"როცა დავინახავ, რომ ოპოზიცია პარლამენტში ჯანსაღად ოპონირებს და კი არ „ხულიგნობს" ან მაგიდებზე კი არ დარბის, ამის მერე შეიძლება დაიჯერო, რომ მათ აქვთ შერიგების სურვილი" - კვირის პალიტრა

"როცა დავინახავ, რომ ოპოზიცია პარლამენტში ჯანსაღად ოპონირებს და კი არ „ხულიგნობს" ან მაგიდებზე კი არ დარბის, ამის მერე შეიძლება დაიჯერო, რომ მათ აქვთ შერიგების სურვილი"

როცა დავინახავ, რომ ოპოზიცია პარლამენტში მუშაობს, კი არ "ხულიგნობს" და მაგიდებზე კი არ დარბის, ჯანსაღად ოპონირებს მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ამის მერე შეიძლება დაიჯერო, რომ მათ აქვთ შერიგების სურვილი,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რითაც შერიგებაზე პრეზიდენტის ინიციატივას გამოეხმაურა.

რაც შეეხება წინაპირობებს, მაჭარაშვილი ამბობს, რომ "წინაპირობები არც ყოფილა და არც არსებობს, გარდა ერთისა, რომ საქართველოს მოსახლეობამ აირჩია პოზიციაც და ოპოზიციაც პარლამენტში".

"პრეზიდენტის განცხადება შერიგებასთან დაკავშირებით არის ძალიან კარგი ჟესტი. თუმცა, რამდენად გამოიყენებენ ამას მხარეები, მათ შორის ოპოზიცია, ეს დამოკიდებულია მათზე. თუ ოპოზიციამ არ შეცვალა თავის დღის წესრიგი, რადიკალური ფაქტიური ლიდერის მხრიდან წინააღმდეგობის კერების შექმნაზე განცხადებები, ბუნებრივია, საზოგადოებაც დაინახავს, რომ მათი მხრიდან არანაირი სურვილი შერიგების არ არის.

ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. პირველი ნაბიჯი ეკუთვნის ოპოზიციას, რადგან ისინი წავიდნენ პარლამენტიდან ქუჩაში და თუ დაბრუნდებიან პარლამენტში, ჯანსაღად დაიწყებენ ოპონირებას, მერე შეიძლება გვქონდეს განცდა, რომ იწყება შერიგების პროცესი. როცა პრეზიდენტი ამბობს, რომ ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ ეს პროცესი ნიშნავს იმას, რომ სწორედ საქართველოს პარლამენტი არის მთავარი პოლიტიკური ორგანო, სადაც საზოგადოებამ აირჩია პოზიციაც და ოპოზიციაც. პირველი ნაბიჯი უნდა გადაიდგას იქითკენ, რომ ყველა მოვიდეს საკანონმდებლო ორგანოში, სადაც საზოგადოებამ აგვირჩია და აქ უნდა დავიწყოთ, ნორმალური, თუნდაც კრიტიკული, მაგრამ ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი, ამის შემდგომ გამოიკვეთება მიმართულებები, რაზეც შეიძლება შევჯერდეთ.

როცა დავინახავ მე პირადად, რომ ოპოზიცია პარლამენტში მუშაობს ისე, როგორც უნდა მუშაობდეს წარმატებულ, დემოკრატიულ სახელმწიფოში და კი არ "ხულიგნობს" იქ და მაგიდებზე კი არ დარბის, ჯანსაღად ოპონირებს მინიმუმ რამდენიმე თვის განმავლობაში, ამის მერე შეიძლება დაიჯერო, რომ მათ აქვთ შერიგების სურვილი. როცა დილას ამბობ შერიგებას და საღამოს მოუწოდებ წინააღმდეგობის კერების შექმნისკენ, აქ ჩნდება ეჭვები რამდენად გულწრფელად გინდა შერიგება,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, გუშინ პრეზიდენტმა საახალწლო მიღებაზე განაცხადა, რომ შერიგება იწყება მოსმენით და ამ პროცედურის დაწყებას წინ არ შეიძლება წინაპირობები უძღოდეს.