"ეროვნული თანხმობა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს“
17 დეკემბერს ბრიუსელში გაიმართა აღმოსავლეთ პარტნიორობის მორიგი სამიტი, რომელიც, ექსპერტთა შეფასებით, უინტერესო გამოდგა. იმ ხუთი ქვეყნისთვის, რომლებიც მასში მონაწილეობდნენ (ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო სამიტს არ დაესწრო), ევროკავშირს განსაკუთრებული არაფერი შეუთავაზებია. თუ დღეს ევროპასა თუ მსოფლიოში შექმნილ ვითარებას გავითვალისწინებთ, ეს იქნებ არც იყოს გასაკვირი - პანდემია, ენერგომატარებლებზე მზარდი ფასები, რუსეთის მიერ იარაღის ჟღარუნი ისედაც მეტისმეტად პრაგმატულ ევროპას, სავარაუდოდ, უფრო ფრთხილი მოქმედებისკენ უბიძგებს. არის თუ არა ნამდვილად ასე? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ თენგიზ ფხალაძესთან.
- თქვენ სწორად ახსენეთ შექმნილი ვითარება. ვფიქრობ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ არა მხოლოდ ქვეყანაში არსებულ ვითარებას, ზოგადად, შავი ზღვის რეგიონსა თუ თვითონ ევროკავშირსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს, რომელთაც, ძირითადად, რუსეთი ქმნის. შესაბამისად, ეს სამიტი ვერ იქნებოდა რიგითი მოვლენა. მნიშვნელოვანია, რომ ნათლად წარმოჩნდა ევროკავშირთან ასოცირებული ქვეყნების ფორმატი, რაც ჩვენთვის ნამდვილად კარგია. მკაფიოდ ითქვა, რომ ამ ქვეყნებს აქვთ სხვა მისწრაფებები, რომელთაც აღიარებს ევროკავშირი და არა მხოლოდ აღიარებს, მზად არის, ხელი შეუწყოს მათ განხორციელებაში. მაგალითად, საქართველოს განათლების სისტემა გახდა Horizon Europe-ის ნაწილი, რაც ნიშნავს საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების ევროკავშირის შესაბამის ორგანოებთან მედიაციასა და კოორდინირებულ მუშაობას, ეს კი უმნიშვნელოვანესია, რადგან ქართველ სტუდენტებს, მკვლევრებს, მეცნიერებს სწავლისა და განვითარებისთვის ახალი შესაძლებლობები მიეცემათ. გარდა ამისა, სამიტის დეკლარაციაში გამოიკვეთა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი; ასევე არის ჩანაწერი იმ პროექტების განვითარების შესახებ, რომლებმაც ხელი უნდა შეუწყოს პარტნიორობის ქვეყნების მეტ დაახლოებას და ევროკავშირში ინტეგრაციას. ცხადია, ვისურვებდი, რომ დეკლარაციას მალევე მოჰყვეს რეალური პროექტები და კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც სექტორულ ინტეგრაციაში დაგვეხმარება. დეკლარაციაში ლაპარაკია ფინანსურ დახმარებაზეც, რომელსაც მიიღებენ პარტნიორობის წევრები, მათ შორის - საქართველოც. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის ლიმიტი, რითაც ევროკავშირი შემოიფარგლება. ცალკეულ პროექტებში, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს, დამატებითი ფინანსების მოზიდვაც იქნება შესაძლებელი.
ზოგადი ვითარების გათვალისწინებით, ვფიქრობ, არ იყო უინტერესო სამიტი. არ მიკვირს, რომ მისი შედეგები არ გახდა ფართო განხილვის საგანი და ჩაიკარგა იმ რეალობაში, რომელიც ახლა გვაქვს საქართველოში, როდესაც შიდაპოლიტიკურ დუღილზე ვართ ორიენტირებული. დეკლარაციაში ასევ ლაპარაკია დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე... მოკლედ, თუ ჩვენ სწორად ვიმოქმედებთ, ამ სამიტის გზავნილები ხელშესახებ შედეგად შეიძლება ვაქციოთ...
