"უპირველესი ამოცანა პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა“ - კვირის პალიტრა

"უპირველესი ამოცანა პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა“

საქმე ის კი არ არის, ვინმე ხელოვნურად აღიარებს თუ არა არჩევნების შედეგებს, პრობლემა ის არის, რომ ქართულ დემოკრატიას და საზოგადოებას სჭირდება არჩევნების სამართლიანად ჩატარება. ამიტომ მგონია, რომ ასეთი განცხადებები უფრო მეტ დესტრუქციას მატებს პროცესს და პოზიტიური შედეგისკენ ვერ წაგვიყვანს

"მრჩება განცდა, რომ ქალბატონ ზურაბიშვილს, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტს, აქვს სურვილი ქმედითი პოლიტიკური როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში... ახლა უფრო მეტი განცდა აქვს, რომ ხალხთან არის ანგარიშვალდებული, ვიდრე ადრე ჰქონდა", - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნუგზარ წიკლაური. უკავშირდება თუ არა ეს შეფასება სააკაშვილის შეწყალების მოლოდინს და რას ელოდება "ნაციონალური მოძრაობა" პრეზიდენტის ინიციტივისგან, "კვირის პალიტრა" ნუგზარ წიკლაურს ესაუბრა:

- ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა და შემდეგ ყველა ველოდებოდით კონკრეტულ ნაბიჯებს. მიუხედავად იმისა, რომ ამ შეხვედრაზე კონკრეტულ ნაბიჯებზე არაფერი თქმულა­, ვთვლით, რომ ძალიან საინტერესო იყო ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ-სოციალური ვითარების მისი შეფასება. სალომე ზურაბიშვილი არის ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენელი, რომელმაც მითურ ეკონომიკურ აღმავლობაზე კი არ ილაპარაკა, არამედ რეალურად აღწერა დღევანდელი ვითარება. ეს არის ქმედითი ნაბიჯი და რადგან მისი ხედვა იმ სოციალურ რეალობასა და ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებული პრობლემის ადეკვატურია, ვფიქრობ, ახლა გვაქვს მეტი საფუძველი, რომ მის კონკრეტულ ნაბიჯებს ველოდოთ. ვერ გეტყვით, ეს როდის იქნება, მაგრამ ამ შეხვედრამ მოლოდინი ნამდვილად გააჩინა. ჩვენი პოზიცია ყველამ იცის - იმისთვის, რომ რეალურად ვილაპარაკოთ ეროვნულ თანხმობაზე, პირველი რიგის ამოცანაა პოლიტიკური დევნის შეწყვეტა. უპირველეს ყოვლისა კი, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ვგულისხმობ.

- კრიტიკა ზუსტად ამაზე ისმის, რომ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა არის წინა პირობა და ეროვნული თანხმობისთვის პირობების დაყენება პროცესს ჩაშლის.

- მე არ ვიტყოდი, რომ ეს წინა პირობაა, მაგრამ ყველასთვის ცხადია, რომ ეს არის პოლიტიკური ტყვეობა. სააკაშვილი ევროპის ოცამდე ქვეყანაში ცხოვრობდა და არცერთმა არ გაიზიარა ქართული პროკურატურის არგუმენტები და არ გადმოსცა ის საქართველოს, წითელი ცირკულარიდან კი საერთოდ მოიხსნა. თუ გვსურს მართლა ვილაპარაკოთ ეროვნულ თანხმობაზე და შევქმნათ ფუნდამენტური წინა პირობები თამაშის წესებზე შეთანხმებისთვის, პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს.

- ანუ თუ სააკაშვილი გაათავისუფლეს, ჩაითვლება, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა შეწყდა?

- პრეზიდენტს აქვს შეწყალების დისკრეცია და თუ ამ ნაბიჯს გადადგამს, თუ ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა აღარ დაექვემდებაროს რისკს, არ იყოს მუდმივი წამების ობიექტი, ეს აუცილებლად პოზიტიურად აისახება ნებისმიერ სხვა საკითხზე. ეს საკითხებია მართლმსაჯულების რეფორმა, არჩევნები და ა.შ. ალბათ, მმართველ გუნდსაც ექნება კონკრეტული წინადადებები. ოპოზიციასაც აქვს თავისი აზრი იმ საკითხებზე, რომლებსაც მნიშვნელოვნად თვლიან. ყოველივე ამას სჭირდება მსჯელობა და გარემო, რათა საუბარი დაიწყოს. გარემო კი ვერ შეიქმნება, თუკი ქვეყანაში პოლიტიკური დევნა გაგრძელდება.

