"შერიგების პერსპექტივას ვერ ვხედავ“
"შერიგება-არშერიგების საკითხი კი არ არის მთავარი, არამედ ჩემთვის მთავარი იყო ზურაბიშვილის ნათქვამი და ამას ხაზს ვუსვამ - რომ ჩვენ, ქვეყანას, არა გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა". რამდენად არის დაკავშირებული ქვეყნის პერსპექტივასთან ეროვნული შერიგების იდეა და რა არის აუცილებლად გასაკეთებელი, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრას" პოლიტიკის ანალიტიკოსი მამუკა არეშიძე ესაუბრა:
- ეროვნულ დონეზე დაპირისპირება, რასაკვირველია, ისეთი ფორმით არ არის, როგორც წარმოგვიდგენია. თუმცა, ცხადია, პოლარიზება ძალიან მძაფრად ჩანს. მინდა ისტორია გავახსენო ჩვენს პოლიტელიტას - ეროვნული დაპირისპირება გასული საუკუნის 90-იანი წლების დამდეგს, თბილისში სამოქალაქო ომი და რეგიონში საომარი მოქმედებები. ჩვენ წლების განმავლობაში ვერაფრით მოვახერხეთ ამ უზარმაზარი ტკივილისა და ჭრილობის შეხორცება, რომელიც მაშინ გაჩნდა. ამაზე არავის უზრუნია არც "ვარდების რევოლუციამდე", არც შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ ყოფილა ლაპარაკი. "ვარდების რევოლუციის" მესვეურთ ამ საკითხის აღმოფხვრაზე თავის დროზე რომ ეფიქრათ, კარგი იქნებოდა, და არა იმაზე, რომ ზვიად გამსახურდიას ფაქტორი სათავისოდ გამოეყენებინათ. ახლანდელი საუბარი კი წყლის ნაყვაა. ამასთან, ამას აკეთებენ ისინი, ვინც ქართველი ერის წინაშე ჩაიდინა დანაშაული, რომლის აღიარება არ სურთ. ასე რომ, შერიგების პერსპექტივას ვერ ვხედავ.
ვფიქრობ, ეს ფუჭი სიტყვებია, ნათქვამია მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ დასავლეთმა გაიგოს, აი, დაპირისპირებული ძალები ერთმანეთს ხელს უწვდიან შესარიგებლადო. როცა საზოგადოებას სთავაზობ ეროვნულ შერიგებას და რაღაც პირობას აყენებ, ეს შერიგების იდეას გამორიცხავს, მით უმეტეს, თუკი "ნაცმოძრაობისა" და მათი მომხრეებისთვის სააკაშვილს დანაშაული არა აქვს ჩადენილი, მაგრამ სხვებისთვის აქვს. სააკაშვილის რეჟიმმა დანაშაული ჩაიდინა არა მარტო კონკრეტული მოქალაქეების მიმართ, არამედ მათ მიმართაც, ვინც "ვარდების რევოლუციას" მხარს უჭერდა, იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც თვლიდნენ, რომ ცვლილებების დრო დადგა და აუცილებელი იყო პროგრესული ძალების მხარდაჭერა.
- პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ კობახიძემ პირობად დააყენა ოპოზიციის მიერ არჩევნების აღიარება. ამ ვითარებაში ეს რამდენად რელევანტურია?
- მე ვერ ვხედავ კობახიძის ნათქვამში პირობის აუცილებლობას, რადგან ოპოზიციას, მათ შორის რადიკალურ ოპოზიციას, არჩევნების შედეგები უკვე ნაღიარები აქვს. რას ამბობენ ერთია, მაგრამ იმას, რომ პარლამენტში იღებენ ხელფასს, დადიან თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს. ოპოზიციის რამდენიმე წევრი ხელფასს სხვადასხვა ფონდში რიცხავს და მათ ირიბად შეუძლიათ თქვან, რომ არჩევნებს არ აღიარებენ, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ფონდები "ნაცმოძრაობასთან" არის აფილირებული, მაშინ მაინც აღიარება გამოდის.
- ეს ხელისუფლების კომპლექსია, როცა ამ ყველაფრის მიუხედავად ისევ არჩევნების აღიარებაზე ლაპარაკობს?
