"რატომ არ გვაძლევს დასავლეთი მკაცრ მითითებებს? - არ სურთ საქართველოს ხელისუფლებისთვის ხელის კვრა" - კვირის პალიტრა

"რატომ არ გვაძლევს დასავლეთი მკაცრ მითითებებს? - არ სურთ საქართველოს ხელისუფლებისთვის ხელის კვრა"

ექსპერტ ზურაბ ბატიაშვილის განცხადებით, დასავლეთს არ სურს საქართველოსთან ხიდების დაწვა და საქართველოს ხელისუფლებისთვის ხელის კვრა, ის კიდევ უფრო რომ არ დაშორდეს დასავლეთს.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის დეკლარაციის შეფასებისას განუცხადა, დეკლარაციები და ნებისმიერი შეხვედრა ბრიუსელში მნიშვნელოვანია.

„მთავარი აქ არის ერთი რამ, ერთი არის დეკლარაცია და მეორე არის ის რეალობა, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. ეს პირველ რიგში ეხება საქართველოს რეალურ საგარეო პოლიტიკურ კურსს, რომელიც პირდაპირ კავშირშია შიდა პოლიტიკასთან და ქვეყნის შიგნით არსებულ სიტუაციასთან. მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, დიდი ხანია გადაუხვია იმას, რასაც დასავლური ფასეულობები ჰქვია. ეს არის დამოუკიდებელი სასამართლო, ადამიანის უფლებები, მედიაზე მიტანილი შეტევა, ზოგადად, საგარეო პოლიტიკაში რუსეთთან დამოკიდებულება, სადაც ვხედავთ რუსეთის არ გაღიზიანების პოლიტიკას. თუნდაც, ბოლო პერიოდში, უკრაინის გარშემო განვითარებული პროცესები გვიჩვენებს იმას, რომ საქართველო ოკუპაციის თემასთან დაკავშირებით სამწუხაროდ, დღის წესრიგში აღარაა. იგივე, როცა ნატო-ს გაფართოებაზეა საუბარი, უკრაინაზე კეთდება აქცენტი და საქართველო, თითქმის, არსად ჩანს. ამ მიმართულებებს არ მგონია ამ დეკლარაციით რამე ეშველოს და ამ დეკლარაციით შეიცვალოს. ერთი არის ევროპელების დამოკიდებულება, მეორე არის ჩვენი დეკლარირებული პოლიტიკა და მესამე ჩვენი რეალური პოლიტიკა. ის მცდელობები, რაც ჩამოვთვალეთ და რაც დასავლური ფასეულობებია, ძალიან შორს არის რეალობისგან და ეს ყველამ იცის. დასამალი არავის აქვს. დიპლომატიურად ამის თაობაზე მითითებები და შენიშვნებები ყოველთვის მიეცემა ხოლმე საქართველოს ხელისუფლებას", - განაცხადა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებისგან ვხედავთ ხოლმე ცინიკურ, აგდებულ დამოკიდებულებას დასავლური ინსტიტუტებისა და დასავლეთის თანამდებობის პირების მიმართ, მაშინ, როდესაც, პირიქით, მათთან კარგი ურთიერთობა გვჭირდება, რადგან ისინი არიან ხშირ შემთხვევაში, ჩვენი დასავლეთთან ინტეგრაციის ყველაზე მთავარი მოკავშირეები.

„რატომ არ გვაძლევს დასავლეთი მკაცრ მითითებებს? დასავლეთს არ სურს საქართველოს ხელისუფლებისთვის ხელის კვრა, იმიტომ, რომ კიდევ უფრო არ დაშორდეს საქართველო დასავლეთს, მათი თავშეკავება, რა თქმა უნდა, გასაგებია, საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციას და სვლას კიდევ უფრო მეტი ზიანი რომ არ მიადგეს და ეს დეკლარირებულიც აღარ დარჩეს. ამის სიგნალები თბილისიდან არაერთი ყოფილა - მათ მიმართ აგდებული დამოკიდებულება და ა.შ. ახლა, ასეთ სიტუაციაში, მათ მიიჩნიეს, რომ ბოლომდე ხელის კვრა არ ღირს და არ იქნებოდა კარგი. საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლები, სავარაუდოდ, ისევ განაგრძობენ მსგავს დამოკიდებულებას დასავლეთის ინსტიტუტების მიმართ და ეს მძიმე იქნება. თუმცა, დასავლეთს არ უნდა ხიდების დაწვა საქართველოსთან,“- განაცხადა ბატიაშვილმა.

ცნობისთვის, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი აღიარებს ასოცირებული ტრიოს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის ინიციატივას, გააღრმავონ თანამშრომლობა ევროკავშირთან. ამასთან, დეკლარაციის მიხედვით, ევროკავშირი ყველა აღმოსავლელი პარტნიორის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის ერთგული რჩება. დეკლარაციის თანახმად, თანამშრომლობის ფარგლებსა და სიღრმეს შესაბამისი შეთანხმებები განსაზღვრავს და გაგრძელდება როგორც ევროკავშირის, ისე პარტნიორების ამბიციებისა და საჭიროებების, ასევე რეფორმების ტემპისა და ხარისხის მიხედვით.

"ინტერპრესნიუსი"