"სკეპტიკურად ვარ განწყობილი, "ქართული ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" რიტორიკა მიჩენს ეჭვებს, თორემ ვაშაძეს კი შევურიგდი"
"ზურაბიშვილმა მითხრა, რომ არც სქემა აქვს მოფიქრებული და არც ის იცის, რა გამოვა საერთო ჯამში, მაგრამ თქვა, რომ უნდა, ცდა არ დააკლოს, რომ ეროვნულ თანხმობამდე მივიდეთ", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, თავად მზად არის ყველასთან მიმართებით გადადგას ნაბიჯი და ბოდიში მოიხადოს, თუმცა, აღნიშნავს, რომ „სხვებს უფრო მეტად აქვთ კუდი ყავარზე“. მისივე თქმით, წინაპირობებზე საუბარი ისმის როგორც „ქართული ოცნების“, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან და მსგავსი რიტორიკა სკეპტიკურად განაწყობს.
„მე ძალიან მომწონს ადამიანებში გულახდილობა და რაც მომეწონა სალომე ზურაბიშვილის როგორც ოფიციალურ განცხადებაში, ისე პირისპირ როცა ვისაუბრეთ, მითხრა, რომ არ იცის ზუსტად, არც სქემა აქვს მოფიქრებული და არც ის იცის, რა გამოვა საერთო ჯამში, მაგრამ თქვა, რომ უნდა ცდა არ დააკლოს, რომ ეროვნულ თანხმობამდე მივიდეთ. არ უთქვამს, რომ ზუსტად იცის, რას აკეთებს და რა ვადებში მიიღწევა მიზანი, რადგან მეც სკეპტიკურად ვარ განწყობილი. „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა ეჭვებს მიჩენს, რომ შეიძლება არც არაფერი გამოვიდეს აქედან, თორემ ვაშაძეს კი შევურიგდი.
ვიცი, რომ იქნება ინტენსიური შეხვედრები. ისიც მომეწონა, რომ თქვა, რომ შეურაცხყოფად არ მიუღია ის, რომ ზოგ-ზოგიერთები არ მივიდნენ და მზად არის, ინდივიდუალურ რეჟიმში შეხვდნენ. ყველამ ვცადოთ და იქნებ გამოგვივიდეს. მე მზად ვარ, ნებისმიერთან მიმართებაში, ვისზეც საზიზღრობები მაქვს ნათქვამი, გადავდგა ნაბიჯი, მოვინანიო, ბოდიშიც მოვიხადო, ჩემი შემთხვევა უფრო მარტივია, სხვებს უფრო მეტად აქვთ კუდი ყავარზე, მეც მაქვს გარკვეულწილად, მაგრამ სხვებს უფრო მეტად. ამ პროცესში გამოჩნდება, ვის უყვარს ეს ქვეყანა და ვის ადარდებს ხალხი,“ - განაცხადა ელისაშვილმა.