"მომიბრუნდა ზვიად გამსახურდია და მითხრა: "გამსახურდიას, ის ცუდი კაცი რომ არის, ის კითხულობს კარგადო". "ცუდ კაცში" ოთარ მეღვინეთუხუცესი იგულისხმა..." - კვირის პალიტრა

"მომიბრუნდა ზვიად გამსახურდია და მითხრა: "გამსახურდიას, ის ცუდი კაცი რომ არის, ის კითხულობს კარგადო". "ცუდ კაცში" ოთარ მეღვინეთუხუცესი იგულისხმა..."

ზურაბ ცინცქილაძის მოგონებები

"მსახიობობა უამრავ რამეს გასწავლის, ეს ერთადერთი პროფესიაა, რომლის წყალობითაც რამდენიმე ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობ და მათ ტკივილსა თუ სიხარულს საკუთარივით განიცდი", - გვითხრა მსახიობმა ზურაბ ცინცქილაძემ, რომელსაც მრავალი საინტერესო პერსონაჟი აქვს შექმნილი ქართულ თეატრსა და კინოში. ის დიდი სიყვარულით იხსენებს ადამიანებს, რომელთა უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის და თავის ცხოვრებაზეც გვიამბობს.

- როდის გამიჩნდა მსახიობობის სურვილი? - ალბათ მაშინ, როცა ძალიან პატარა ვიყავი და არც კი ვიცოდი, რომ ასეთი პროფესია არსებობდა. ბავშვობა გურიაში გავატარე, ბებია მზრდიდა. თითქოს გუშინ იყო, ცნობილი ფილმი "მაია წყნეთელი" რომ ვნახე. ისეთი განცდა მქონდა, თითქოს ნამდვილ ამბავს ვუყურე და რაც ფილმში ხდებოდა, ძალიან განვიცადე. ბებია დიდხანს მიხსნიდა: ეს ყველაფერი არტისტებმა ითამაშესო. თურმე, ერთ კვირაში გამოვუცხადე, რომ მეც არტისტობა მინდოდა და ბებია ამას ყოველთვის ღიმილით იგონებდა.

- თქვენთვის საოცნებო სამყაროში როგორ მოხვდით?

- მე-10 კლასში ვიყავი, როცა ბათუმში თეატრისა და კინოს ინსტიტუტის მუშაკები ჩამოვიდნენ. ისინი სკოლებში დადიოდნენ, რომ ბათუმის თეატრისთვის ახალი სახეები შეერჩიათ. ამ პროცესს თეატრალური ინსტიტუტის პროფესორი - ბაბულია ნიკოლაიშვილიც ესწრებოდა. გუშინდელივით მახსოვს, ნიკოლოზ ბარათაშვილის "მერანი" ერთი ამოსუნთქვით რომ წავიკითხე და ვერ ვიჯერებდი, რომ ეს მე ვიყავი. იმის შემდეგ სულ ვცდილობ, იმ განცდით წავიკითხო, როგორც მაშინ, მაგრამ ვეღარ ვახერხებ. ჩემი სახელი და გვარი ჩაიწერეს და წავიდნენ. მაშინ უკვე ვიცოდი, რომ თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარებდი და ასეც მოხდა... ის სიხარული არასდროს დამავიწყდება - 1-ლ სექტემბერს, 15 წუთით ადრე მივედი და ინსტიტუტის წინ მდგომი, ამწვანებული ჭადრების სუნით ვთვრებოდი. ასე დაიწყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი ხანა. ინსტიტუტში ჩემი პირველი პედაგოგი იყო ლეილა კაპანაძე - გივი ბერიკაშვილის მეუღლე. ქალბატონი ლეილა დამატებით მეცადინეობებს მიტარებდა და თან, ჩაითა და მურაბით მიმასპინძლდებოდა. მეცადინეობის დროს, ბატონი გივი აკაკი წერეთლის პოზას მიიღებდა ხოლმე: ნიკაპს იდაყვზე დააყრდნობდა და ისე მისმენდა. მაშინ მანანა ბერიკაშვილი პატარა, მოკლეკაბიანი გოგონა იყო, რომელიც ოთახში დარბოდა და ცელქობდა. ერთხელ, ჩაის რომ ვსვამდით, გივი ბერიკაშვილმა მითხრა, ბათუმში ხომ წამიყვანო? მახსოვს, როგორ ვნერვიულობდი, ამხელა კაცს როგორ უნდა ვუმასპინძლო, რა დავახვედრო-მეთქი... პირველი კურსი რომ დავხურე და ზაფხული დადგა, სულ მის ზარს ველოდი, მაგრამ ერთხელ ქუჩაში შემხვდა, როგორც ჩანს, არ შემაწუხა, ბათუმში უკვე ჩამოსულიყო და სასტუმროში ცხოვრობდა. თამამად შემიძლია ვთქვა: ადამიანების სიყვარული სწორედ მათგან ვისწავლე - ლეილა კაპანაძისა და გივი ბერიკაშვილის ლამაზ ოჯახში.

