"თუ მართლა გინდა შეთანხმება, პირობები არ უნდა დააყენო, ზიზღი არ უნდა აფრქვიო“
"ზურაბიშვილმა მითხრა, რომ არც სქემა აქვს მოფიქრებული და არც ის იცის, რა გამოვა, მაგრამ თქვა, რომ სურს ცდა არ დააკლოს, რათა ეროვნულ თანხმობამდე მივიდეთ", - ამბობს "მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი.
- სულ მინდოდა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტებისგან ის მომესმინა, რაც ამ რამდენიმე დღის წინ მოვისმინე. მან თქვა, რომ ეროვნული თანხმობა ძალიან მნიშვნელოვანია და ამის მისაღწევად თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გადავდგათ ნაბიჯი. სალომე ზურაბიშვილს ეტყობა, რომ ამ საკითხზე დიდხანს უფიქრია და ძალიან სურს ქმედითი ნაბიჯები გადადგას ეროვნული თანხმობისთვის, მაგრამ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, რომ ეს საქმე გამოვა. პირადად მე მზად ვარ მოვინანიო და ბოდიშიც მოვუხადო მათ, ვისზეც საზიზღრობები მაქვს ნათქვამი. სალომე ზურაბიშვილსაც მივეცი პირობა, რომ მეც და ჩვენი პარტია ყველაფერს გავაკეთებთ პროცესის დასახმარებლად, მაგრამ სხვებს ვერ ვატყობ შერიგების სურვილსა და მზაობას. ჩემი შემთხვევა მარტივია, პრობლემა იმ ადამიანებშია, რომლებსაც კუდი ყავარზე აქვთ გადებული. ჩემი აზრით, სწორედ ამ პროცესში გამოჩნდება, ვის უყვარს ეს ქვეყანა და ვის ადარდებს ხალხის ბედი.
- რა გაძლევთ იმის თქმის საბაბს, რომ სხვა პოლიტიკოსებს არა აქვთ შერიგების მზაობა?
- "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" რიტორიკა. მათი განცხადებები და მოქმედებები მაეჭვებს, რომ შეიძლება არც არაფერი გამოვიდეს ამ საქმიდან. როდესაც პირობას აყენებ, რომ სააკაშვილის გათავისუფლების ერთ-ერთი გზა შეწყალებაა და პრეზიდენტს მოუწოდებ შეიწყალოს, შემდეგ კი მის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე არ მოდიხარ და გაიძახი, იქ რა მინდა, ჩურჩხელებისა და ნაძვის ხისთვის ხომ არ მივალო, არასერიოზულია. მეორე მხრივ, არც "ქართული ოცნების" ქცევა ჯდება ლოგიკაში. დააკვირდით, გააკეთებენ განცხადებას, პირველ წინადადებად იტყვიან, რა კარგია შერიგებაო, და მეორე წინადადებიდან ზიზღის და ირონიის ფრქვევას იწყებენ. თუ მართლა შეგტკივა ქვეყანაზე გული, მართლა გინდა ეროვნული მნიშვნელობის საკითხებზე შეთანხმება და ქვეყნის ჩიხიდან გამოყვანა, პირობები არ უნდა დააყენო, ზიზღი და ირონია არ უნდა აფრქვიო.
- სააკაშვილის ფაქტორზე რას ფიქრობთ?
- ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს სამართლებრივი გზით. გასაგებია, რომ ქართულ სასამართლოს არ ენდობა, მაგრამ სხვაგან გაიმართლოს თავი, ღვთის წყალობით მარტო მურუსიძის სასამართლო ხომ არ არსებობს, ბოლოს და ბოლოს, არსებობს სტრასბურგის სასამართლო, რომლის გადაწყვეტილებებში ეჭვი არავის შეაქვს.
ხათუნა ბახტურიძე