"იქ, სადაც ჩნდება მიხეილ სააკაშვილი, ჯერ ყველაფერი ცუდი ხდება, მერე სასაცილო" - რას აცხადებს პესკოვი?
იქ, სადაც ჩნდება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ჯერ ყველაფერი ცუდი ხდება, მერე სასაცილო, შემდეგ ყველაფერი კიდევ უფრო უარესდება, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საქმე რთულად აქვს.
"საქართველოს ძალიან რთულად აქვს საქმე სააკაშვილთან დაკავშირებით. ეს სრულიად იდუმალი ელემენტია, რადგან იქ, სადაც ჩნდება სააკაშვილი, თავდაპირველად ყველაფერი ცუდი ხდება, მერე სასაცილო, შემდეგ უფრო მეტად უარესი. თუმცა, რატომ დადის საქართველო ერთსა და იმავე ნაკვალევზე, ჩვენ ვერ გაგვიგია“, - განაცხადა პესკოვმა ტელეკომპანია RTVI -ის ეთერში.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ თავის დროზე რუსეთისთვის ზურგის შექცევა დაიწყო, „შემდეგ კი სააკაშვილი წავიდა უგნურებაზე და ომი გააჩაღა", - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა.
"ინტერპრესნიუსი"