"ბედნიერი ვარ, რადგან მე და ჩემს მეუღლეს ამდენი წელი ბედნიერი ურთიერთობა გვაქვს" - ვინ არის გერმანიის ახალი კანცლერი?
ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობის შემდეგ, 8 დეკემბერს, გერმანიაში კანცლერის სავარძელი ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა და ვიცე-კანცლერმა, 63 წლის ოლაფ შოლცმა დაიკავა.
გერმანიის ახალი კანცლერი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელია.
ოლაფ შოლცი 1958 წლის 14 ივნისს გერმანიის ქალაქ ოსნაბრიუკში დაიბადა. 1985 წელს მან დაამთავრა ჰამბურგის უნივერსიტეტი.
გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას ის ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში, 17 წლის ასაკში შეუერთდა და "ახალგაზრდა სოციალისტების" წევრი გახდა.
გერმანიის კანცლერი ბუნდესტაგის დეპუტატი პირველად 1998 წელს გახდა. 2019 წლამდე ის სოციალ-დემოკრატიული პარტიის სახელით უამრავ თანამდებობას იკავებდა.
შოლცი გერმანის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტსაც იკავებდა და, როგორც ცნობილია, ნარკოვაჭრობის მიმართ ყველაზე დაუნდობელი იყო. მისი გადაწყვეტილებით, პოლიციის თანამშრომლებს მიეცათ უფლება, ნარკომოვაჭრეებისთვის, რომლებსაც კაფსულა გადაყლაპული ჰქონდათ და ასე გადაჰქონდათ, ღებინების წამალი მიეცათ, თუმცა ევროსასამართლომ ეს გადაწყვეტილება დაგმო.
2000-იან წლებში მისი მეთაურობით განახორციელეს პროგრამა ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ. პროგრამის მიხედვით ბავშვებსა და ქალებს ეხმარებოდნენ.
2018 წლის მარტში ის გერმანიის ფინანსთა მინისტრად და, ამავე დროს, ვიცე-კანცლერად დაინიშნა. სწორედ მისი ჩართულობით შეადგინეს გერმანიის ბიუჯეტი კოვიდპანდემიასთან ბრძოლისას.
2021 წელს შოლცი საპარლამენტო არჩევნებზე სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიის ლიდერი იყო. პარტიამ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა. 2020 წლის აგვისტოში კი ცნობილი გახდა, რომ შოლცი 2021 წლის არჩევნებზე კანცლერის პოზიციაზე სოციალ-დემოკრატების კანდიდატი იქნებოდა. როგორც ცნობილია, ოლაფ შოლცი გერმანიის ყოფილი კანცლერის - გერჰარდ შრედერის შემდეგ პირველია, რომელიც სოციალ-დემოკრატებს წარმოადგენს.
რაც შეეხება მის პოლიტიკურ ხედვას, შოლცი კრიტიკულია რუსეთ-უკრაინასთან განვითარებული მოვლენების მიმართ და კრიტიკულად აფასებს მოსკოვის პოლიტიკას. მიუხედავად ამისა, აღსანიშნავია, რომ მან მხარი დაუჭირა "ჩრდილოეთის ნაკადის 2“-ის პროექტს.
გერმანული მედიის ცნობით, გერჰარდ შრედერისგან განსხვავებით, შოლცი რუსეთთან არ გაატარებს "განსაკუთრებულ პოლიტიკას“.
რაც შეეხება პანდემიასთან ბრძოლას, შოლცი “COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინის აქტიური მხარდამჭერია და განაცხადა, რომ მისი კაბინეტისთვის “COVID-19“-თან ბრძოლისას წითელი ხაზები აღარ არსებობს“.
პირადი ცხოვრება
გერმანიის ახალი კანცლერის პირადი ცხოვრების შესახებ ბევრი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, როგორც ყვითელი პრესა წერს, ის საკმაოდ რაციონალური, სტაბილური და თითქმის მოსაწყენი პიროვნებაა. მას ხან "მოსაწყენ ბიუროკრატსაც“ კი უწოდებენ.
2017 წელს გერმანიის კანცლერმა გამოსცა წიგნი, სადაც მიგრაციასა და მიგრანტთა პრობლემებზე საუბრობდა.
მას ჰყავს მეუღლე ბრიტა ერნსტი, რომელზეც 1998 წელს იქორწინა. გერმანიის კანცლერის მეუღლეც სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრია. იგი განათლებისა და სპორტის მინისტრიც გახლდათ. მათი პირადი ურთიერთობის შესახებ ბევრი ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა, როგორც ცნობილია, გერმანიის კანცლერი ამაყობს მეუღლესთან ურთიერთობითა და მათი სიყვარულით.
"ბედნიერი ვარ, რადგან მე და ჩემს მეუღლეს ამდენი წელი ბედნიერი ურთიერთობა გვაქვს", - ამბობს შოლცი ერთ-ერთ გამოცემასთან.
როგორც ცნობილია, ის არც ერთი რელიგიური კონფესიის წარმომადგენელი არ არის.