აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოში შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანობის კუთხით - კვირის პალიტრა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლებში საქართველოში შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანობის კუთხით

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში შეინიშნება მნიშვნელოვანი პროგრესი ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე წარმოებული გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ეფექტიანობის კუთხით. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნისს“ საქართველოს გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, სექტემბერში MONEYVAL-მა 2019 წელს ჩატარებული საქართველოს შეფასების შესახებ ანგარიში დაამტკიცა, სადაც აღნიშნულია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს პროგრესი და გაკეთებულია დასკვნა, რომ ტერორიზმის დაფინანსების საქმეებზე საქართველოში წარმოებული გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დონემ ეფექტიანობის მნიშვნელოვან ნიშნულს მიაღწია.

„ანგარიშის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს აქვს ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტების გამოძიების მანდატი და მისი კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს პროკურატურასთან და სხვა სახელმწიფო უწყებებთან.

ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის განმავლობაში საქართველო კონტრტერორისტული საკითხების სპექტრში აქტიურად იყო ჩართული.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, 2020 წელს საქართველომ ერთი მოქალაქე გაასამართლა ტერორიზმის ბრალდებით, რაც საზღვარგარეთ „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობას უკავშირდებოდა.

„მაისში, ISIS-თან დაკავშირებულ საქმიანობაში მონაწილეობისათვის, საქართველომ განახორციელა საქართველოს მოქალაქის უკრაინიდან ექსტრადიცია. ქართულმა სასამართლომ ტერორისტულ ორგანიზაციაში მონაწილეობისთვის იგი დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა“ - ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველომ კიდევ უფრო დახვეწა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ კანონები და გააძლიერა სასაზღვრო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურა.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს, ზოგადად, ტერორისტული ინციდენტების გამოვლენა, შეკავება და მათზე რეაგირება შეუძლია“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.