"ორი გზა გვაქვს: ან წარსულის ანალიზის საფუძველზე მივდივართ შეთანხმებამდე, ან ვანებებთ წარსულზე საუბარს თავს და ვლაპარაკობთ მხოლოდ მომავალზე“ - კვირის პალიტრა

"ორი გზა გვაქვს: ან წარსულის ანალიზის საფუძველზე მივდივართ შეთანხმებამდე, ან ვანებებთ წარსულზე საუბარს თავს და ვლაპარაკობთ მხოლოდ მომავალზე“

ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები პრეზიდენტ ზურაბიშვილის ინიციატივას ეროვნული თანხმობის პროცესის დაწყების შესახებ იწონებენ, თუმცა ამბობენ, რომ იმაზე მეტს ელიან, ვიდრე პროცესის დაწყებაა. შერიგების იდეას ეხმაურებიან ქვეყნის მესამე და მეხუთე პრეზიდენტებიც და პროცესში ჩართვის სურვილს გამოხატავენ. სამაგიეროდ, დიდი ენთუზიაზმით არ გამოირჩევიან სხვა პოლიტიკური ლიდერები. მაგალითად, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს ხალხთან შესარიგებელი არაფერი აქვს. განსხვავებით რადიკალური ოპოზიციისგან, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ თუ პრეზიდენტის ინიციატივა სააკაშვილის პატიებას ნიშნავს, ეს გამორიცხულია! თავის მხრივ, "ნაციონალები" გამორიცხავენ შერიგების პროცესის დაწყებას, თუ სააკაშვილი ციხეში იქნება. ამასთან, ოპოზიციის ზოგიერთმა წევრმა მაგალითად, გიგა ბოკერიამ, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ საახალწლო ღონისძიებას ფარსი, რომან გოცირიძემ კი დისკოთეკა უწოდა. რისი იმედი შეიძლება გვქონდეს ყოველივე ამის ფონზე, ვის შეუძლია გადამწყვეტი სიტყვის თქმა, ამის შესახებ ვახტანგ ძაბირაძეს ვესაუბრებით:

- ორად გაყოფილი საზოგადოება ქართული რეალობისთვის ახალი ამბავი არ არის. ეს პრობლემა შევარდნაძის მმართველობის დროსაც იდგა, სააკაშვილის პერიოდშიც და ახლაც აქტუალურია. თუმცა დაპირისპირების ხარისხსა და დაპირისპირებულთა რაოდენობაში სხვაობა ნამდვილად არის. ზურაბიშვილის მცდელობა, საზოგადოება რამენაირად გააერთიანოს, სწორია, მაგრამ ამოცანის შესრულება ურთულესი და განსხვავებული მიდგომებია საჭირო. თუ ვინმე ფიქრობს, რომ პოლიტიკოსები უნდა დასხდნენ მაგიდასთან და ილაპარაკონ, არაფერი გამოვა, პირველივე შეხვედრა არათუ უშედეგოდ, არამედ კიდევ მეტი დაპირისპირებით დასრულდება. ჩვენ ხომ ვიცით, როგორია თითოეული პოლიტიკური ლიდერის პოზიცია და განწყობა ოპონენტის მიმართ?! "ოცნება" მიიჩნევს, რომ "ნაცმოძრაობამ" უარი უნდა თქვას პოლიტიკაზე და სააკაშვილი ციხეში დარჩეს, ხოლო ოპოზიცია მიიჩნევს, რომ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს და დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ესენი რომ ერთ მაგიდასთან მოხვდებიან, ხომ წარმოგიდგენიათ, იქ რა მოხდება? ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომელიც განსახილველ თემებს წინასწარ ჩამოაყალიბებს, ოღონდ ამ ჯგუფში არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყვნენ პოლიტიკოსები.

- მაშ, ვინ უნდა იყოს და რა საკითხები უნდა იქცეს განხილვის საგნად?