- ვხედავთ, რომ რუსეთი დასავლეთთან ურთიერთობაში, ფაქტობრივად, შეტევაზეა გადასული. რით შეიძლება აიხსნას, რომ სამიტის დეკლარაციაში ეს ქვეყანა და მისგან წამოსული საფრთხე მხოლოდ ზოგად ფრაზებად გვხვდება? ეს ყველაფერი ისევ ევროპულ პრაგმატიზმს შეიძლება მივაწეროთ? ბოლოს და ბოლოს, როდის მიხვდება დასავლეთი, რომ რაც მეტს დაუთმობს რუსეთს, ეს უკანასკნელი მით მეტს მოითხოვს?
- ამ საკითხს მთლად ასე არ შევხედავდი. აღმოსავლეთ პარტნიორობის დეკლარაცია არის ევროპული პოლიტიკის ერთი კონკრეტული სეგმენტი. ამ ყველაფერს ფართო პრიზმაში თუ შევხედავთ, დავინახავთ, რომ ამ სამიტის პარალელურად ბევრი რამ მოხდა. ჯერ ერთი, ევროპამ სანქციები გაუგრძელა რუსეთს, რითაც მკაფიოდ გამოხატა თავისი დამოკიდებულება. ევროპულმა სახელმწიფოებმა ძალიან მკაცრი განცხადებები გაავრცელეს და პირდაპირ მიმართეს პუტინს. მანამდე იყო ნატოს მინისტერიალი, სადაც ასევე მწვავე შეფასებები გაკეთდა. მოკლედ, იმდენი რამ დაემთხვა ერთმანეთს და იმდენჯერ გამოიხატა რუსეთის მიმართ უარყოფითი პოზიცია, რომ შესაძლოა, ამიტომ აღარ გაიმეორეს იგივე სამიტის დეკლარაციაში, თუმცა მე ვხედავ, რომ რუსეთთან ურთიერთობაში მკაფიო ნაბიჯები იდგმება. კრემლის ქმედებები, რასაც რუსეთი პოლიტიკას ეძახის, სხვა არაფერია, თუ არა შანტაჟი. ამ შანტაჟის ნაწილია ის ე.წ. შეთანხმების ტექსტები, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ვებგვერდზე გამოაქვეყნა და რომლებითაც ითხოვს ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე უარის თქმას, თითქოსდა ევროპული უსაფრთხოების გამო. ამ ტექსტების ადრესატი, ძირითადად, თითქოს აშშ-ია, მაგრამ სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რუსული დიპლომატია ამ საკითხის მოსინჯვას ცდილობდა არა მხოლოდ აშშ-თან, არამედ დიდ ბრიტანეთთან, გერმანიასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან და ა.შ. ურთიერთობაშიც. რუსეთი ცდილობს დასავლურ სახელმწიფოებში შეიტანოს განხეთქილება, იცის რა, რომ მისი ამბიციების მოთოკვა შეუძლია მხოლოდ იმ ერთიანობას, რომლის დემონსტრირებას ახდენენ აშშ, ევროკავშირისა და ნატოს წამყვანი სახელმწიფოები. გავიხსენოთ, რომ ბაიდენ-პუტინის ბოლო ონლაინშეხვედრის წინ ბაიდენი ჯერ ევროპის ლიდერი სახელმწიფოების პოლიტიკურ ხელმძღვანელებს ელაპარაკა, შემდეგ კი შეხვედრაზე ერთიანი პოზიცია წარმოადგინა.
მოკლედ, რუსეთი ცდილობს ამ ერთიანობაში ბზარი შეიტანოს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ კონტექსტში გერმანიის ახალი ხელმძღვანელობის გაბედული და მკვეთრი ნაბიჯები. მათ შორის არის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობასთან დაკავშირებული ვერდიქტი და ისიც, რომ გერმანიის ხელისუფლება არ მოერიდა რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას.
ახლა რუსეთის ერთ-ერთი სამიზნე საფრანგეთია, სადაც მომავალ წელს არჩევნებია დაგეგმილი... ერთი სიტყვით, რუსეთი ცდილობს პოზიციების მოსინჯვას ბაიდენ-პუტინის მომავალი შეხვედრის წინ, რომელიც 2022 წელს უნდა გაიმართოს.
