მინირანჩო - ნაგავსაყრელის სანაცვლოდ
"ჩემი ბაღის დანახვისას გამვლელ-გამომვლელი გაჩერებულა, ფოტოები და ვიდეოები გადაუღიათ. ყველა ამბობს, რა ლამაზია, იშვიათად გვინახავს კორპუსებთან ასეთი მოვლილი და მოწყობილი ადგილიო. მსიამოვნებს, როდესაც ამას ამბობენ“
საკმარისია, გარემოზე მზრუნველი ადამიანი სადმე აღმოვაჩინოთ, ის მაშინვე ჩვენი რესპონდენტი ხდება. ინტერნეტმომხმარებელმა ლანა ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში საკუთარი ხელით გაშენებული ბაღის ფოტოები გამოაქვეყნა, რომელიც ასე დაასათაურა - "შემოდგომა მინირანჩოში". ქალბატონი ლანა ფილოლოგია, მაგრამ როგორც ამბობს, შვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო (გოგონა, 16 წლის სოფი ნიკოლაიშვილი, სკოლის ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა) სკოლაში აღარ საქმიანობს, აქვს ყვავილების მაღაზია და ამით არის ახლა დაკავებული.
- "მინირანჩო" რატომ ჰქვია ამ ადგილს?
- დიდი რანჩო ქართლში მაქვს, ჩემი აგარაკი, სადაც ასევე ბევრს ვშრომობ... სოფელში დავიბადე, სადაც ოჯახის ყველა წევრი ვშრომობდით. საქმის კეთება არ მეზარება.
- საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე გარემოზე მართლაც გიზრუნიათ და პატარ-პატარა ლამაზი "კუნძულებიც" შეგიქმნიათ...
- ჩემი შვილის უბედურების შემდეგ იმ ბინიდან, სადაც ვცხოვრობდი, წამოვედი და ეს შევიძინე. პირველი სართულია, რაც მოსახერხებელია, რადგან ძაღლები მყავს.
აქ დაბინავების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ სახლის გვერდით დიდი ნაგავსაყრელია, სამშენებლო თუ სახლიდან გამოტანილი ნარჩენებით სავსე. მერე ისიც ვნახე, რომ ბავშვებისთვის აქ არაფერი იყო, პატარები მოდიოდნენ და ნიჩბებით დატკეპნილ მიწას ფხეკდნენ. საქანელების დადგმა მოვიფიქრე, ლილოდან ჩემი ხარჯით მასალა მოვიტანე და როგორც შევძელი, გავაკეთე. პატარა ტრენაჟორებიც დავამატე ჩვილებისა და მოზრდილებისთვის. საკუთარი სახსრებითვე ქვიშა მოვიტანე და დავყარე, რომ პატარებს ეთამაშათ. გული ერთ რამეზე დამწყდა, რამდენიმე ადამიანმა ქვიშა ვედროებში რომ ჩაყარა და წაიღო...

ერთ დღესაც მუშები, მანქანა დავიქირავე და ნაგავი გავატანინე. ეს ადგილი გაუვალ ტყეს ჰგავდა. ხეების ძირში დიდი ტოტები იყო ამოსული და მოვჭერი. მხოლოდ გვერდით მეზობელი მომეხმარა, სხვა არავინ გამოსულა. გასუფთავების შემდეგ ხეს ფესვები გამოუჩნდა, გარშემო პატარა ღობე გავუკეთე და მიწა ჩავყარე, რომ მოშიშვლებულ ფესვებს კვება ჰქონოდა.
იქაურობა რომ გალამაზდა, ვიფიქრე, რატომაც არა, მცენარეებსაც დავრგავ-მეთქი. ვიყიდე მარადმწვანე მცენარეები, სადღაც 800-დან 1000 ლარამდე დამეხარჯა. არ არის მზიანი ადგილი, ჩრდილია და ყველაფერი ვერ გაიხარებდა. ამიტომ მცენარეებიც შესაბამისად შევარჩიე. ჩავრგე ვაზი, მუშმალა და წლეულს უკვე პირველი ნაყოფი ჰქონდა.
მერე პატარა ბილიკები გავაკეთე, მაგიდისა და სკამების იდეაც გამიჩნდა... თიხის ჭურჭელი განვალაგე, ბორბალი იმერეთში ვიყიდე, კახეთში - თონე, გავაკეთე დეკორატიული ბამბუკის ხიდიც. აკვანი გურიიდან გამომიგზავნეს.
