სახეირო ბატის ჭუკი
"ეზოში გვაქვს ბალახი და მხოლოდ ჩემი ბატები და იხვები კი არ პოულობენ საკვებს, კურდღლებიც მშვენივრად იკვებებიან“
ბუნებრივ პირობებში ეკოლოგიური საკვებით მოშენებული ფრინველის პროდუქტი ჯანმრთელობისთვის რომ სასარგებლოა, ეს საკამათო ნამდვილად არ არის. მათ შორის არის ბატის ხორციც, რომლის მოშენებასაც, სხვა შინაურ ფრინველთან შედარებით, ჩვენში რატომღაც ნაკლებად მისდევენ. არადა, ბატი როგორც გემოვანი თვისებებით, ასევე სარგებლიანობით ტოლს არ უდებს არც ერთ შინაურ ფრინველს. საყოველთაოდ ცნობილია ბატის ბუმბულის ბალიშებისა თუ საბნების ხარისხიანობაც, რომელთაც დღეს, სამწუხაროდ, ჩვენს სოფლებში აღარ ამზადებენ. თუმცა უცხოეთში ბატის ბუმბულის ლეიბები, ბალიშები და თბილი ქურთუკები ძვირ პროდუქციად ითვლება.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით და კიდევ იმისაც, რომ ჩვენში შრომის დაფასება ბოლომდე ვერ ვისწავლეთ, ოკუპაციის ხაზის პირას, სოფელ დიცში მცხოვრები 12 წლის რობი ამირაშვილის ისეთივე პატივისცემა გამიჩნდა, როგორიც სერიოზული, ზრდასრული ადამიანის მექნებოდა. ამ შრომისმოყვარე და ჭკვიანმა ბიჭმა შინ პატარა ფერმის მოწყობა შარშან დაიწყო. მას ინტერნეტით ნანახი ბატის ღუნღულა ჭუკების შეძენა იმდენად სურდა, რომ დედამ ნატვრა შეუსრულა და უყიდა. ასე დაიწყო ბატების მოშენება ოჯახმა, რომელიც ამ საქმის წამოწყებას სულაც არ აპირებდა. დღეს რობის უკვე სარეალიზაციო ბატები ჰყავს, თუმცა არა მარტო ბატები.
- რობი, შენი ტოლი ბიჭისგან ბევრს გაუკვირდება მსგავსი საქმის წამოწყება. ალბათ, სტიმული მშრომელმა ოჯახმაც მოგცა. მაგრამ ირგვლივ ბატი რომ არავის ჰყავს, მაინცდამაინც ის აირჩიე მოსაშენებლად?
- ფრინველები ძალიან მიყვარს. ვიცი, რომ მათი ყოლა და მოვლა სოფელში აუცილებელია, კვება ხომ ყველა ოჯახს სჭირდება. ამიტომ ფრინველს ყოველთვის ყურადღებას ვაქცევ, მხოლოდ ჩემს კი არა, სხვისასაც. სხვისი ქათამიც რომ ვნახო ეზოდან გზაზე გასული, ყურადღებას მივაქცევ, გზაზე რატომ არის, არ დაიკარგოს-მეთქი. ოჯახშიც ქათმებს ყოველთვის ვუვლიდი. არასოდეს მავიწყდება მათთვის საკენკის დაყრა, დათვლა. ხომ ყველანი არიან, რაიმემ ხომ არ შეჭამა, ქორმა ხომ არ წაიღო. თუ ბევრი ფრინველი გყავს, ეს კიდევ უკეთესია, შეგიძლია გაყიდო და ამ ფულით ისეთი რამ იყიდო, რაც გჭირდება. ჩვენც ოჯახში ბევრი რამ გვჭირდება, ამიტომაც ვიფიქრე, მოდი, ფრინველებს გავზრდი, რომ გავყიდო, ჩემს სურვილსაც ავისრულებ და ოჯახსაც დავეხმარები-მეთქი. ამისთვის ინტერნეტში ყველა ფრინველის მოვლასა და მოშენებაზე წავიკითხე ინფორმაცია. ბატის მოშენება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ბალახიანი ეზო გვაქვს. ზაფხულში სარწყავი რუც ჩამოგვიდის, ბატებს ხომ წყალი უყვართ. ბატის ჭუკებიც ისეთი საყვარლები არიან, გული არ მოგითმენს, არ იყოლიო. ჭუკების ყიდვა თავიდან იმიტომ მინდოდა, რომ სოფელში, ალბათ, კვერცხსაც ვერ ვიშოვიდი მათ მოსამრავლებლად. ამიტომ მერჩივნა, ჭუკი გამეზარდა და მომემრავლებინა. როდესაც დედას ვუთხარი, მინდა ფერმა გავაკეთო და ფრინველი ვიყოლიო-მეთქი, მაშინვე დამეთანხმა. ძალიან შორს რომ არ წავსულიყავით, ჩვენს სოფელთან, დიცის ახლოს ვიპოვეთ კაცი, ვისგანაც ჭუკებს ვიყიდდით.
