"შეიქმნა იმის პრეცედენტი, რომ ბილეთის შოვნა გართულდა. ცხადია, ეს მახარებს"
2021 წლის გაზაფხულიდან დღემდე, მას შემდეგ, რაც თბილისის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა სეზონი გახსნა ახალ მისამართზე, დავით აღმაშენებლის 136, მიუხედავად პანდემიისა, რეგულაციების დაცვით წარმოდგენებს მართავს და ამ მხრივ პასიური ნამდვილად არ არის.
თუმცა, ვინაიდან თეატრის ახლანდელი დარბაზი მხოლოდ 40 მაყურებელს იტევს, ყველა მსურველს სპექტაკლებზე დასწრების საშუალება არ აქვს. მალე თეატრში ახალი სივრცე გაიხსნება. დიდ დარბაზში იგეგმება როგორც ახალი პროექტების განხორციელება, ისე რეპერტუარში არსებული და ბევრისთვის მონატრებული სპექტაკლების განახლება-აღდგენაც.
ნიკოლოზ საბაშვილი (თოჯინების თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი):
- გაზაფხულიდან დღემდე, ჩვენს თეატრში რამდენიმე პრემიერა შედგა. გამომდინარე იქიდან, რომ თეატრს პატარა დარბაზი აქვს, სადაც ცოტა მაყურებელი ეტევა, შეიქმნა იმის პრეცედენტი, რომ ბილეთის შოვნა გახდა რთული. ცხადია, ეს მახარებს. თუმცა, უკეთესი იქნება, თუ ასეთივე სურათი შენარჩუნდება დიდ დარბაზშიც - რომელიც სულ მალე ამოქმედდება. იანვრიდან თეატრი შეძლებს მუშაობას 2 დარბაზით, რაც მაყურებლისთვის მნიშვნელოვანია და ის ადამიანები, ვინც დღემდე ვერ მოხვდნენ ჩვენს სპექტაკლებზე, შეძლებენ დაესწრონ წარმოდგენებს. ახალი დარბაზის მოწყობას 1 წელი დასჭირდა და როგორც იქნა, ბოლოში გავდივართ, რამდენიმე კვირაში გავხსნით. დიდ დარბაზში იგეგმება რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელება, როგორც უმცროსი, ისე უფროსი ასაკის მაყურებლისთვის.
- თქვენი მაყურებელი ხშირად ინტერესდება, რა მიზეზით და რატომ არ ხდება თქვენთან ისეთი სპექტაკლების წარმოდგენა, რომელსაც ყოველთვის ბევრი სტუმარი ჰყავდა. ესენია: "ბატის ჭუკი", "სამი გოჭი" და ა.შ.
- არსებული დარბაზის სიმცირის გამო, რამდენიმე სპექტაკლის ჩვენება შეჩერებული გვაქვს, თუმცა ახალ სივრცეში, დიდ სცენაზე მათი დაბრუნება შესაძლებელი იქნება. ახალი დარბაზი გაიხსნება იაპონელი მწერლის, რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობის მიხედვით დადგმული სპექტაკლით "თოვლია", რომელზეც ახლა ვმუშაობ და ის 3 წლის ასაკიდან - სკოლის დაწყებითი ასაკის მაყურებელზეა გათვლილი. ასევე სტუდენტი რეჟისორი დავით თარბა დგამს ბელგიელი მწერლის, მორის მეტერლინკის "წმინდა ანტუანის სასწაულს". ეს სპექტაკლი უფროსი ასაკის მაყურებელს მოიაზრებს. ორივე პროექტი ხორციელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით. დავით თარბა გახლავთ გამარჯვებული კონკურსისა - "სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში".
- რამდენ კაცს დაიტევს ახალი დარბაზი?
- დარბაზი 100-მდე მაყურებელს დაიტევს და ისევე, როგორც მცირე დარბაზში, ამ შემთხვევაშიც, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე, რეგულაციები მაქსიმალურად დაცული იქნება. ბოლო ორი წელი წინასწარ გაუთვალისწინებელ რეჟიმში გვიწევს ცხოვრება. თეატრშიც ასეა, პერიოდულად მსახიობები ინფიცირდებიან, ზოგიც იზოლაციაში გადადის. ბოლო პერიოდში წარმოვადგინეთ სპექტაკლები, როგორებიც არის: "დედა ენა", "ცირკი", "იავნანამ რა ჰქმნა?!", "სამნი ერთ სკამთან". ჯერჯერობით პანდემია ჩვეულ რეჟიმში მუშაობის საშუალებას არ გვაძლევს, მსოფლიოში არსებული ვითარება არ არის სტაბილური. იმედი მაქვს, ჩვენი მაყურებელი ამ ფაქტს გაგებით მოეკიდება.
სტატიას ჟურნალ "გზის" 16 დეკემბრის ნომერში წაიკითხავთ
ანა კალანდაძე