"თუ "ქართულმა ოცნებამ" რამე სისულელე არ ჩაიდინა, "ნაციონალურ მოძრაობას" ეს თამაში წაგებული აქვს" - კვირის პალიტრა

"თუ "ქართულმა ოცნებამ" რამე სისულელე არ ჩაიდინა, "ნაციონალურ მოძრაობას" ეს თამაში წაგებული აქვს"

ექსპერტ თორნიკე შარაშენიძის შეფასებით, პრეზიდენტის სასახლეში გამართული მიღება, სადაც ხელისუფლებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერები იმყოფებოდნენ, არ იყო იმ პროცესის საწყისი, რამაც უკვე დასასრულისკენ უნდა წაიყვანოს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისი.

ამის შესახებ თორნიკე შარაშენიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ისაუბრა, რითაც შეაფასა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სასახლეში გამართული მიღება და შერიგებასთან დაკავშირებით დიალოგის წარმოების საკითხი.

„მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ვხედავთ, რომ ამ პროცესისგან გამოთიშულია. თუ რამე ძალიან ჭკვიანურ გეგმას დადებენ გუშინდელი დამსწრეები, მაშინ კი, შეიძლება რაღაცაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ, როდესაც მთავარი ოპოზიციური ძალა არ მონაწილეობს პროცესში და ამას ემატება მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა, შემდეგში ასე მარტივად არ იქნება ყველაფერი. ამასთან, ცხადია, სააკაშვილსაც ასე მარტივად ვინ გამოუშვებს ციხიდან“. განაცხადა შარაშენიძემ.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რაიმე დათმობაზე საუბარი რთულია.

„უკვე დათმობა მოუწევთ ძალიან ცუდად და ერთ წელიწადში მერამდენედ უნდა მოითმინონ? შარშან ამბობდნენ, რომ არ შევალთ პარლამენტშიო, ამის მერე ვნახეთ, რომ შევიდნენ პარლამენტში და უკან რამდენჯერ უნდა დაიხიონ? ეს ხომ მათ ასუსტებთ საბოლოო ჯამში. ასე რომ, მე მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ გამოსავლის პოვნას ცდილობს. 21 დეკემბერს დიდი მიტინგი დააანონსეს, იქ რომ ბევრი ხალხი არ გამოვა, კარგად მისახვედრია. მოკლედ, დრო მათ წინააღმდეგ მუშაობს და ამას კარგად ხვდებიან. თუ „ქართულმა ოცნებამ“ რამე სისულელე არ ჩაიდინა, მათ ეს თამაში წაგებული აქვთ. რაც შეეხება უშუალოდ პრეზიდენტის სასახლეში მიღებას, საქმე იმაშია, რომ ვიღაცები იკრიბებიან და ვიღაცები გარეთ რჩებიან, ეს ყოველთვის არის გარეთ დარჩენილებზე ზეწოლის საბაბი, ამიტომ გარეთ დარჩენილებს უწევთ ხოლმე რაღაც მომენტში თავის მართლება სხვადასხვა მიზეზით და ა.შ.“, - აცხადებს შარაშენიძე.