"მმართველი პარტია წაუგებელ თამაშს თამაშობს“ - კვირის პალიტრა

"მმართველი პარტია წაუგებელ თამაშს თამაშობს“

"პატარა პარტიები უნდა ხვდებოდნენ, რომ მათ სააკაშვილი არ აწყობთ და წაილეკებიან“

პოლიტიკის ანალიტიკოსი, GIPA-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე ამბობს­, რომ ეროვნული შერიგების საკითხზე მუშაობის დაწყება­ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, თუმცა, მისივე თქმით, როგორ მოხერხდება ეს, დღეს ძნელი სათქმელია. რა შეიძლება გახდეს ეროვნული თანხმობის საფუძველი და რაზე უნდა შეთანხმდნენ მხარეები, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრას" თორნიკე­ შარაშენიძე ესაუბრა:

- ეროვნული შერიგების იდეა მისაღებიც არის და არათუ დროულია, დაგვიანებულიც კია, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს. თუმცა, რამდენად მოხერხდება, ეს არის მნიშვნელოვანი და ვფიქრობ, პრობლემური.

- ეროვნული დაპირისპირება არსებობს? რამდენად შეიძლება პარტიულ დაპირისპირებას ეროვნული დაპირისპირება ვუწოდოთ?

- ალბათ, საჭიროა, რომ ყველა და უპირველესად პოლიტელიტა შეთანხმდეს რაღაც საკითხებზე, რომ გადახედვას აღარ ექვემდებარებოდეს. წარსული უნდა შეფასდეს, კომპრომისი მიღწეულ იქნეს. გასაგებია, რომ ყველაფერზე ვერ შეთანხმდებიან, მაგრამ ძირეულ საკითხებზე მაინც უნდა იქნეს კომპრომისი მიღწეული, რათა არ იყოს მუდმივი დავა.

- ამ პროცესის წინასწარი პირობებით დაწყება რამდენად მიზანშეწონილია?

- ცხადია, არაფერი გამოვა. თუ რომელიმე მხარე წამოაყენებს პირობებს, რა თქმა უნდა, მეორე მხარე იტყვის, რომ ამას დიალოგი არ უნდა და დასრულდება ეს ამბავი.

- "ნაცმოძრაობა" სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს, კობახიძემ კი თქვა, ჯერ არჩევნები აღიარონო. ეს საკითხები არის თუ არა მხარეების წინა პირობები და რამდენად არის მოსალოდნელი, მხოლოდ ამაზე შეთანხმდნენ და ამას დაერქვას ეროვნული შერიგება?

- ყველამ ვიცით, რომ "ნაცმოძრაობა"­ სააკაშვილის გარეშე არაფერია. ძალიან ძნელი იქნება უკან დახევა და იმის აღიარება, რომ სააკაშვილი ციხეში უნდა იჯდეს და ისე მოხდეს შერიგება. შესაბამისად, როგორ მიიღონ ამ პროცესში მონაწილეობა, ვერ წარმომიდგენია. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ის წაუგებელ თამაშს თამაშობს. იტყვის, ჩვენ შერიგების წინააღმდეგი არა ვართო და ჩაშლას დააბრალებს "ნაცმოძრაობას", რომელსაც უკან დახევა და სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის უკან წაღება გაუჭირდება, მით უმეტეს, რომ დრო მმართველ პარტიაზე მუშაობს. სააკაშვილი რაც დიდხანს იქნება ციხეში, მით უფრო გაუჭირდება, და მმართველი პარტია ფიქრობს, რომ მას ფსიქოლოგიურად გატეხს.

- რამდენად მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტის ინიციატივა ამ პროცესში­ და მხარეებს რამდენად სწორი რეაქცია ჰქონდათ?

- არა მგონია, ამ ინიციატივის ხელაღებით უარყოფა სწორი იყოს. კარგი იქნებოდა, ამ შეხვედრაზე გაცილებით მეტი პოლიტიკოსი მისულიყო, მაგრამ რაც ვართ, ეს ვართ. სულ არაფერს ნამდვილად სჯობს. რა იქნებოდა უკეთესი, ზურაბიშვილს სულ არაფერი რომ არ გაეკეთებინა, თუ ის, რაც გააკეთა?

- რამდენად არის შესაძლებელი, რომ ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინიციატივაა და ხელისუფლებასთან არ არის შეთანხმებული და, თუ არ არის, შესრულების რა პერსპექტივაა?