cincqiladze.png

- თქვენი მომავალი მეუღლეც თეატრალურში გაიცანით?

- თეატრალურ ინსტიტუტს ვამთავრებდი, როცა სიყვარული მეწვია - თამარ დათუაშვილი, რომელიც ალეკო ნინუას ცნობილ ფილმში ("კედელი") იყო გადაღებული და აქედან ვიცნობდი. მახსოვს, პირველად რომ ვნახე, რა დამემართა: გადარეულივით დავდიოდი, ისეთი შეყვარებული ვიყავი. მაშინ ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, დიდრონი, ლამაზი თვალები ჰქონდა. ჩემმა პედაგოგმა, ვენერა ანდრონიკაშვილმა თეატრალურ ინსტიტუტში მოიყვანა სპექტაკლის სანახავად. სპექტაკლიდან რომ გამოვედით, ქალბატონმა ვენერამ გამაცნო და შემომთავაზა, სახლამდე გააცილეო. მაშინ რუსთაველიდან პლეხანოვამდე ტროლეიბუსები დადიოდა. ტროლეიბუსი, რომელშიც ავედით, სულ გაჭედილი იყო და ლამის ერთმანეთს ჩაგვახუტა, მაგრამ მე სულ უკან-უკან ვიწევდი. ასე, სუნთქვაშეკრულმა ვიმგზავრე პლეხანოვამდე. მის სახლამდეც ხმის ამოუღებლად ვიარეთ, ნახევარი ნაბიჯით უკან მივყვებოდი და სახლამდე ასე მივაცილე. მისი სახლის კართან კარგა ხანს ვიდექი, მერე კი, მისი ფოტო დავინახე პლეხანოვზე, ფოტოსალონში, დავდგებოდი და ვუყურებდი ხოლმე. გავიდა ხანი, უკვე მესამე კურსზე ვიყავი და ინსტიტუტში შესულმა შევნიშნე, რომ კიბის თავში ეს ჩემი საოცნებო ქალბატონი იდგა. თურმე მასაც თეატრალურში ჩაუბარებია. გავიდა ხანი და შეიქმნა ჩვენი ოჯახი, რომელმაც ბევრ განსაცდელს გაუძლო. ახლა 2 ქალიშვილი და 4 შვილიშვილი გვყავს. მომავალ წელს უკვე 50 წელი გახდება, რაც ერთად ვართ და იმედი მაქვს, "ოქროს ქორწილსაც" გადავიხდით.

- დიდი მსახიობებიდან ყველაზე ნათლად ვინ გახსენდებათ?

