"შეყვარებული ვარ" - კვირის პალიტრა

"შეყვარებული ვარ"

"ძალიან მინდა ბედნიერების განცდა რაც შეიძლება ხშირად იყოს, როგორც ჩემს, ასევე სხვების ცხოვრებაში. ახლა ეს განცდა ხშირად არ მაქვს"

"ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს, გარემოს დაცვაში დიდ როლს შევიტანდი. ეს პრობლემა მწვავედ დგას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - მსოფლიოში და ძალიან მაღელვებს", - ამბობს მსახიობი გიორგი ბარბაქაძე. რა არის მისი ყველაზე დიდი სისუსტე, რა ენატრება, რას არ გააკეთებს არასდროს არანაირი თანხის სანაცვლოდ, არის თუ არა შეყვარებული და რა არ მოსწონს საკუთარ ხასიათში? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- 2001 წლის 15 ნოემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ფეხბურთელი. ძალიან ცოტა ხანი დავდიოდი ფეხბურთზე, 1 წელი საბურთალოს გუნდში ვთამაშობდი. ეს ის პერიოდი იყო, როცა სერიალში თამაში დავიწყე, გადაღებებმა ხელი შემიშალა და ბოლოს საერთოდ შევეშვი. ახლა სტუდენტი ვარ, ბიზნესის მენეჯმენტს ვსწავლობ.

- ჩემზე ამბობენ...

- ...კარგი ხასიათი აქვსო. უმეტეს შემთხვევაში, დადებითი შეფასებები მესმის.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...კარგი ხასიათი.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...გეიმერი გამოვიდოდი. მსახიობობის პროფესიულ დონეზე შესწავლის სურვილი არასდროს მქონია.

- ჩემი პირველი წარმატება იყო...

- ...წლების წინ, როცა "ჩემი ცოლის დაქალებში" გადამიღეს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვით...

- ...გადამღებ ჯგუფის წევრებს და მე. თავად რომ საკუთარი თავის რეალიზება ვერ მომეხდინა, ისე არავინ გადამიღებდა.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ბედნიერი ვარ? ძალიან მინდა ბედნიერების განცდა რაც შეიძლება ხშირად იყოს, როგორც ჩემს, ასევე სხვების ცხოვრებაში. ახლა ეს განცდა ხშირად არ მაქვს. არადა, ძალიან საჭიროა, როგორც სხეულისთვის, ასევე - მენტალობისთვის.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ამაზე არასდროს დავფიქრებულვარ. შეიძლება იუმორი დავასახელო, რატომაც არა?! ყოველთვის ვცდილობ, ჩემი იუმორით, ხუმრობებით გარშემო მყოფები კარგ ხასიათზე დავაყენო.

- თვისება, რომელიც ჩემში არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...

- ...ხანდახან ცივი ვარ, ოღონდ ეს თავისთავად ხდება, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, მიზეზი არასდროს ვიცი.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...არც ვიხსენებ, არც ვინანიებ, ვივიწყებ და წარსულში ვტოვებ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...რომ არასდროს უნდა დავნებდე.

- ჩემი ჰობია...

- ...კომპიუტერული თამაშები. როცა თავისუფალი დრო მაქვს ან კომპიუტერთან ვარ, ან - მეგობრებთან. რომელი მირჩევნია? მეგობრებთან ყოფნა, რადგან ცოცხალი ურთიერთობა მაინც სხვა რამეა.

- პატიება შემიძლია, თუ...

- ...ჩემი წყენის ხარისხი ძალიან მაღალი არ არის. პატარა წყენებს ყველას ვპატიობ, მაგრამ ვინმე დიდ ტკივილს თუ მომაყენებს, არ ვაპატიებ. ამის გამო ადამიანებიც დამიკარგავს.

- თავად პატიებას...

- ...არასდროს ვითხოვ, მიჩვეული არ ვარ.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...საერთოდ არ ვფიქრობ, არავინ იცის, რა მოხდება ხვალ, ზეგ... მგონია, სასწავლებელს რომ დავასრულებ, ჩემი პროფესიით მაინც არ ვიმუშავებ და ახალ საქმეს დავიწყებ. ბიზნესის მენეჯმენტი ისეთი საინტერესო არ აღმოჩნდა, როგორც "გარედან" მეგონა. უფრო, დიდი სურვილი მაქვს, პროფესიონალი გეიმერი გამოვიდე.

- ვიბნევი...

- ...გადაღების დროს, მაგრამ ეს მაშინ ხდება, როცა გამოუძინებელი ვარ, ზოგჯერ ტექსტს კარგად ვერ ვიმახსოვრებ.

- ამ წუთში ძალიან მინდა...

- ...ვიყო მეგობრებთან ერთად. ჩვენ ახლახან დავბრუნდით ბორჯომიდან, მათთან ერთად დროს ისევ სიამოვნებით გავატარებდი.

- ...წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...შეურაცხყოფის მოყენებას. ამ დროს თავდაცვის ინსტინქტი მერთვება.

- მეზარება...

- ...დილით საწოლიდან ადგომა.

- სიყვარული ეს...

