"ბოდიშს გიხდით - ეს არის პოლიტიკური კორუფცია ყველას მხრიდან, ვინც ამას ხმას მისცემს. არ შეიძლება ყოველ ჯერზე კანონი მოვირგოთ" - კვირის პალიტრა

"ბოდიშს გიხდით - ეს არის პოლიტიკური კორუფცია ყველას მხრიდან, ვინც ამას ხმას მისცემს. არ შეიძლება ყოველ ჯერზე კანონი მოვირგოთ"

პარლამენტის უფრაქციო დეპუტატი თამარ კორძაია ოპოზიციონერი კოლეგების საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის საფუძველზე პარლამენტში პოლიტიკური ჯგუფების შექმნა მარტივდება, “პოლიტიკურ კორუფციად“ აფასებს და აცხადებს, რომ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

აღნიშნული ცვლილებები კორძაიამ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა დაწესების კომიტეტის სხდომაზე გააკრიტიკა, სადაც კანონის პროექტი მესამე მოსმენით განიხილეს.

“არავის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა არაფერი არ გვყოფნის, რაც კანონში წერია, კანონის მოთხოვნებში ვერ ვეტევით და უნდა შევქმნათ პოლიტიკური ჯგუფები იმისთვის, რომ დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით არსებობა რაღაც დისკომფორტს ქმნის. ბოდიშს გიხდით - ეს არის პოლიტიკური კორუფცია ყველას მხრიდან, ვინც ამას ხმას მისცემს. რამდენჯერ უნდა შეცვალოს რეგლამენტი კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ იმიტომ, რომ ვიღაცები იმ წესებს ვერ ვიღებთ, რაც კანონში წერია! არ შეიძლება ყოველ ჯერზე კანონი მოვირგოთ“, - განაცხადა კორძაიამ კომიტეტის სხდომაზე.

რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებებით, რომელიც ოპოზიციონერი დეპუტატებმა პაატა მანჯგალაძემ, თეონა აქუბარდიამ და სალომე სამადაშვილმა წარადგინეს, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა არანაკლებ ორ დეპუტატს შეეძლება.