"მიხეილ სააკაშვილთან განხილვის ერთ-ერთი თემა 21 დეკემბრის აქცია იყო - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენთვის" - კვირის პალიტრა

"მიხეილ სააკაშვილთან განხილვის ერთ-ერთი თემა 21 დეკემბრის აქცია იყო - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენთვის"

გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი, თინა ბოკუჩავა იმყოფებოდა.

როგორც ბოკუჩავამ მისი მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული საპროტესტო აქცია იყო.

„21 დეკემბრის აქცია იყო ჩვენი განხილვის ერთ-ერთი თემა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი ჩვენთვის და ჩვენი მხარდამჭერებისთვის იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ დავუდასტუროთ მხარდაჭერა პრეზიდენტ სააკაშვილს და ზოგადად, იმ ბრძოლას, რომელშიც ჩვენ ვართ. თითოეულ ჩვენთაგანს და განსაკუთრებით, პრეზიდენტ სააკაშვილს ბუნებრივია, ესმის, რომ ეს ბრძოლა არ არის მისი თავისუფლებისთვის, ეს ბრძოლა არის საქართველოს თავისუფლებისთვის. ვისაუბრეთ გზავნილებზე, პროტესტის შინაარსზე ისევე, როგორც ფორმაზე, თუმცა კონკრეტულად, ჯერ პრესასთან არ ვისაუბრებ, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებები მიღებული არ არის“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით 21 დეკემბერს აქციას გამართავს.

პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ინფორმაციით, აქცია - „თავისუფლება მიშას" თბილისში, რუსთაველის გამზირზე 18:00 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.