- რა თქმა უნდა, შესაძლებელია - მას მოქმედების თავისუფლება აქვს. როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ ხელისუფლების წინააღმდეგობა არ მოჰყვება და ამაზე ამიტომაც მიდის. თავის მხრივ, "ოცნება" შეეცდება ეს ინიციატივა სათავისოდ გამოიყენოს. თუ გამოუვა და დაითანხმებს ოპოზიციას თავის პირობებზე, ხომ კარგი,­ თუ ვერ დაითანხმებს, მაშინ ოპოზიციას დააბრალებს ჩაშლას.

- დღევანდელი გადასახედიდან მოსალოდნელია, რომ ამას გაგრძელება ექნება და რაც მთავარია, იქნება კონკრეტული შედეგი?

- თუ ამ პროცესის მონაწილენი დადებენ დოკუმენტს, რომელზეც ხელმოწერა ყველასთვის მისაღები იქნება და არმოწერა, პირიქით, ცუდი ტონი, შეგვეძლება იმის თქმა, რომ პროცესი დაიწყო.

- დოკუმენტში რა საკითხები შეიძლება­ შევიდეს?

- ვფიქრობ, უნდა დაიწყონ მცირედით. დოკუმენტი უნდა იყოს დასაწყისი,­ რომ შევთანხმდით თამაშის წესებზე, და მერე დავიწყოთ სხვა საკითხებზე ფიქრი. თავდაპირველად, საჭიროა წარსულის ობიექტური შეფასება. არ შეიძლება ერთმა­ მხარემ მეორე მუდმივად ყველაფერში დამნაშავედ აცხადოს. ამაზეც უნდა შეთანხმდნენ.

- რამდენად არის შეთანხმება შესაძლებელი და რაც მთავარია, მისი შესრულება?

- ჯერ შეთანხმება მოახერხონ და შესრულებაზე მერე ვილაპარაკოთ. თუ შეთანხმდებიან და მერე რომელიმე მხარე არ შეასრულებს, მას ისტორია დასჯის. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ორივეს აშკარად აწყობს პოლარიზაცია, რამდენად მიაღწევენ შეთანხმებას, ძნელი სათქმელია.

- სააკაშვილის გარდა, პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეს. რამდენად მოსალოდნელია, რომ ამ ეროვნული შერიგების პროცესში აქცენტი­ მათზე გაკეთდეს და ეს ჩაითვალოს შეთანხმებად ისე, რომ სააკაშვილი ჩაჩოჩდეს?

- ასეთი სცენარი გამორიცხული ნამდვილად არა მგონია. პატარა პარტიები უნდა ხვდებოდნენ, რომ მათ სააკაშვილი არ აწყობთ და წაილეკებიან, თუკი სააკაშვილს გაათავისუფლებენ. გამორიცხული არაფერია, მაგრამ "ნაცმოძრაობა" ამაზე წავა თუ არა, ეს არის მნიშვნელოვანი. ახლავე შეიძლება ვთქვათ, რომ არ წავა და მაშინ მათ გარეშე რა შეთანხმებაზეა ლაპარაკი? ვინ ვის რაზე ურიგდება?

- მაშინ ეს პატარა პარტიები ამ შეთანხმებაში რა როლს შეასრულებენ?

- ვნახოთ. ახლა ყველაფერი "ოცნების" ლიდერებზეა დამოკიდებული, მისცემენ თუ არა მათ შანსს. თუმცა ისევ იქითკენ მიდის საქმე, სურთ თუ არა რადიკალიზმის შენარჩუნება, რასაც "ნაცმოძრაობასთან" კარგად ახერხებენ. თუ სურთ და ჩანს, რომ ასეა, მაშინ არც არაფერი მოხდება. ცოტა ხანს გააკეთებენ განცხადებებს, გამართავენ შეხვედრებს და ბოლოს "ოცნება" ყველაფერს ისევ "ნაცმოძრაობას" დააბრალებს.

- როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს არსებული რეალობის ყველა ასპექტის გათვალისწინებით?

- ვნახოთ, ეს ყველაფერი როგორ გაგრძელდება. თუ შეხვედრები სისტემატურ ხასიათს მიიღებს, შეიქმნება სამუშაო ჯგუფები, მერე შეიძლება ითქვას, რომ რაღაც პროცესი მიმდინარეობს და ხელშესახები რამ გაჩნდეს. ყოველდღიური მუშაობაა საჭირო და მერე უფრო იქნება შესაძლებელი მოსალოდნელ შედეგებზე კონკრეტულად საუბარი. მეტი კონკრეტიკაა საჭირო.

- ვისგან უნდა წამოვიდეს კონკრეტიკა?

- წესით, პრეზიდენტისგან. მან უნდა შექმნას სამუშაო ჯგუფები და გამართოს შეხვედრები.

რუსა მაჩაიძე