- გაუგებარია, რატომ თქვა ეს კობახიძემ. როგორც ჩანს, ისევ და ისევ გარე მოხმარებისთვის. თუ საზოგადოებამ არ იცის, ავუხსნი - ვინც იღებს ხელფასს, ის აღიარებს შედეგებს და არა აქვს მნიშვნელობა, ხელფასი ფონდში ირიცხება, მოსახლეობას ურიგდება თუ ოჯახში მიაქვს.
- პრეზიდენტის ინიციატივა რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ?
- როგორც ჩანს, პრეზიდენტს ამით იმის თქმა სურს, რომ საქართველოში ეს პრობლემა რეალურად არსებობს. დანარჩენი უფრო საზოგადოების ყურადღების მიქცევაა და იმის თქმაც, მე შევეცადე, მაგრამ მხარეები მზად არ არიანო. ამასთან, თუ "ნაცმოძრაობის" ნებისმიერი გამონათქვამი დასავლეთზეა ორიენტირებული, ზურაბიშვილმაც გამოიყენა ეს ხერხი - დასავლეთს მიაწოდა ინფორმაცია, მე ისინი მოვიწვიე და არ მოვიდნენ ამ თემაზე სალაპარაკოდო. შერიგება-არშერიგების საკითხი კი არ არის მთავარი, არამედ ჩემთვის მთავარი იყო ზურაბიშვილის ნათქვამი და ამას ხაზს ვუსვამ - რომ ჩვენ, ქვეყანას, არა გვაქვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გეგმა. ეს ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე მიუღებლობა ორ პოლიტიკურ ძალას შორის.
- ეროვნული შერიგების კონცეფციისთვის ეს იდეა რომ გახდეს საფუძველი, შესაძლებელია?
- გამორიცხულია, რადგან ჩვენ ეროვნული შერიგება არ გვჭირდება. ჩვენ გვჭირდება პოლარიზაციის ჩაცხრობა და ადამიანებისთვის იმის ახსნა, ბოლო 30 წლის განმავლობაში ესა თუ ის ნაბიჯი რატომ გადაიდგა; გვჭირდება ბოდიშის მოხდა იმისთვის, რა შეცდომაც დაუშვიათ ხელისუფლებებს; გვჭირდება გეგმის ჩამოყალიბება, თუ როგორ უნდა აღდგეს ტერიტორიული მთლიანობა და ეს მხოლოდ საზოგადოების კონსენსუსით არის შესაძლებელი. აი, აქ კი საჭიროა პოლარიზებულ საზოგადოებას შორის ხიდის გადება - ეს არის მთავარი. დღეს ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მთავარი პოლიტელიტაა, მაგრამ ასე არ არის. მთავარი უნდა იყოს საზოგადოება, რომელიც ქმნის პოლიტიკურ ამინდს და ქირაობს პოლიტიკოსებს ამა თუ იმ დაკვეთის შესასრულებლად.
- რა უნდა გაკეთდეს, რომ პროცესი დაწყებულად ჩავთვალოთ?
- დღეს პოლიტიკური ცხოვრება საზოგადოების დიდ ნაწილს არც აინტერესებს. ეს არის ქვეყნის უბედურება, რადგან, თუ არ იქნება საზოგადოებისა და პოლიტელიტის კონსოლიდაცია, ქვეყანას განვითარება არ უწერია. ერი და ბერი ერთად თუ არ იქნება, არაფერი გამოვა და არც გამოსულა - საქართველოს ისტორიაში ამის უამრავი მაგალითია. როდესაც მეკითხებით, რამ შეიძლება განაპირობოს შერიგება თუ გაერთიანებაო, გეტყვით, რომ ეს ისევ საზოგადოების ამოცანაა, რომელსაც პოლიტელიტამ ხელი უნდა შეუწყოს. პოლიტელიტა უნდა მიხვდეს, რომ საზოგადოებას თუ არ მიეცა აქტიურობის საშუალება, ქვეყანა ვერ შედგება. ახლა რასაც ვამბობ, ვიცი, არ გამოვა, რადგან პოლიტელიტას იმდენად მოსწონს პოლიტიკურ ოლიმპზე საკუთარი თავი, ეს ეხება ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც, გამორიცხულია, საზოგადოებას ამის საშუალება მისცეს. თუმცა გამორიცხულია დღეს, მაგრამ გარდაუვალი იქნება ხვალ, რადგან ამას ქვეყნის საჭიროება მოითხოვს.
რუსა მაჩაიძე