- ჯგუფი უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოების სხვადასხვა წევრისგან, ჟურნალისტებისგან, ექსპერტებისგან, იურისტებისგან... ოღონდ აუცილებლად უნდა იყვნენ ობიექტურები და მხარეს არ უნდა წარმოადგენდნენ. როგორც კი პროცესში ჩართული იქნება პირი, რომელიც რომელიმე მხარისთვის მიუღებელი იქნება, პროცესი მაშინვე ჩაიშლება. რაც შეეხება განსახილველ საკითხებს, უნდა განვსაზღვროთ, რა გვსურს, ვეძებოთ დამნაშავე თუ შეცდომები­. დღეს ჩვენ დამნაშავეებს ვეძებთ და არა შეცდომებს. არადა, თუ არ გავარკვევთ, რა შეცდომები დავუშვით წარსულში, არაფერი გამოვა. წარსულზე შეთანხმება უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ აწმყოსა და მომავლის გასაანალიზებლად და არა დამნაშავეების­ მოსაძებნად და დასასჯელად. პროცესი რთული და შრომატევადი იქნება. ჩვენ არა ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მსგავსი პრობლემის წინაშე იდგა. არსებობს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება და უნდა გამოვიყენოთ.

ორი გზა გვაქვს: ან წარსულის ანალიზის საფუძველზე მივდივართ შეთანხმებამდე, ან ვანებებთ წარსულზე საუბარს თავს და ვლაპარაკობთ მხოლოდ მომავალზე - მესამე გზა არ არსებობს.იმისთვის, რომ მეორე გზა ავირჩიოთ, წარსულზე საუბარს თავი დავანებოთ და მომავალს მივხედოთ, ხელისუფლებაში დიდი პოლიტიკური კაპიტალის მქონე ძალა უნდა იყოს. თავის დროზე "ოცნებასაც" დიდი პოლიტიკური კაპიტალი ჰქონდა და "ნაცმოძრაობასაც". ამის გაკეთება 2003 წელსაც შეიძლებოდა და 2012 წელსაც, მაგრამ ეს ნაბიჯი არცერთმა არ გადადგა. 30-წლიანი დამოუკიდებლობის პერიოდში, ვინც კი ხელისუფლებაში მოვიდა, თავისი პოლიტიკური კაპიტალი ყველამ საკუთარი ხელისუფლების გამყარებაში დახარჯა. დღეს "ოცნებას" აღარ გააჩნია პოლიტიკური კაპიტალი, რათა ყველაფერი დაივიწყოს და მხოლოდ მომავალზე იფიქროს. ამიტომ მხოლოდ ერთი გზა გვრჩება - წარსულის გაანალიზების საფუძველზე მომავალზე შეთანხმება.

- ესე იგი, წარსული ისე უნდა გავაანალიზოთ, რომ დამნაშავეები არ გამოვკვეთოთ?

- დიახ, უნდა გამოვკვეთოთ მხოლოდ შეცდომები. შეცდომების გაანალიზება გაცილებით გაადვილდება, თუკი პერსონებს არ შევეხებით.

- როგორ წარმოგიდგენიათ, მხოლოდ "ნაციონალების" 9 წელია გასაანალიზებელი თუ იმის შემდგომი 9 წელიც?

- მხოლოდ გასული 9 წლის წინანდელი ამბები კი არა, გუშინდელი ამბავიც წარსულია. შესაბამისად, "ქართული ოცნების" 9 წელიც ისევე უნდა გავაანალიზოთ, როგორც "ნაციონალების".

- სალომე ზურაბიშვილს თუ აქვს იმის პოლიტკაპიტალი, რომ "ოცნებისა" და "ნაციონალების" 9 წელი ერთნაირად გააანალიზოს?

- სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ პროცესის დაწყება შეუძლია. ერთადერთი, რისი გაკეთებაც მას შეუძლია, სააკაშვილის შეწყალებაა. სხვა ნაბიჯს ვერ გადადგამს.

- როგორ გგონიათ, შეიწყალებს პრეზიდენტი სააკაშვილს?

- მე რომ მკითხოს კაცმა, სააკაშვილის გათავისუფლება დაპირისპირებას­ უფრო გაამძაფრებს. თუ ჩვენ საზოგადოების გაერთიანება გვსურს, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ საზოგადოების დიდ ნაწილი სააკაშვილის დასჯის მომხრეა. ამასთან, ვინაიდან დღეს პოლიტიკური ჯგუფები ერთმანეთისადმი მტრულად არიან განწყობილი, სააკაშვილის გათავისუფლებას ოპოზიცია ხელისუფლების კეთილ ნებად კი არა, მარცხად აღიქვამს. არა მარტო ოპოზიცია, საზოგადოებაც ასე იფიქრებს. როდესაც ვამბობ, "ოცნებას" პოლიტიკური კაპიტალი აღარ აქვს-მეთქი, სწორედ ამას ვგულისხმობ. ხელისუფლებას ძალიანაც რომ უნდოდეს, ვერ გაათავისუფლებს სააკაშვილს. 2012 წლის შემდეგ მხარდამჭერების 40% დაკარგა. ახლა ეს ნაბიჯი რომ გადადგას, შეიძლება ერთი ამდენი მხარდამჭერი კიდევ დაკარგოს. ზურაბიშვილს შეუძლია ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ ამას შერიგებასთან საერთო არაფერი ექნება.

