გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახი მერაბ კობიაშვილის გამართლებაზე: "დღეს საქართველო კიდევ ერთხელ იქცა მკვლელების ქვეყნად" - კვირის პალიტრა

გუდაურში მოკლული თამაზ გორთამაშვილის ოჯახი მერაბ კობიაშვილის გამართლებაზე: "დღეს საქართველო კიდევ ერთხელ იქცა მკვლელების ქვეყნად"

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ 28 წლის თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ მერაბ კობიაშვილის გამართლებას მოკლულის ოჯახის წევრების უკმაყოფილება მოჰყვა.

როგორც გორთამაშვილის ოჯახის ახლობელი აცხადებს, მათთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

„დღეს საქართველო კიდევ ერთხელ იქცა მკვლელების ქვეყნად. დღევანდელ დღემდე მჯეროდა, რომ ადამიანის სიცოცხლეს ამ ქვეყანაში რაღაც ფასი ჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისევ იმ ჭაობში ვართ და დღესდღეობით საქართველოში სიცოცხლის უფლება თურმე არ ჰქონია არავის“, - აცხადებს ოჯახის ახლობელი.

შეგახსენებთ, რომ მერაბ კობიაშვილი თამაზ გორთამაშვილის მკვლელობაში 12 ნაფიცი მსაჯულიდან 10-მა უდანაშაულოდ ცნო. რაც შეეხება კიდევ ერთი პირის მკვლელობის მცდელობას, მსაჯულებმა კობიაშვილი აღნიშნულ ეპიზოდში ერთხმად გაამართლეს.

თამაზ გორთამაშვილი 2020 წლის 16 თებერვალს, გუდაურში მოკლეს, ერთი პირი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს მკვლელობას, მკვლელობის მცდელობასა და ძალადობას ედავებოდნენ.

ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.