"სულმოუთქმელად ველოდები, როცა სალომე ზურაბიშვილი შეძლებს შეხვედრას"
"სულმოუთქმელად ველოდები, როცა სალომე ზურაბიშვილი შეძლებს შეხვედრას, სადაც ჩვენ პოლარიზაციის დაძლევის შინაარსზე შევძლებთ საუბარს. ამიტომ, მადლობის პარალელურად ვერ მოვიტყუები და ვერ წავალ იქ, თუმცა ველოდები ამ პროცესის დასაწყისს", - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც პრეზიდენტის სასახლეში, საახალწლო მიღებაზე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიპატიჟებასთან დაკავშირებულ საკითხს გამოეხმაურა.
ელენე ხოშტარიას თქმით, ის, რომ ოპოზიციის ნაწილი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს არ მიდის, არ ნიშნავს მოლაპარაკების პროცესისთვის კარის დახურვას.
“ჩემთვის ეს ჟესტი გასაგებია და მხოლოდ მადლობა მინდა ვუთხრა, თუმცა ამ ვითარებაში არ მგონია, რომ კონსოლიდაციის პროცესის დაწყება საახალწლო მიღებით არის სწორი ფორმა. მე, პერსონალურად ძალიან გამიჭირდება იქ ვითამაშო, რომ საახალწლო მიღების გარემოა ქვეყანაში, ეს ერთი. მეორე - არავითარ შემთხვევაში არ მინდა, ქალბატონმა სალომემ ჩათვალოს, რომ ეს არის კარის დახურვა მთლიანად პროცესზე. პირიქით, მე სულმოუთქმელად ველოდები, როცა ის შეხლებს შეხვედრას, სადაც ჩვენ პოლარიზაციის დაძლევის შინაარსზე შევძლებთ საუბარს. ამიტომ, მადლობის პარალელურად ვერ მოვიტყუები და ვერ წავალ იქ, თუმცა ველოდები ამ პროცესის დასაწყისს, - აცხადებს ხოშტარია.