"სომხებიც და ქართველებიც, კარგად ვხედავთ ამ პლატფორმის რისკებსა და გამოწვევებს... ვფიქრობ, საქართველო პროცესებს დააკვირდება და "კარს არ გაიჯახუნებს" - კვირის პალიტრა

"სომხებიც და ქართველებიც, კარგად ვხედავთ ამ პლატფორმის რისკებსა და გამოწვევებს... ვფიქრობ, საქართველო პროცესებს დააკვირდება და "კარს არ გაიჯახუნებს"

სომხეთის რუსულენოვან გაზეთ "გოლოს არმენიიში" (Голос Армении) სათაურით - "3+2": შეიძლება თუ არა საქართველომ გადაიფიქროს?" გამოქვეყნებულია ინტერვიუ ექსპერტ ჯონი მელიქიანთან, რომელიც ჟურნალისტ ზარა გევორქიანთან საუბარში კომენტარს აკეთებს "კავკასიური ექვსეულის" ("3+3") ფორმატით მოსკოვში გამართული შეხვედრის შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნეგატიურად შეაფასა ქვეყნის დროშის განთავსება მოსკოვში "3+3" ფორმატით გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ოფიციალური თბილისის წარმომადგენელი არ მონაწილეობდა. თუმცა რუსულ მხარეს არანაირი წყენა არ გამოუხატავს იმის გამო, რომ საქართველოს წარმომადგენელი სამიტს არ ესწრებოდა და აღნიშნა, რომ "პლატფორმის კარი თბილისისათვის მუდამ ღია იქნება". როგორ კომენტარს გაუკეთებდით ამ სიტუაციას?

- დიახ, რუსულმა მხარემ უკვე განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის მიიღებს ხოლმე მიწვევას შეხვედრებში მონაწილეობისათვის და მისთვის ადგილი ღია იქნება. ანუ მოსკოვი "ხიდებს არ წვავს" და რომ რუსეთისათვის [სასურველია] საქართველოს ხილვა იმ პლატფორმაში, რომელიც კავკასიის რეგიონს ეხება. ეს ერთი რეალობაა.

მეორე მომენტი დაკავშირებულია უშუალოდ საქართველოში შექმნილ სიტუაციასთან, სადაც ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად არ არის. ერთი მხრივ, თბილისს არ სურს, რომ რეგიონული პროცესებიდან გარიყული აღმოჩნდეს, იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი მისი სტრატეგიული პარტნიორები არიან, საქართველოს, ასევე, არ აქვს პრობლემები სომხეთთან და მხოლოდ რუსეთის მიზეზით ამბობს უარს ფორმატში მონაწილეობაზე. მეორე მხრივ, არ შეიძლება შიდაპოლიტიკური კონტექსტის იგნორირებაც: საქართველოს ხელისუფლებისათვის "3+3" ფორმატში მონაწილეობა პრობლემატურია დღევანდელი საშინაო პოლიტიკური რეალიების შუქზე, რადგან ოპოზიცია მის მიმართ უკიდურესად ნეგატიურად არის განწყობილი.

და კიდევ ერთი, ბევრად უფრო სერიოზული ფაქტორი: ამ პლატფორმაში არ ჩანს დასავლეთი, რომელიც, თბილისის თვალსაზრისით, საქართველოს ინტერესების ძირითად გარანტს წარმოადგენს და მის მხარდაჭერას უზრუნველყოფს. ასე რომ, საქართველო, შიდაპოლიტიკური ფაქტორის გარდა, საგარეო პოლიტიკური ფაქტორითაც შეზღუდულია. სხვათა შორის, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომლის დეზავუირებას მოგვიანებით თვითონ სამინისტრო შეეცადა...

- თქვენ მხედველობაში გაქვთ ის განცხადება, რომ თუ საქართველო "3+3" ფორმატის მოწინააღმდეგე ერთადერთი ქვეყანა იქნება, მაშინ რეგიონული პროექტებიდან გამოთიშული რომ აღმოჩნდეს, რაღაც სახით ფორმატში ჩვენი ადგილი უნდა მოვნიშნოთო?

