"რატომ დიალოგის ახალი მაგიდა? - მშვენიერი ახალი სკამები და მაგიდებია პარლამენტში და მობრძანდნენ იქ" - არჩილ თალაკვაძე ოპოზიციურ პარტიებზე - კვირის პალიტრა

"რატომ დიალოგის ახალი მაგიდა? - მშვენიერი ახალი სკამები და მაგიდებია პარლამენტში და მობრძანდნენ იქ" - არჩილ თალაკვაძე ოპოზიციურ პარტიებზე

რატომ დიალოგის ახალი მაგიდა? - მშვენიერი ახალი სკამები და მაგიდებია პარლამენტში და მობრძანდნენ იქ, - ასე უპასუხა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ "პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ შეკითხვას, რამდენად შეიძლება პოლიტიკურ მხარეებს შორის დიალოგის საწარმოებლად გაჩნდეს მოლაპარაკების ახალი მაგიდა და მზად არის თუ არა მმართველი პარტია პროცესში მონაწილეობისთვის.

მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციონერი დეპუტატები არ მიდიან, რაც არასწორია.

"ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებითვე, ოპოზიცია მიმდინარე პოლიტიკური პროცესით, მხარდამჭერების რაოდენობას კარგავს.

"ახალი დიალოგი რატომ? მშვენიერი ახალი მაგიდები და სკამებია პარლამენტში, მობრძანდნენ პარლამენტში. გუშინ ბიუჯეტის განხილვა იყო. დღეს ეკონომიკის მინისტრის მოსმენა და ეკონომიკური საკითხების განხილვა გაიმართა და ერთადერთი ოპოზიციონერი იჯდა დარბაზში. ამ დროს მოქალაქეები ხელფასს უხდიან ათობით ოპოზიციონერს, რისთვის? - რომ ესენი შემოვიდნენ და მონაწილეობა მიიღონ, აზრი დააფიქსირონ ტრიბუნასთან. ისინი პარლამენტში არ ჩანან, პირიქით, რაღაც გაუგებარ ფორმატებში იკრიბებიან, აკეთებ განცხადებას, რომლის შესრულება არ შეუძლიათ, რადგან ამის ძალა რეალურად არ აქვთ. გინდათ თქვათ, რომ ისინი მხარდამჭერებს ინარჩუნებენ? - პირიქით, ისინი ამით მხარდამჭერებს კარგავენ და ატყუებენ“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ისაუბრა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიღებაზეც, როგორც თალაკვაძემ განაცხადა, პრეზიდენტი თავის განცხადებებში თანმიმდევრულია.

"პირველ რიგში, მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს ამ პოზიტიური ინიციატივისთვის. პირველად არ ხდება, როდესაც ის არის დიალოგის ხელშემწყობი. გახსოვთ, რომ წინა პოლიტიკურ მოლაპარაკებებშიც პრეზიდენტი ზურაბიშვილი იყო ჩართული და მან სივრცე, რაც პრეზიდენტის ინსტიტუტს აქვს, შესთავაზა პოლიტიკურ პარტიებს მოლაპარაკებებისთვის. ის თანმიმდევრულია თავის განცხადებაში და რაც ზეპარტიულ პოლიტიკურ ფიგურას, საქართველოს პრეზიდენტს, კონსტიტუციით ევალება, სწორედ იმ ღირებულებით ხაზს ატარებს და დღევანდელ განცხადებაში მან აქცენტი გააკეთა საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, პოლიტიკური სისტემის სტაბილურობაზე, შემდგომი რეფორმების და სამომავლო დღის წესრიგის შესახებ, რაც ჩვენთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტული”, - განაცხადა თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"