"პრეზიდენტი საკმაოდ ადეკვატური იყო" - როგორ აფასებს სალომე ზურაბიშვლთან შეხვედრას დავით ბაქრაძე? - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტი საკმაოდ ადეკვატური იყო" - როგორ აფასებს სალომე ზურაბიშვლთან შეხვედრას დავით ბაქრაძე?

პრეზიდენტი მზად არის ყველა პოლიტიკურ პარტიას შეხვდეს კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ -კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ დეტალებზეა დამოკიდებული თანხმობის პროცესი, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა.

როგორც ბაქრაძე განმარტავს, პრეზიდენტი საკმაოდ ადეკვატური იყო ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარების შეფასებისას.

“დავიწყებ იმით, რომ შეფასებით ნაწილში, მთელ რიგ შეფასებებს ვიზიარებ, რაც მოვისმინე, თუ რამდენად მძიმე მდგომარეობაა ქევყანაში, რამდენად დიდი უპერსპექტივობის განცდაა, როგორ ხდება ახალგაზრდების გადინება, რამდენად დიდ პრობლემას ქმნის დაპირისპირება. ამ ნაწილში, რაც შეეხება ქვეყანაში არსებული უმძიმესი ვითარების შეფასებას, დიახ, მიმაჩნია, რომ პრეზიდენტი საკმაოდ ადეკვატური იყო.

მთავარი რასაც საზოგადოება ელოდა და რისი პასუხი მინდოდა, კონკრეტული ნაბიჯები რა უნდა გაკეთდეს. დღეს ჩვენ კონკრეტიკა ვერ მოვისმინეთ. პრეზიდენტთან მქონდა საუბარი, დავუსვი ის კითხვები, რაზეც ვსაუბრობდი, რომ რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად პოლიტიკური დევნის დასასრულდებლად, იმისთვის, რომ პოლიტიკური ლიდერები არ იყვნენ ციხეში. მისი მხრიდან სრული მზადყოფნაა, რომ პროცესი გაგრძელდეს. მზად არის ყველა პოლიტიკურ პარტიას შეხვდეს კონკრეტულ დეტალებზე სასაუბროდ. იმედი მაქვს, იმის გამო, რომ ეს პირველი შეხვედრა იყო, ჩავთვალოთ, რომ პირველი შეხვედრის გამო, დეტალებზე საუბარი არ შედგა. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ამ დეტალებზეა დამოკიდებული თანხმობის პროცესი“,- აღნიშნავს ბაქრაძე.

"ინტერპრესნიუსი"