- სულ ახალგაზრდა ვიყავი, მეტეხის თეატრი რომ დავაფუძნეთ. იქ მქონდა ბედნიერება, დამედგა სპექტაკლი - "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა" - გურამ დოჩანაშვილის პიესის მიხედვით. მთავარ როლს სატელევიზიო დადგმაში ეროსი მანჯგალაძე ასრულებდა, მერე კი თეატრში ეს როლი მეც ვითამაშე. არ ვიცი, როგორ გავბედე - ალბათ, ახალგაზრდობამ გამაბედვინა. რეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა კი ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაატარა. ალბათ წარმოიდგენთ, როგორ გამახარებდა ეროსი მანჯგალაძის სიტყვები: "ზურა, შენ იცოდე, ეს ძალიან კარგი, ნიჭიერი ყმაწვილი ჩანსო". მერე მქონდა პატივი, რადიოსპექტაკლებში ეროსისთან, რამაზ ჩხიკვაძესთან, ტარიელ საყვარელიძესთან, გოგი გეგეჭკორთან და სხვა დიდ მსახიობებთან ერთად მეთამაშა. ჩემთვის უდიდესი პატივი იყო, რომ ისინი ჩემი კოლეგები იყვნენ, მათთან ვიჯექი, ვსაუბრობდით, ისინი ხუმრობდნენ, ანეკდოტებს ჰყვებოდნენ. რამაზ ჩხიკვაძე საოცრად კარგი მოსაუბრე იყო, ხოლო კახი კავსაძეს შეეძლო, სულ უბრალო ამბავი ისე მოეყოლა, ნამდვილ სპექტაკლად ექცია. ძალიან გამიმართლა, რომ ჩემი პროფესია ამ დიდი ადამიანებისგან ვისწავლე და იმის ბედნიერება მქონდა, მათთან მემეგობრა. მაშინდელი რადიოსპექტაკლები ნამდვილი დღესასწაული იყო, რადგან იქ საუკეთესო მსახიობები იყვნენ შეკრებილი. ქართული სუფრა და მოლხენა ყველას უყვარდა, ყველაზე მეტად კი - თენგიზ არჩვაძეს, ოღონდ, მათთვის სუფრა არ იყო მხოლოდ "ჭამა-სმა დიდად შესარგი", ეს ნამდვილი ზეიმი და სპექტაკლი იყო. სუფრასთან კი არა, პანაშვიდზეც რომ მისულიყვნენ, იქაც სპექტაკლებს მართავდნენ.

- ამბობთ, რომ კინოსტუდიის ეზოში არსებულ ტაძარს წმ. ლაზარეს სახელი თქვენ შეურჩიეთ, ეს როგორ მოხდა?