მოსახლეობა რომ ხედავდა, ლამაზი გამოდიოდა, სხვადასხვა ნივთი მოჰქონდათ და დეკორაციებად ვაწყობდი.
ერთ დღესაც შინ მისულს ბავშვები დამხვდნენ, ლანა დეიდა, ვიღაც კაცს თქვენი დადებული დოქის წაღება უნდოდა, ჯოხით იღებდა, მაგრამ გაუტყდაო. ძალიან მეწყინა. გატეხილი დოქი ჩემი არ იყო. როგორც ჩანს, იმ უცხო კაცს, პირიქით, თავისი დოქის იქ დადება უნდოდა და მაშინ გაუტყდა. გული რომ არ სტკენოდა, ნამსხვრევები შევაკოწიწე, დავაწებე და დავდე. ამას წინათაც დამხვდა ვიღაცის მოტანილი თიხის ლამაზი საყვავილე. მივხვდი, ბაღში უნდოდა მასაც შეტანა და შევიტანე. მწვანე ნერგებიც მოუტანიათ, ყვავილებიც.
- ეს მეტყველებს, რომ თქვენი ბაღი მოსწონთ.
- კი, გამვლელ-გამომვლელი გაჩერებულა, ფოტოები გადაუღიათ, ვიდეოებს იღებენ. ყველა ამბობს, რა ლამაზია, იშვიათად გვინახავს კორპუსებთან ასეთი მოვლილი და მოწყობილი კუთხეებიო. მსიამოვნებს, როდესაც ამას ამბობენ.
- ჯერ შრომით იღებთ სიამოვნებას, შემდეგ თქვენი ნახელავით და ბოლოს სხვების შეფასებითაც...
- რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ჩემთვის არავის დაუძალებია. ეს ყველაფერი შეიძლება სხვებისთვის მაგალითის მიმცემიც იყოს. ვინმეს იქნებ იდეა მოუვიდეს და თვითონაც გააკეთოს.
ქალაქში ბევრ რამეს არ აქცევენ ყურადღებას. მეეზოვე გვიდა ეზოს და ვკითხე, რა შედის თქვენს მოვალეობაში-მეთქი? მხოლოდ ასფალტის დაგვაო. გამიკვირდა. მწვანე ბალახზე ნაგავი რომ ეგდოს, რატომ არ უნდა აიღონ?! თითოეული ჩვენგანიც უნდა მიეჩვიოს, რომ ქუჩაში არაფერი დააგდოს, გზად ნაგავს თუ გადავაწყდებით, სანაგვე ურნაში ჩავაგდოთ. ასეთი მაგალითები ყველაზე მეტად ბავშვებს სჭირდებათ.
- ზედა სართულებიდან ბაღში ნაგავს ხომ არ ყრიან?
- ერთხელ ზაფხულში გვიან ღამით საზამთროს ნარჩენები გადმოისროლეს... ბევრი რატომღაც ფიქრობს, რომ ფანჯრიდან გადაყრილი ნაგავი არაფერია, მთავარია, არავინ დაინახოს. მე პირიქით მგონია - როცა არავინ გვხედავს, ადამიანურად მაშინ უნდა მოვიქცეთ.
- როგორც აღნიშნეთ, ბევრს ჰგონია, ბაღი გარდაცვლილ შვილს მივუძღვენიო...
- გამიზნულად შვილის სახელზე არაფერი გამიკეთებია. როგორც გითხარით, ვერ შევეგუე ჩემი სახლის გვერდით უსუფთაობას. პირველი სართულია, ადამიანმა რომ გაიაროს, თავისუფლად შეუძლია შემოიხედოს.
აქაურმა მეზობლებმა რომ დაინახეს, დილიდან საღამომდე რომ ვმუშაობდი, რაღაცებს ვქმნიდი, ისე აღიქვეს, რომ შვილის ხსოვნას მივუძღვენი. თავიდან ჩემთან მოახლოებისაც ერიდებოდათ.
ახლა სხვა კორპუსებიდან მეუბნებიან, ნეტავ ბინა ჩვენთან გეყიდაო. საქმის კეთება ყველას შეუძლია, მთავარია, ადამიანმა შრომა არ დაიზაროს.