შანტაჟის ენამ, რომლითაც კრემლი დანარჩენ მსოფლიოს ესაუბრება, ნათლად დაგვანახა ყველა ის მიზანი, რომლებიც რუსეთის ფედერაციას აქვს და ამ სახელმწიფოსგან მომდინარე ყველა საფრთხეც გააშიშვლა. თუ ვინმეს აქამდე ამაში ეჭვი ეპარებოდა, ახლა მისთვისაც ყველაფერი ცხადია. ვფიქრობ, სერიოზული მსჯელობა დასჭირდებათ ევროკავშირსაც და ნატოსაც იმის თაობაზე, როგორ უნდა მოახერხონ კრემლის ამბიციების მოთოკვა. რუსეთის მოთხოვნას, რომ თურმე ნატო აღმოსავლეთით აღარ უნდა გაფართოვდეს, უკვე მოჰყვა როგორც აშშ-ის, ასევე ნატოს გენმდივნის თუ ევროპის ცალკეული სახელმწიფოების წარმომადგენელთა განცხადებები. თავისთავად ცხადია, რომ გავლენის სფეროების რუსულ განაწილებაზე დასავლეთი კრემლს არ დასთანხმდება, მაგრამ ახლა ლაპარაკია იმაზე, როგორ უნდა მოხერხდეს მისი შეკავება და ისეთი ქვეყნების დაცვა, როგორიც უკრაინა და საქართველოა. საინტერესოა, რომ რუსეთის მომზადებულ ე.წ. შეთანხმების ტექსტში ყველა ვალდებულება ეკისრება კოლექტიურ დასავლეთს და აშშ-ს, რუსეთს კი არაფერი ევალება. ისმის კითხვა: რატომ არის დღეს ასე გააქტიურებული რუსეთი და რატომ ჩქარობს? საქმე ის არის, რომ ნატომ უნდა მიიღოს და დაამტკიცოს ახალი სტრატეგიული კონცეფცია, რაც ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორ იქნება ამ კონცეფციაში ასახული შავი ზღვის რეგიონის როლი, როგორი იქნება ნატოს დამოკიდებულება ამ რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების მიმართ ნატოს გაფართოების პერსპექტივის თვალსაზრისით. თავისთავად ცხადია, ეს პირდაპირ აისახება საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებზე. ეს მშვენივრად იცის რუსეთმა და ახლა ცდილობს, დასწრებაზე ითამაშოს...
მეორე საკითხია ევროკავშირი. უმნიშვნელოვანესი იყო, ევროკავშირს განეცხადებინა, რომ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება არ არის განყენებული საკითხი და ეს ევროპული უსაფრთხოების შემადგენელი ნაწილია, რაც ნიშნავს, ამ რეგიონისთვისაც შეიქმნას შესაძლებლობები, ისევე იყოს დაცული, როგორც დანარჩენი ევროპა...
დღეს რუსეთის საქციელი ტოვებს დეჟავიუს შთაბეჭდილებას და გვახსენებს საბჭოთა კავშირის მოქმედებებს, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღეს აღარც ვარშავის ბლოკი არსებობს და აღარც - საბჭოთა კავშირი, რუსეთი კი ვერ არის ისეთი ძლიერი, როგორიც ცივი ომის დროს იყო, თუმცა რიტორიკა, ამბიციები აშკარად არ შეცვლილა. წითელი ხაზები გავლებულია. ვფიქრობ, დასავლეთში უკვე ხვდებიან, როგორც კი რუსეთს გავლენის სფეროებთან დაკავშირებით რაღაც მცირეზე დასთანხმდებიან, ის გაცილებით მეტს მოითხოვს. ვფიქრობ, დასავლეთის ნაბიჯები ორი მიმართულებით გადაიდგმება, ერთი იქნება შემაკავებელი სანქციები, რომლებიც დაწესებული აქვს რუსეთს და ალბათ, კიდევ გამკაცრდება; ამავდროულად, დაიწყება იმ ქვეყნების დახმარებასა და თავდაცვისუნარიანობის გაზრდაზე ზრუნვა, რომლებიც ე.წ. წინა ხაზზე არიან... აქ ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ჩვენზე, ჩვენს აქტიურობასა და მზადყოფნაზე.