- ესე იგი, პროცესი არასწორად დაიწყო?

- დიახ. ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს პოლიტიკური სპექტრი, საქმის მოგვარება უნდა დაიწყოს საზოგადოებრივმა ჯგუფმა. თუ ამ ჯგუფის წევრები "ოცნებას" ეტყვიან, რომ მათ ესა თუ ის შეცდომა დაუშვეს, ისინი ვერ უპასუხებენ, "ნაციონალებმა" ხომ უარესი შეცდომა დაუშვესო, და პირიქით, "ნაციონალები" ვერ იტყვიან, "ოცნება" ჩვენზე უარეს შეცდომებს უშვებსო. ამით ბოლო მოეღება ურთიერთბრალდებებს, მტრობას გადავიყვანთ კონკურენციაში და საქმეზე ორიენტირებას მოვახერხებთ. ამის მერე შეიძლება სააკაშვილის შეწყალებაც კი არ იყოს "ოცნებისთვის" მტკივნეული. ძალიან ბევრი საკითხი გაირკვევა. მაგალითად, ისიც, იყო თუ არა შეცდომა 7 ნოემბერი ან 26 მაისი... არ მესმის "ნაციონალების", როდესაც ამბობენ, შეცდომები დავუშვითო. ციხეში პატიმრებს რომ აწამებდნენ, ეს შეცდომა იყო? შეცდომის დაშვება ნიშნავს, რომ რაიმეს გაკეთება არ გინდა და შემთხვევით გამოგივა. პატიმრები შემთხვევით აწამეს?! არა, ბატონო, ეს გააზრებული პოლიტიკის შედეგი იყო. აი, ასეთი რთული საკითხებია განსახილველი. ამასთან, თუ არ მოგვარდა, ძალიან რთული სცენარის გავლა მოგვიწევს - "ოცნება" დღეს თუ ხვალ აუცილებლად დაკარგავს ჯერ კიდევ შემორჩენილ ელექტორატს, ხელისუფლებაში მოვა ოპოზიცია და ისევ დაიწყება ყოფილი ჩინოვნიკების დევნა. ისევ ძველ წრეზე წავალთ და ისევ დავაბრკოლებთ ქვეყნის განვითარებას.

- ხომ არ ფიქრობთ, რომ სალომე ზურაბიშვილი იძულებული გახდა ეს პროცესი წამოეწყო?

- კი, ასე ვფიქრობ. ერთ-ერთი მთავარი თუ არა, გადამწყვეტი ამ საქმის წამოწყებაში ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან. ისინი კარგად ხედავენ ხიფათს, რომელიც ძალიან მოგვიახლოვდა. ისინი მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლების შეცვლაში როგორც 2003 წელს, ასევე 2012 წელსაც. მეტიც, ის, რომ 1991-1992-იანი წლების სცენარი არ გავიმეორეთ და მშვიდობიანად გადავაგორეთ ჯერ შევარდნაძის და შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლება, მათი დამსახურებაა. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ რუსული ფაქტორი ყოველდღიურად იზრდება. 2003 წელს უფრო ადვილი იყო რუსული ფაქტორის გადაგორება, 2012-შიც, ამჯერად ასე ადვილი აღარ იქნება, იმიტომ, რომ 2003 თუ 2012 წელს დასავლეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, ჩვენს საკითხზე. დღეს რუსეთისა და დასავლეთის ურთიერთობა კრიტიკულ ზღვარზეა და შესაძლოა ვეღარც შეთანხმდნენ.

- რა შეიძლება ამას მოჰყვეს?

- ძნელი სათქმელია, რაც ზუსტად ვიცი, ის არის, რომ დასავლეთიც შეეცდება თავისი გავლენის შენარჩუნებას და რუსეთიც. არ არის გამორიცხული, რომ მათი შეუთანხმებლობის შედეგად აქ პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. ამიტომ აუცილებლად უნდა მოვახერხოთ ეროვნულ საკითხებზე შეთანხმება.

ხათუნა ბახტურიძე