- ლამაზი და გასაფრთხილებელია სოფელია დიცი, მით უმეტეს, მისი ნაწილი ოკუპირებულია და სწორედ შენისთანა ბიჭებმა უნდა გააძლიერონ... ბევრი ჭუკი მოიყვანეთ შინ?
- ბევრი არა, მაგრამ ბატის ჭუკებთან ერთად, იხვისაც მოვიყვანე და ინდაურისაც. მითხრეს, ინდაური ძნელი გასაზრდელიაო, მაგრამ მაინც წამოვიყვანე და ვუვლიდი. პატარებს მაწონსაც კი ვაჭმევდი, რომ არ დახოცილიყვნენ. თუმცა მაინც ვერ გადავარჩინე, ბატები და იხვები კი უფრო ადვილად გავზარდე. მოგვიანებით აუცილებლად გავზრდი ინდაურსაც.
ძალიან მიხარია, რომ ჩანაფიქრი ავისრულე. შარშან სულ სამი ბატის ჭუკი მყავდა, გავზარდე, კვერცხი დადეს და დედამ ამ კვერცხებიდან გამოაჩეკინა ქათამს ბატის ჭუკები. ახლა სწორედ ამ ჭუკებს ვყიდი. თუმცა სამ ბატს ისევ დავიტოვებ, რომ კვერცხი დადონ და ისევ მოვამრავლო.
- როგორც ვიცი, დიცში წყლის პრობლემაა, ბატებს კი წყალი უყვართ. ამან ხელი არ შეგიშალა?
- წყალი მართლაც არა გვაქვს, ან იშვიათად გვაქვს. სასმელი წყალი მხოლოდ 2 დღეში ერთხელ მოგვდის და იმდენად ცოტა, რომ დედას მისი მომარაგება უჭირს. თუმცა ზაფხულში პატარა სარწყავ რუს გვაძლევენ. ჩემი ბატები იქ დადიან საჭყუმპალაოდ.
- ვინც შინაურ ფრინველს ზრდის, ყველა წუწუნებს, ფრინველის საკვები იმდენად ძვირია, ფრინველის გაზრდაზე მეტი ფული იხარჯება, ვიდრე სარგებელს ვნახულობთ, ამიტომ ფრინველის გაზრდა არ ღირსო.
- დედაც მაგას ამბობს, მით უფრო მაშინ, როდესაც ფრინველის გასაზრდელად ბევრი მჭადის ფქვილი გვჭირდებოდა, მაგრამ როდესაც დაინახეს, რომ ფრინველების მომრავლება ნამდვილად მინდა და მათი მოვლაც შემიძლია, ბიძაჩემმა სიმინდი დათესა ჩემი ფრინველისთვის. ეზოშიც გვაქვს ბალახი, რომელსაც ბატები ჭამენ. ასე რომ, ჩემს ფრინველებს ეზოშივე აქვთ საკვები და სიმინდიც უფრო ცოტა სჭირდებათ. კურდღლებიც მყავს. რომ წავიკითხე, კურდღლები ძალიან სწრაფად იზრდებიან და სწრაფად იყიდებიანო, მაშინვე გადავწყვიტე მათი მოშენება. ახლა ოთხი მყავს, მაგრამ სულ მალე აუცილებლად ბევრი მეყოლება.
- კი მაგრამ, ეზოდან არ მიძვრებიან? ხომ შეიძლება დაიკარგონ?
- არა, არ იკარგებიან. სულ ჭამენ და მთელი დღე ეზოში არიან. მხოლოდ საღამოს შემყავს თავიანთ ბინაში. მართალია, კურდღლებისთვის ჯერ სპეციალური ბინა არა მაქვს, მაგრამ როდესაც ბატებს გავყიდი, აუცილებლად გავუკეთებ ბინას და ბევრსაც მოვაშენებ.