"სააკაშვილის ციხეში ყოფნა გვაფიქრებინებს, რომ შერიგება დაჩქარდება“ - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ციხეში ყოფნა გვაფიქრებინებს, რომ შერიგება დაჩქარდება“

"გირჩის" ლიდერები მიესალმებიან პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას და მიიჩნევენ, რომ არაფორმალური შეხვედრები ქართველ პოლიტიკოსებს ერთმანეთთან გულწრფელად ლაპარაკის შესაძლებლობას მისცემს. რას ელის "გირჩი" ახალი პროცესისგან და შერიგების რა გზას ხედავენ, ვახტანგ მეგრელიშვილი გვესაუბრა:

- ყველა ხედავს შერიგებისთვის ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობას. თქვენ გახსოვთ, რომ ჩვენ დიდი ხნის წინ დავიწყეთ შერიგების აუცილებლობაზე საუბარი, უბრალოდ, არ ვიცოდით, როგორ უნდა მოხერხებულიყო ეს საქმე. ახლა უფრო ადვილია ამაზე საუბარი. ჩვენი აზრით, პირველი ნაბიჯი იმ ორი პოლიტიკური ძალის ლიდერებმა უნდა გადადგან, რომელთაც ეს ამბავი ეხება. ჩვენ დიდი ინტერესით დაველოდებით პროცესების განვითარებას. სააკაშვილის ციხეში ყოფნა გვაფიქრებინებს, რომ შერიგება დაჩქარდება.

- რას გულისხმობთ?

- სააკაშვილი ციხეში რომ არ იჯდეს, პროცესი უფრო გაჭიანურდებოდა. ციხეში ზის ადამიანი, რომელსაც ეს პროცესი ეხება. ის არის მისი კატალიზატორი. ვინაიდან შერიგების პროცესში "ნაციონალების" მონაწილეობა პირდაპირ აისახება სააკაშვილის ბედზე, ვფიქრობ, საქმე გაადვილდება. ვფიქრობ, მხარეები იაქტიურებენ, როცა დაინახავენ, რომ ადამიანის ბედი მათ გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული.

- ამ ეტაპზე აქტიურობა არც "ნაცმოძრაობას" ეტყობა, ის არ მივიდა პრეზიდენტის ღონისძიებაზე, და არც "ქართულ ოცნებას" - ირაკლი კობახიძემ პირდაპირ თქვა, რომ მათ შესარიგებელი არავისთან არაფერი აქვთ.

- ეს ირაკლი კობახიძის პოზაა, თავის ამომრჩეველს ასე ეფლირტავება. პრეზიდეტ ზურაბიშვილის ინიციატივა ხომ იგივე "ქართული ოცნების" ინიციატივაა?! ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, როდესაც პროცესის მოდერატორი პრეზიდენტია და ამას არავინ აპროტესტებს.

- შესაძლოა არავინ აპროტესტებს, მაგრამ შერიგების პროცესის დაწყებას, მით უფრო სააკაშვილისთვის შეცდომების თუ დანაშაულების პატიებას კი ნამდვილად ბევრი აპროტესტებს.

- "ქართული ოცნება" და "ნაციონალური მოძრაობა" დიდი ხანია ერთმანეთს ქვეყნის ღალატში სდებენ ბრალს, ოღონდ ისე, რომ ერთმანეთის მხარდამჭერებს არ ესაუბრებიან. ამ პარტიებმა თავიანთი მხარდამჭერები თავად გამოზარდეს და შექმნეს ისეთებად, როგორიც ახლა არიან. შესაბამისად, დამოკიდებული არიან ლიდერების ქცევაზე - თუ მათი ლიდერი იტყვის, რომ ახლა სხვაგვარად მოქცევის დროა, მხარდამჭერების განწყობაც შეიცვლება.

- თქვენ ძალიან ხშირად ამბობთ, რომ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" დაპირისპირებაში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები გვრჩება უყურადღებოდ.

- დიახ, ყველა მნიშვნელოვანი თემა გაგვეპარა. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ პარლამენტში ეროვნული ბანკის მოხსენებას მოვუსმინე. ქვეყანაში 13%-იანი ინფლაცია გვაქვს და ამას თითოეული მოქალაქე გრძნობს საკუთარ ჯიბეზე, მაცივარზე... "ქართულმა ოცნებამ" პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო ეროვნული ბანკის საქმიანობაზე და ამ საკითხით არავინ, მათ შორის არც თქვენი კოლეგები არ დაინტერესებულან. პარლამენტში დებატები იყო "გირჩის" ოთხ წევრსა და დამსწრე საზოგადოებას შორის და ეს არავისთვის არ გამოდგა საინტერესო, მაშინ როცა საქმე ეხებოდა რამდენიმე მილიონს. ახლა გეკითხებით, რა ყოფილა ამ ორი პარტიის მიზანი, თუ არა ის, რომ ასეთი პრობლემები დაიმალოს. "ნაციონალური" მოძრაობის" არცერთმა წევრმა არ მოსთხოვა "ქართულ ოცნებას" პასუხი, მაშინ როდესაც წინასწარ იყვნენ მოგებული. მმართველი გუნდი 19 მილიარდ ლარს ყოველგვარი კონტროლის­ გარეშე ხარჯავს, თქვენ კი, ჟურნალისტებს, "ნაციონალები" ამაზე დაფიქრებისთვის წამსაც არ გიტოვებენ, თქვენი ყურადღება მთლიანად მიშას დღის წესრიგზე გადააქვთ. ხომ გამოდის, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ეხმარება "ქართულ ოცნებას" ასეთი პრობლემების საზოგადოებისთვის დამალვაში?

- "ნაციონალურ მოძრაობას" პრობლემების დამალვა რატომ უნდა აწყობდეს?

- ამას ორი ახსნა აქვს: ან დებილები არიან, ან შეთანხმებული. სხვა რა ვიფიქრო?! ორი წელია გაიძახიან, არჩევნები ყალბდებაო. ხედავენ, რომ ამაზე ხალხი არ ბრაზდება, მაგრამ მაინც ჯიუტად ამ საკითხზე ლაპარაკობენ. ამ დროს "ოცნების" სულელური გადაწყვეტილებებით ქვეყანა ინგრევა და ამაზე ხმას არ იღებენ. მეტიც, ვინც ხმა ამოიღებს, იმასაც აჩუმებენ, რა დროს ეგ არის, არჩევნების გაყალბება უნდა დავამტკიცოთო.

ხათუნა ბახტურიძე