- დიახ სწორედ ეგ. ეს იყო გამჭვირვალე მინიშნება იმაზე, რომ საქართველო რაღაც დონით ფორმატში წარმოდგენილი უნდა იყოს. მაგრამ მინისტრის ზემოთ ხსენებული განცხადება ძალიან ნეგატიურად იქნა აღქმული ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური პროცესების ფონზე და ამიტომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებული გახდა ეთქვა, რომ "3+3" ფორმატში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავს...

მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თბილისის მონაწილეობას დიდი წერტილი დაესმება. ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზეც, თუ რა დღის წესრიგი ექნება თვითონ ფორმატს. თავის დროზე სომხურმა მხარემ განაცხადა, რომ "3+3" ფორმატში განსახილველი საკითხები სხვა ფორმატების ანალოგიური არ უნდა იყოს, ანუ არ უნდა წარმოადგენდეს იმ მოლაპარაკებების დუბლიაჟს ვიცეპრემიერების დონეზე, რომლებიც რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვის საკითხებით არიან დაკავებულნი.

- გამოდის, რომ თბილისი სიტუაციას დააკვირდება?

- დიახ, თუ საქართველო დაინახავს, რომ ფორმატი კარგად ეწყობა, მაშინ, ვფიქრობ, გარკვეული დიპლომატიური გადაწყვეტილება მიღებული იქნება და თბილისის ადგილი ცარიელი აღარ დარჩება. შეიძლება მაღალ დონეზე არა, მაგრამ რაღაც დიპლომატიური ნაბიჯები გადაიდგმება. იმიტომ, რომ საქართველოს თავისი ხედვა აქვს საკუთარ როლზე სამხრეთ კავკასიაში - ერთგვარი ჰაბის სახით და ასეთ ამპლუაში მისთვის წამგებიანი იქნება რეგიონული ფორმატიდან გამოთიშვა, თანაც - თავისივე გადაწყვეტილებით.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სომხურ-ქართული დღის წესრიგი - ორივე, სომხებიც და ქართველებიც, კარგად ვხედავთ ამ პლატფორმის რისკებსა და გამოწვევებს. ამასთან, ჩვენ მაინცდამაინც კრიტიკულები და კატეგორიულები არ ვართ, მხოლოდ ზოგიერთი "წითელი ხაზი" მოვნიშნეთ, თბილისმა კი უფრო ხისტი პოზიცია დაიკავა და შიშობს - ვაითუ "3+3" ფორმატს კიდევ 2 მონაწილე დაემატოსო. საკითხი ეხება "სამხრეთ ოსეთს" და აფხაზეთს, რომლებიც, საქართველოს აზრით, რუსეთს შეუძლია ფორმატში შეიყვანოს. ერთი სიტყვით, ვფიქრობ, საქართველო პროცესებს დააკვირდება და "კარს არ გაიჯახუნებს".

- ესე იგი, როგორც ჩანს, თბილისის განცხადება თავისი "მკაფიო პოზიციის" თაობაზე პლატფორმაში არმონაწილეობის შესახებ უფრო მეტად შიდა აუდიტორიაზეა გათვლილი?

- ცხადია, მის ადრესატს, უპირველესად, შიდა აუდიტორია წარმოადგენს, მაგრამ, ასევე, ადრესატები არიან საქართველოს დასავლელი პარტნიორებიც. თუ ფორმატის ეგიდით პოზიტიური საქმეების კონტურები გამოჩნდება, სრულიად შესაძლებელია, რომ დასავლეთისთვის მომგებიანი იყოს პლატფორმაში საქართველოს მონაწილეობაც (თბილისი ხომ სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის ფორპოსტს წარმოადგენს!), რათა იცოდეს, თუ რა პროცესები მიმდინარეობს და რა განვითარდება პერსპექტივაში.

- მაგრამ ფორმატში ხომ თურქეთიც არის - ნატოს წევრი...

- დიახ, არის, მაგრამ თურქეთს თავისი სახელმწიფოებრივი და ეროვნული ინტერესები აქვს, რომელიც ყოველთვის არ ემთხვევა მისი ნატოელი მოკავშირეების ინტერესებს. თუ დღეს სიტუაცია შავ-თეთრია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მუდამ ასეთად დარჩება. კი, ამჟამინდელ რეალიებში საქართველო უარს აცხადებს, მაგრამ გამორიცხული არ არის, სამომავლოდ თბილისის მიდგომები შეიცვალოს. (წყარო)

მოამზადა სიმონ კილაძემ