- ჩემს ცხოვრებაში ეკლესიას განსაკუთრებული ადგილი ეკავა. ერთხანს მღვდლობასაც ვაპირებდი. 1980-იან წლებში კინოსტუდიის ეზოში ეკლესიას აშენებდნენ და საძირკვლის ჩაყრაზე სიტყვა წარმოვთქვი. ამ ღონისძიებას პატრიარქიც ესწრებოდა. სურვილი გამოვთქვი, მშენებარე ტაძარს წმინდა ლაზარეს სახელი ჰქონოდა. დავინახე, რომ რეზო ჩხეიძემ პატრიარქს რაღაც გადაულაპარაკა და ეს ტაძარი იმ დღეს მართლაც ლაზარეს სახელზე აკურთხეს. იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ჩემს ცხოვრებაში სერიოზული როლი შეასრულეს, რეზო ჩხეიძეც იყო. ის რომ არა, მევლუდის როლზე არ დამამტკიცებდნენ. ფილმი "მევლუდი" რომ გადაიღეს, ბატონი რეზო კინოსტუდიის დირექტორი იყო. კინოსტუდიაში ბევრს არ სურდა, მევლუდის როლი მე შემესრულებინა - თავად რეზო მაკითხებდა წერილებს, რომლებიც მთავრობაში მიდიოდა: ცინცქილაძეს ნუ ათამაშებთ, ამ როლზე სხვა მსახიობი დაამტკიცეთო. რა იყო ამის მიზეზი? - არ ვიცი. რეზო ჩხეიძე და ჩემი მეგობრები დამიდგნენ მხარში, რომლებმაც სამაგალითო საქციელი ჩაიდინეს: სინჯებზე მისულმა ლევან უჩანეიშვილმა, ზაზა კოლელიშვილმა, გია ბურჯანაძემ და გივი ჩუგუაშვილმა განგებ ითამაშეს ცუდად, რომ ჩემთვის ხელი არ შეეშალათ. რეზო მიუხვდა ამ ეშმაკობას და ოდნავ ჩაღიმილებით თქვა: ზურაბ ცინცქილაძე საუკეთესოა და გადაღებები განაგრძეთო. ცნობილია, რომ ბატონი რეზო ზვიად გამსახურდიას მხარს არ უჭერდა, მე კი პირიქით, მას ვემხრობოდი და ამის გამო კარგა ხანს ვიყავი გარიყული. მახსოვს, არც ერთ თეატრში აღარ ვმუშაობდი, როცა მოულოდნელად ზარი გაისმა. ბატონმა რეზომ დამირეკა და მითხრა: ხვალ, შენ და თამარმა შრომის წიგნაკები წამოიღეთ და კინოსტუდიაში მოდითო. მე და ჩემი მეუღლე მივედით და კინომსახიობთა თეატრის შტატში გაგვაფორმეს. იცით, ეს მაშინ რას ნიშნავდა? - დღევანდელ ჰოლივუდში ერთ-ერთ მთავარ როლზე რომ დაგამტკიცონ. მაშინ კინომსახიობთა თეატრში მოხვედრა დიდი პატივი იყო. საოცარი ადამიანი გახლდათ რეზო ჩხეიძე: ყურადღება არ მიაქცია, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები რომ გვქონდა და შტატში ორივე აგვიყვანა.

- როგორ დაიწყო თქვენი ნაცნობობა ზვიად გამსახურდიასთან?

- მეტეხის თეატრიდან რომ წამოვედი, 1987 წელი იყო. ეს თეატრი თავის დროზე მეტეხის ტაძარში გაიხსნა. მე, რამდენიმე ახლობელთან ერთად, დავწერე წერილი, რომლითაც ერთად მივმართავდით კულტურის სამინისტროს, კომკავშირის "ცეკას", პარტიის "ცეკას" და ვწერდით, რომ თეატრი უნდა იყოს თეატრის შენობაში და არა საკულტო ნაგებობაში... წერილს ბოლოში ხელს აწერდნენ მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია. იმდენი გვატარეს ამ უწყებებში და იმდენი ქნეს, რომ ჩემმა მეგობრებმა გადათქვეს: ზურაბ ცინცქილაძემ მოგვატყუა და ამ წერილს ხელი ისე მოვაწერეთ, არც წაგვიკითხავსო. ამის შემდეგ ყველამ გამრიყა, შეჩვენებულივით ვიყავი. ისეთმა მეგობრებმა გამწირეს, ვისთან ერთადაც ვიზრდებოდი და წლები ერთად გავატარეთ! გავიდა ხანი, ზვიად გამსახურდია პრეზიდენტი გახდა და ერთხელ ვხედავ, ერთ-ერთი ამ "მეგობართაგანი" ტელევიზიით მის ლექსებს რა მონდომებით კითხულობდა... რაც შეეხება ზვიადს, მე ის მსახიობ თათია ხაინდრავასთან გავიცანი, რომელიც მისი მამიდაშვილი იყო. ზვიადთან შეხვედრა იმ წლებში საშიში გახლდათ და ჩვენც ალბათ, საეჭვო ხალხის სიაში ვიყავით. მისი დახმარებით, ბევრი რამ სულ სხვაგვარად დავინახე - იცით, როგორი იყო მისი საუბარი და სწავლება? - ცას რომ გახსნის და ვარსკვლავებს სულ სხვა თვალით დაგანახვებს. ბევრს ვსაუბრობდით თეოლოგიაზე, რუსთველოლოგიაზე, "ვეფხისტყაოსნის" სახისმეტყველებაც" სწორედ მაშინ იწერებოდა და ეს პროცესი ჩვენ თვალწინ ხდებოდა. მე ამ განუმეორებელი წიგნის ხელნაწერებიც კი მაქვს ნანახი.