- მოსკოვში გაიმართა შეხვედრა ე.წ. 3+3-ის ფორმატის ფარგლებში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ შეხვედრაში არ მონაწილეობდა და არც ამ პლატფორმაში გაწევრებას აპირებს, ამ თავყრილობაზე პროვოკაციულად გამოფინეს ქართული დროში. ეს ხომ არ არის გავლენის სფეროების მონიშვნის მცდელობა, ანუ გზავნილი დასავლეთისთვის, საქართველოს ადგილი აქ არისო?
- რუსეთი ჯიუტად ეძახის ამ ფორმატს "3+3"-ს როდესაც რეალურად ეს არის "3+2". ვფიქრობ, ჩვენ სწორედ ეს უკანასკნელი ტერმინი უნდა დავამკვიდროთ, დროშის გამოფენა კი მართლაც პროვოკაცია იყო. რუსეთისთვის ეს იყო როგორც რეგიონული მიმართულების გზავნილი, ასევე გზავნილი დასავლეთისთვისაც. რუსეთი ცდილობს ვითარება ისე წარმოაჩინოს, თითქოს ამ რეგიონში მისი შეფასებით უცხოს არაფერი ესაქმება, რომ ეს არის მისი გავლენის სფერო, რომელსაც, მისივე წარმოდგენით, იყოფს ირანსა და თურქეთთან. კრემლი ცდილობს ისე წარმოაჩინოს, რომ ეს რეგიონი დასავლეთისთვის ჩაკეტილია და ის აქ არ უნდა შემოვიდეს. ასევე ცდილობს შეამოწმოს ჩვენი რეაქცია - როგორ გამოეხმაურება ამგვარ პროვოკაციას ჩვენი ხელისუფლება თუ საზოგადოება. რაც შეეხება ამ ფორმატს, იქ საქართველოს ადგილი ნამდვილად არ არის, მაგრამ გარდა ამისა, ამ ქვეყნების თანამშრომლობაც წარმოუდგენლად რთული მგონია. ეს არის იმ სახელმწიფოების თავყრილობა, რომელთაც ძალიან რთული ურთიერთობა აქვთ. სომხეთ-აზერბაიჯანი, ფაქტობრივად, ისევ საომარ მდგომარეობაში არიან და, ვფიქრობ, ვიდრე სამშვიდობო ხელშეკრულებას არ მოეწერება ხელი, არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მათ შორის ომი დასრულდა. რთულია სომხეთსა და თურქეთს შორის დამოკიდებულებაც, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ხანს ნორმალიზების მცდელობებს ვხედავთ. ისტორიულად ძალიან რთული, ცვალებადი და ჩახლართული ურთიერთობა ჩამოყალიბდა ირანსა და თურქეთს შორის, ისევე, როგორ თურქეთსა და რუსეთს შორის... მოკლედ, ისეთი პრობლემების გორგალია ამ ვითომ ერთიანობაში, რომ ამ ფორმატის პერსპექტივის დანახვა, ფაქტობრივად, შეუძლებელია...
აქვე ვიტყვი, რომ ამ ფორმატის და, ზოგადად, რუსეთის მიმართ გულხელდაკრეფილი არ უნდა ვიყოთ, პირიქით, რუსეთის ყველა მცდელობა, რეგიონი ჩაკეტოს, ძალიან დამაფიქრებელია და ამის საპირწონედ უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან - ვგულისხმობ ევროკავშირს, ნატოს, აშშ-ს, რათა უფრო მასშტაბურად იყვნენ წარმოდგენილნი შავ ზღვაზე და, ზოგადად, რეგიონში.
- პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივა საზოგადოებრივ-პოლიტიკური დიალოგის წამოწყების თაობაზე ჩვენში სხვადასხვაგვარად აღიქვეს. თავდაპირველად, როდესაც გაისმა სიტყვა "შერიგება", აშკარად აბსურდული ელფერი დაჰკრავდა, თუმცა შემდგომ ზურაბიშვილიც მიხვდა ამას და უკვე ორბელიანების სასახლეში წინასაახალწლო მიღებაზე ეროვნული თანხმობის მნიშვნელობაზე ისაუბრა...