- ...ვერ ავხსნი, რა არის, ამ განცდის და ემოციის სიტყვებით გადმოცემას ვერ შევძლებ.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...სკოლაში ვსწავლობდი. ერთი გოგო მიყვარდა, მას პატივს ვცემდი, მინდოდა ყველასგან დამეცვა, დიდ დროს ვუთმობდი.

- ახლა შეყვარებული...

- ...ვარ, მაგრამ იმ პიროვნების დასახელებისგან თავს შევიკავებ.

- ჩვენს ურთიერთობაში რომანტიზმი...

- ...ორივეს მხრიდან ზომიერი დოზითაა. ძალიან მაგარი სიგიჟეები ჯერ არ ჩამიდენია. ის ჩემი მაყურებელია. მეუბნება, ძალიან კარგი ხარო.

- თავისუფლება...

- ...როცა ადამიანი აკეთებს იმას, რაც უნდა და ვიღაცის მიერ დაწესებულ ჩარჩოებში არ ექცევა. ის თავისი ქმედებებით არ უნდა ზღუდავდეს და არ უნდა ეხებოდეს სხვა ადამიანის თავისუფლებას. თავისუფლება სტერეოტიპებისგან თავისუფლებაა.

- მაკვირვებენ...

- ...ადამიანები ხან დადებითი, ხან უარყოფითი ქცევებით. საბედნიეროდ, დადებითი ჭარბობს.

- ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებენ...

- ...ჩემი კატები. ახლა 4 კატა მყავს. ბავშვობიდან ძალიან მიყვარს ცხოველები. ძაღლი მყავდა და მომიკვდა.

- ვრისკავ...

- ...დროს. ცოტათი ფილოსოფიური პასუხია, მაგრამ ასეა. არ ვიცი, მომავალში რა შედეგი მექნება.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ტყუილია. ტყუილზე ყოველთვის მძაფრი რეაქცია მაქვს.

- ვამაყობ...

- ...არაფრით ვამაყობ. შეიძლება პერიოდულად ეს განცდა გამიჩნდეს, მაგრამ ახლა არ მახსენდება.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მიხარია.

- მეშინია...

- ...არაფრის.

- ვმალავ...

- ...არაფერს. ვცდილობ ყველასთან ბოლომდე გახსნილი ვიყო.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...ხშირად აღარ მსაყვედურობენ. სკოლაში ზედმეტად აქტიური ვიყავი და მასწავლებლები მეუბნებოდნენ, ნუ ხმაურობო, მაგრამ ესეც იშვიათად ხდებოდა.

- ვუფრთხილდები...

- ...საყვარელ ადამიანებს.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...პროგრამირება, სათანადო დრო ვერ დავუთმე.

- ვიტყუები, როცა...

- ...ვხუმრობ; უწყინარ ტყუილს ვამბობ.

- როცა მარტო ვარ...

- ...ეს არ ხდება. შეიძლება კონკრეტული პიროვნება ჩემ გვერდით არ იყოს, მაგრამ ვინმესთან ონლაინკავშირზე მაინც ვარ.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ერთი წამით დავფიქრდები და გიპასუხებ (პაუზის შემდეგ), გარემოს დაცვაში დიდ როლს შევიტანდი. ეს პრობლემა მწვავედ დგას, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ - მსოფლიოში და ძალიან მაღელვებს.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...ბიჭს არ ვაკოცებ. არ მინდა, ეს წარმოუდგენელია.

- მენატრება...

- ...ჩემი ძაღლი, მარლი პუდელი მყავდა.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...ადამიანებთან ურთიერთობა განტვირთვის საშუალებაა. კომუნიკაცია ძალიან მშველის. შეიძლება ის ადამიანი უცნობიც კი იყოს.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...სკოლაში ინგლისურის მასწავლებელმა მითხრა, "ისწავლე ინგლისური ენა!" მას შემდეგ ვსწავლობ (იცინის).

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...დროს ფუჭად ნუ დაკარგავთ!

- "ჩემი ცოლის დაქალების" ბოლო სერიები მოზარდებისთვის (და არა მხოლოდ მათთვის) ისეთ მტკივნეულ თემას შეეხო, რასაც ჰქვია ექსტაზი, სტიმულატორი, ე.წ. წვეულებების ნარკოტიკი... როგორი იყო გადაღების პროცესი და რას იტყვი ამ პრობლემაზე?

- დიახ, ეს ძალიან დიდი პრობლემაა, აქტუალური და მტკივნეული. ჩემი პერსონაჟი კარგად იქცევა, ცუდ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, სხვების მსგავსად არ ტოვებს და ბოლომდე პატრონობს. მაყურებელმა ეს დაინახა, ამიტომაც დადებითი გამოხმაურება იყო.

- ამ პრობლემის მქონე თანატოლებთან რეალურ ცხოვრებაში ურთიერთობა გქონია?

- შეიძლება მქონია, მაგრამ მათ ჩემთან ამ თემაზე ლაპარაკი არ ჰქონიათ. ეს სერიები რეალობის ასახვაა. მართლა ხდება ასეთი ფაქტები, მართლა აცდუნებენ ერთმანეთს ადამიანები, მერე ტოვებენ გასაჭირში და ეს საშინელებაა.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"