფლაო. ყველა წუხს ამ ტრაგედიის გამო და ყველა განიცდის, რადგან მართლა მშრომელები იყვნენ და ძალიან მეგობრული დამოკიდებულება იყო. მხიარული და კარგი ბიჭი იყო ლევანი, მამასთან დაპირისპირება არ ჰქონია. რამ გაამწარა ასე, აუხსნელია. ალბათ, ამას მედიცინის მუშაკები ახსნიან, ვინც იცის, ეს დაავადება რას იწვევს. დედა-შვილი გაღმა სასაფლაოზეა დაკრძალული, გამოღმა, რამდენიმე კილომეტრში, სოფლის ბოლოს დაკრძალეს თემური.

ნუგზარ აბაშიძე, მერის წარმომადგენელი სოფელ ჭარნალში: - უმძიმესი ტრაგედია მოხდა, ძალიან პატიოსანი ოჯახი იყო, შრომისმოყვარე, კარგი შვილები გაზარდეს და არ ვიცით, რა უბედურება მოხდა. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ისეთ სტრესშია ყველა ახლობელი. ფსიქოტროპულ პრეპარატს იღებდაო, სხვა, რაიმე კამათი ოდესმე მათ შორის არასოდეს ყოფილა. ეს კაცი ქუჩაში რომ გვხვდებოდა, არაფერი ეტყობოდა. ზრდილობიანად და კულტურულად იქცეოდა. არ მეგულება არავინ, ხეობაში მაცხოვრებელი, რომელიც იტყვის, რომ უხეში იყო ვინმეს მიმართ. წყნარი პიროვნება იყო. არასოდეს კონფლიქტში შემჩეული არ ყოფილა. მამა- შვილი ერთად შრომობდა, სახლს აწესრიგებდა. ორი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, თუმცა გამოძიების დასრულების შემდეგ ალბათ საქმე შეწყდება, რადგან მკვლელობაში ბრალდებულმა თავადაც თავი მოიკლა.

(სპეციალურად საიტისთვის)