- ეროვნული თანხმობა ამ ქვეყანას ძალიან სჭირდება. არაერთხელ იყო ამის მცდელობა, ჯერ კიდევ შევარდნაძის მმართველობის დროს. ამ თვალსაზრისით შემდგომაც გადაიდგა ნაბიჯები, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივედით იქამდე, სადაც უნდა მივსულიყავით, რაც ძალიან ცუდად შემოგვიბრუნდა. ინიციატივა ძალიან კარგია და ეს პროცესი უნდა დაიწყოს. იმედი მაქვს, მოხერხდება და ეს პროცესი მაქსიმალურად ინკლუზიური გახდება. რა თქმა უნდა, პროცესი ვერ წარიმართება, თუ ამისთვის მზად არ იქნებიან პოლიტიკური პარტიები. პოლარიზაცია და დაპირისპირება უნდა შეჩერდეს და შექმნილი პარადიგმა შეიცვალოს. ეს აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის.
ვეთანხმები პრეზიდენტს - როდესაც შიგნით არა გვაქვს ერთიანობა, როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ დეოკუპაციაზე და დავაინტერესოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, ან როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ ეროვნულ ინტერესებზე, როდესაც არ გვაქვს განსაზღვრული საკითხები, რომლებზეც ყველა შევთანხმდებით... ჩვენ ერთმანეთთან ბრძოლაში ვხარჯავთ მთელ ენერგიას მაშინ, როდესაც ქვეყანაში უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი. კონკრეტულად რა იგულისხმება ამ ინიციატივაში, არ ვიცი, დეტალებს არ ვიცნობ. მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე და მასში ყველა ჩაერთოს. ეს ინიციატივა ვერ იქნება წარმატებული, თუ ის არ გადაიქცა საერთო-ეროვნულ პროცესად და მხოლოდ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფის განხილვის თემად დარჩა. ცხადია, ეს რთული იქნება, მაგრამ ამის ალტერნატივად მხოლოდ დაპირისპირების გაღრმავება ჩანს, რაც ქვეყანას ძალიან ძვირი დაუჯდება, ამიტომ, ვფიქრობ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ წარმატების მისაღწევად! ვიმეორებ, ეს იქნება რთული და მტკივნეული გზა. ეროვნული თანხმობა სულაც არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფერი უნდა ეპატიოს.
- ქალბატონმა ზურაბიშვილმა კი თქვა, ეს პროცესი წინა პირობების გარეშე უნდა დაიწყოსო, მაგრამ მთავარ პოლიტიკურ მოთამაშეებს აშკარად აქვთ თავიანთი პირობები და პროცესის თვითნებური გაგება. მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობისთვის" ამ პროცესის მთავარი პირობა სააკაშვილის გათავისუფლებაა, "ქართული ოცნება" კი ამბობს, რომ მისთვის სამართლიანობის აღდგენა და წინა ხელისუფლებისგან ბოდიშის მოხდაა მნიშვნელოვანი... ამავდროულად, ვხედავთ, რომ "ნაცმოძრაობა" თითქოს კი დასთანხმდა ამ პროცესში მონაწილეობას, მაგრამ სააკაშვილის დაბადების დღეზე ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციას მაინც გეგმავს... ამ ყველაფრის გათვალისწინებით როგორი პროგნოზის გაკეთება შეიძლება?
- ვფიქრობ, ეს ყველაფერი, რაზეც თქვენ ილაპარაკეთ, ეს განცხადებები, შეფასებები, ძირითადად, ემოციას ეფუძნება და არა - პრაგმატიზმს. ვისურვებ, ამ განცხადებების ნაცვლად ერთი შეხვედრა შედგეს, რომ რაღაც მაინც განიხილონ... დღეს ჩვენ ვისმენთ ინტერპრეტაციებს, თუ როგორ წარმოუდგენია ამა თუ მხარეს რაღაც პროცესი, მაგრამ თუ რეალურად გვინდა საქმის გაკეთება, საჭიროა, ერთი საკონსულტაციო თავყრილობა გაიმართოს, სადაც უნდა გამოჩნდეს, არსებობს თუ არა გადაკვეთის წერტილები, რომლებზეც უნდა აიგოს შემდგომი პროცესი. რაც უნდა მძიმე იყოს პირისპირ ლაპარაკი, ეს ყოველთვის სჯობს ეპისტოლარულ თუ მონოლოგის ტიპის განცხადებებს. მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ წინსვლას, თუ ერთმანეთის მოსმენას მოვახერხებთ.