- პრეზიდენტმა რამდენიმეჯერ თქვა, რომ სააკაშვილს არასოდეს შეიწყალებს. თუმცა შეხვედრაზე ისიც თქვა, რომ გამორიცხული არაფერია.

- სიმართლე გითხრათ, არც იმ ნათქვამისთვის, "არა და არასოდესო", არ მიგვინიჭებია იმაზე მეტი მნიშვნელობა, ვიდრე შეიძლება მიგვენიჭებინა, და არც ამ ნათქვამისთვის. მას აქვს იმპერატიული უფლება, რომ მიიღოს გადაწყვეტილება. ამიტომ დაველოდებით. მან ეროვნულ შერიგებაზე მსოფლიო ტრიბუნიდან ილაპარაკა, ახლახან კი პარტიების წინაშე თქვა, რომ გვჭირდება ეროვნული შეთანხმება, რადგან ქვეყანა იძირება.

- თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს მისი ხედვაა თუ შეთანხმებულია ხელისუფლებასთან?

- ვერ გეტყვით, რამდენად შეთანხმებულია ხელისუფლების ეს ორი შტო, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მრჩება განცდა, რომ პრეზიდენტს აქვს სურვილი, ქმედითი პოლიტიკური როლი ითამაშოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, ახლა უფრო მძაფრი განცდა აქვს, რომ ხალხთან არის ანგარიშვალდებული, ვიდრე ჰქონდა ადრე. ყველაფერს მისი მომდევნო ნაბიჯები გამოაჩენს. სიტყვა უკვე ნათქვამი აქვს და ეს პოზიტიური სიგნალია. ახლა ყველა ველოდებით პრეზიდენტის მოქმედებას.

- თქვენ განაცხადეთ, რომ პრეზიდენტის ინიციატივას მიესალმებოდით, მაგრამ შეხვედრას მაინც არ დაესწარით. დღეს ხომ არ ნანობთ ამას?

- ვფიქრობ, ყველასთვის გასაგები იყო "ნაციონალური მოძრაობის" მიუსვლელობის მიზეზი. მოსაწვევს ეწერა საახალწლო მიღება და ცხადია, ჩვენ ვიცოდით, რომ პოლიტიკური გზავნილებიც იქნებოდა, მაგრამ ჩაითვალა, რომ საახალწლო მიღებაზე მისვლა მიზანშეწონილი არ იქნებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ აზარალებს ამ პროცესს. როგორც კი პრეზიდენტს საქმიანი საუბრის სურვილი გაუჩნდება, "ნაციონალური მოძრაობა" მზად იქნება ნებისმიერი ფორმატით მონაწილეობისთვის.

- ამ შეხვედრის შემდეგ მმართველმა პარტიამ თქვა, არჩევნების შედეგები აღიარონო. თუკი ჩავთვლით, რომ თქვენც აყენებთ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხს წინა პირობად, შესაძლებელია მათი ეს მოთხოვნაც მიიღოთ და ისე დაიწყოს სხვა საკითხებზე შეთანხმება?

- ახლა იმაზე არ არის საუბარი, რომ ვიღაცამ აღიაროს არჩევნები. რეალურად სხვა ვითარებაა - ვნახეთ თავდასხმები, მოსყიდვები, დაშინებები და ასე შემდეგ... მას შემდეგ კი, რაც არჩევნების შედეგები გამოცხადდა, სადაც შედეგები არ მოეწონათ, კვლავ გაგრძელდა მოსყიდვა და დაშინება, რასაც ადამიანის სიცოცხლეც შეეწირა. ანუ საქმე ის კი არ არის, ვინმე ხელოვნურად აღიარებს თუ არა არჩევნების შედეგებს, პრობლემა ის არის, რომ ქართულ დემოკრატიას და საზოგადოებას სჭირდება არჩევნების სამართლიანად ჩატარება. ამიტომ მგონია, რომ ასეთი განცხადებები უფრო მეტ დესტრუქციას მატებს პროცესს და პოზიტიური შედეგისკენ ვერ წაგვიყვანს.

რუსა მაჩაიძე