"არეულობა უკრაინასთან მიმართებით: როგორ მოვხვდით ამ სიტუაციაში და როგორ ვებრძოლოთ პუტინის მუქარებს" - რას წერს ამერიკული გამოცემა?
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცდომა დაუშვა, როცა უკრაინას ნატოს სამხედრო ალიანსის წევრობას დაჰპირდა, - ასეთ თვალსაზრისს გამოხატავს ამერიკელი ანალიტიკოსი მაიკლ კრეპონი ჟურნალ "ფორბსის" (Forbes) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - "არეულობა უკრაინასთან მიმართებით: როგორ მოვხვდით ამ სიტუაციაში და როგორ ვებრძოლოთ პუტინის მუქარებს".
უკრაინის ირგვლივ მიმდინარე კრიზისს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს: პირველი - რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გრძნობები და მისი პირადი პოზიცია კიევის მიმართ და მეორე - აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილება ნატოს გაფართოების მიზნით, ალიანსში საქართველოსა და უკრაინის მიღების შესახებ.
ვლადიმერ პუტინს გულში წყენა აქვს ჩადებული საბჭოთა კავშირის დაშლისა და ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციის გაქრობის გამო. მისთვის განსაკუთრებით მიუღებელია, რომ ნატოს გაფართოება ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების ხარჯზე ხდება.
აშშ-ის ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო მინიშნება, რომ განზრახული ჰქონდა საქართველო და უკრაინა ნატოს წევრად მიღებულიყვნენ. იმავე წელს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მკვეთრი სიტყვით გამოვიდა მიუნჰენის უსაფრთხოების კონფერენციაზე და ჯორჯ ბუშის მტრულ განზრახვაზე ილაპარაკა", - წერს ავტორი.
"აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა პრეზიდენტობის მეორე ვადის დროს საბედისწერო გადაწყვეტილება მიიღო - საქართველოსა და უკრაინის ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. იმ ხანებში აშშ-ის ელჩმა რუსეთში - უილიამ ბერნსმა (დღეს იგი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორია) თავის უფროსს - კონდოლიზა რაისს პირადად აცნობა, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილება ძალიან ცუდი შედეგის მომტანი იქნებაო. იყვნენ სხვებიც, რომლებიც გარკვეული გაფრთხილებებით გამოდიოდნენ, მაგრამ ჯორჯ ბუში მაინც თავის პოზიციაზე დარჩა.
აშშ-ის პრეზიდენტის სურვილი და მისი მცდელობა ნატოში საქართველოსა და უკრაინის მიღების თაობაზე ძალზე დიდი შეცდომა იყო, მაგრამ რაც მოხდა, მოხდა - ალიანსი თავის გადაწყვეტილებას უკან აღარ წაიღებს, მაგრამ ისიც ცხადია, რომ ნატო რუსეთთან ომს იმისთვის არ დაიწყებს, რომ თავის რიგებში უკრაინა მიიღოს", - აღნიშნავს ავტორი.
ნატომ თავისი გაფართოებებით დაკარგა ადრინდელი იდენტურობა და ინსტიტუციური შემთანხმებლობა. შეძლებს კი ალიანსის 30 წევრი ერთად გამოვიდეს ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ, თუ ის უკრაინაზე შეტევას გადაწყვეტს? ეს კითხვა ღიად რჩება.
კიევს ნატოში გაწევრება არ სჭირდება იმისთვის, რომ უკრაინა ევროპასთან ეკონომიკურად უფრო ინტეგრირებული გახდეს. კიევს ასევე არ სჭირდება ნატოს წევრობა იმისათვის, რომ რუსული ავანტიურიზმის დასასჯელად დახმარება მიიღოს. უკრაინას დღეს დასავლეთი ისედაც საკმარის დახმარებას უწევს. გარდა ამისა, უკრაინას ნატოს ოთხი წევრი ესაზღვრება, რომლებიც კიევს, აუცილებლობის შემთხვევაში, ქმედით ფარულ სამხედრო დახმარებას აღმოუჩენენ", - ნათქვამია პუბლიკაციის დასასრულს. (წყარო)
მოამზადა სიმონ კილაძემ