- მერაბ კოსტავაც მაშინ გაიცანით?

- დიახ, ასე იყო: ერთხელ, მთაწმინდაზე, ეკლესიაში ვართ. ზვიადი მე მელაპარაკებოდა, როცა ტაძარში მერაბ კოსტავა შემოვიდა, რომელიც უკვე ძალიან პოპულარული იყო. მის შიმშილობაზე, დისიდენტურ საქმიანობაზე ლეგენდები დადიოდა. სწორედ ასე გავიცანი მერაბ კოსტავა, რომელიც ყოველთვის ერთნაირად მესალმებოდა: - ხომ მაგრად ხარ, აჭარელო?! - მკითხავდა და შეკრულ მუშტს მუშტზე მომარტყამდა ხოლმე.

ზვიადზე ახლა კიდევ ერთი მოგონება გამახსენდა: მე, თათია ხაინდრავა და ჩემი მეუღლე "ვეფხისტყაოსანს" ვკითხულობდით. ზვიადი უამრავ სასარგებლო რჩევას გვაძლევდა. მერე ლიტერატურული თეატრი გავაკეთეთ და პირველი სპექტაკლი დავდგით, რომელსაც "დიდოსტატი კონსტანტინე" ერქვა. ამ სპექტაკლში მე "დიდოსტატის მარჯვენას" ვკითხულობდი. ზვიად გამსახურდია პარტერში იჯდა და ყურადღებით გვისმენდა. ჩემთან ერთად მონაწილეობდნენ გია ბურჯანაძე, ნანა ანდრონიკაშვილი, თამარ დათუაშვილი... საკმაოდ კარგი სპექტაკლი გამოვიდა და ბოლოს, ყველამ ტაშით დაგვაჯილდოვა. მახსოვს, როგორ მომიბრუნდა ზვიად გამსახურდია და მითხრა: "გამსახურდიას, ის ცუდი კაცი რომ არის, ის კითხულობს კარგად, შენ ისევ "ვეფხისტყაოსანს" მიხედე". "ცუდ კაცში" ოთარ მეღვინეთუხუცესი იგულისხმა, რომელიც ზვიადის მოწინააღმდეგე იყო... მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, რასაც ოთარი კარგად აკეთებდა, არ დაუკარგა.

- როგორ გაგრძელდა თქვენი მეგობრობა?

- ცოტა ხანში ილია ჭავჭავაძის საზოგადოება დაფუძნდა და ეროვნული მოძრაობაც დაიწყო. იმ დაუვიწყარ პროცესებში მეც ჩავერთე. მერე, ეს მოძრაობაც ორად გაიყო, ქართველები ერთმანეთს გადაეკიდნენ და რაც მოხდა, ყველამ ვიცით! იმ დროიდან მოყოლებული, სულ ვფიქრობ და დღემდე ვერ გამიგია, ერთმანეთს ასე თავგამოდებით რატომ ვებრძვით? კიდევ კარგი, გარეშე მტერი ყოველთვის ბევრი გვყავდა, თორემ მტერი და მოშურნე რომ არ გვყოლოდა, ალბათ აქამდე ერთმანეთს შევჭამდით! ძალიან ვწუხვარ, რომ არაფერი შეცვლილა, რომ საქართველოში დღესაც იგივე ხდება!

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"