"როგორ შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობასთან“ შერიგება, ეს იგივეა, მოქმედ ტერორისტს შეურიგდე“ - კვირის პალიტრა

"როგორ შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობასთან“ შერიგება, ეს იგივეა, მოქმედ ტერორისტს შეურიგდე“

"მათ უგულებელყვეს და აბუჩად აიგდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, მით უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ წლების განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არც კი აღიარებდნენ, შეურაცხყოფდნენ და ახლა გახდა პრეზიდენტი?"

როგორი იქნება "ქართული ოცნების" პასუხი, თუკი პრეზიდენტი სააკაშვილს შეიწყალებს და სად გადის მათთვის წითელი ხაზი, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ალუდა ღუდუშაურს­ ესაუბრა.

- უპირველესად დასადგენია, ვინ ვის ურიგდება. ვფიქრობ, პრეზიდენტის ეს ინიციატივა ზოგადი სურვილის დონეზეა და მან მეტი სიცხადე უნდა შეიტანოს, რას გულისხმობს და როგორ წარმოუდგენია ყოველივე ეს. ჯერ ის არის საინტერესო, ეს შერიგება ვის შორის უნდა მოხდეს, პოლიტიკურ პარტიებს თუ საზოგადოებას შორის. ამასთან, პარტიული დაპირისპირება ნიშნავს, რომ საზოგადოებაში არის უთანხმოება და თან ისე, რომ შერიგება სჭირდება? თუ ვივარაუდებთ, რომ პარტიებს შორის შერიგებას გულისხმობს, ჩემთვის ძალიან რთულად არის წარმოსადგენი, როგორ შეიძლება "ნაციონალურ მოძრაობასთან" შერიგება. ეს იგივეა, მოქმედ ტერორისტს შეურიგდე.

შერიგებაზე არაერთხელ გაკეთდა განცხადება და მათ შორის ისეთი ინსტიტუციის, როგორიც საპატრიარქოა, თუ ადამიანი არ ინანიებს, რა შერიგებაზე უნდა იყოს საუბარი? ვერ მოვისმინეთ "ნაციონალური მოძრაობისა" და სააკაშვილის პასუხი, რატომ დაარბიეს მედია, რატომ წაართვეს მფლობელს და მერე დაიქვემდებარეს, რატომ მოკლეს გირგვლიანი და მერე მკვლელებს რატომ მფარველობდნენ და ა.შ. სააკაშვილის განცხადებაში პირდაპირ იყო ნათქვამი, თუ ვინმეს აქვს ბოდიში მოსახდელი, ეს ხელისუფლებააო. ასეთ ვითარებაში, როდესაც აქეთ აყენებენ პირობებს და წინა პირობად სააკაშვილის გათავისუფლებას ასახელებენ, მე ძალიან რთულად წარმომიდგენია ეროვნულ შეთანხმებაზე ლაპარაკი. ეს ადამიანები არათუ შეიცვალნენ, არამედ პირიქით, დესტრუქციაზე არიან მომართული და შანსი რომ მიეცეთ, ისევ უარესს გააკეთებენ. ამასთან, ნებისმიერ პირს, პრეზიდენტი იქნება თუ პარლამენტის წევრი, უნდა ახსოვდეს, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი და უმრავლესობის­ აზრი დემოკრატიის პრინციპია. შესაბამი­სად, ვინ გვეკითხება ჩვენ, როდესაც­ ხალხის­ დაკვეთა სხვაა­, მისი აზრი კი გადამ­წყვეტია. თუ ხალხის დაკვეთა იქნება, ცხადია, უნდა აღვასრულოთ, მაგრამ ეს არის ხალხის დაკვეთა?

- პრეზიდენტის ინიციატივა თქვენთვის მოულოდნელი იყო?

- კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს თავად­ პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რა მიზანი ჰქონდა, რათა მეტი სიცხადე შეიტანოს, ეს ყველაფერი როგორ წარმოუდგენია. ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ძალას, არასოდეს გვითქვამს უარი დიალოგზე და არც ახლა ვამბობთ, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ასეთ ვითარებაში, როდესაც კონტურებიც კი არაა იმის, რაზეც საუბრობდა პრეზიდენტი, მოდი, ასე ვთქვათ, ეს არის ჩარჩოებს მიღმა იდეა. ჩვენ მივედით შეხვედრაზე, მაგრამ რა ვნახეთ იყო "ნაციონალური მოძრაობა"? მათ უგულებელყვეს და აბუჩად აიგდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, მით უმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ამ წლების განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტად არც კი აღიარებდნენ, შეურაცხყოფდნენ და ახლა გახდა პრეზიდენტი? ელემენტარული კულტურა და პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ მიხვიდე­ და მოისმინო, რაზეა ლაპარაკი, ამის ნაცვ­ლად კი აქეთ გვიყენებენ ულტიმატუმს. ეს არის მკაფიოდ ხაზგასასმელი - ეს ხალხი ჩვენ კი არ გვიყენებს ულტიმატუმს, არამედ საზოგადოებას. მათთვის საკუთარი პოლიტიკური ინტერესებია უმთავრესი, ასე მოქმედებდნენ და მოქმედებენ. უბრალოდ, ახლა მათი ფარისევლობის ხარისხია გაზრდილი.

- ამ გამოსვლაში პრეზიდენტმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემებზეც ისაუბრა. თქვენ იზიარებთ, რომ ეს პრობლემაა და იღებს მმართველი პარტია ამაზე პასუხისმგებლობას?

- სამწუხარო რეალობაა, რომ ქვეყანას ჰყავს ჯერ კიდევ ოპოზიციური პარტია, რომელიც ხალხთან დაპირისპირებულია და მათი ლიდერები დაცვის გარეშე ვერ დადიან. რა თქმა უნდა, ეკონომიკური პრობლემები არის და როგორ შეიძლება ვთქვათ, არ არისო, მაგრამ ასევე არ შეიძლება იმის დაუნახაობა, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების, მსოფლიო კრიზისების, პანდემიის ფონზე ხელისუფლებამ რა ნაბიჯებიც გადადგა. ამას სჭირდება ობიექტურად შეხედვა, გნებავთ, კრიტიკულად, მაგრამ მთავარია, ობიექტურად და არამც და არამც ვიწროსუბიექტური ინტერესებით. მე ვგულისხმობ ისევ და ისევ "ნაციონალურ მოძრაობას". შევხედოთ, რა ხდება რეგიონში, მაგალითად, თურქეთში, სადაც ჩვენზე გაცილებით ძლიერი ეკონომიკაა, მის ვალუტას რა დაემართა. ჩვენისთანა ქვეყნისთვის კი იმ შესაძლებლობებიდან და რესურსებიდან გამომდინარე, რაც გვაქვს, ეკონომიკის ორნიშნა ზრდა მართლაც დიდი მიღწევაა. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემთვისაც, როგორც პროცესებში ჩართული პოლიტიკოსისთვის, წარმოუდგენელი იყო. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის რეალობაა, როდესაც მთავარი ოპოზიციური პარტია, რომელთანაც შერიგებას გვიპირებს პრეზიდენტი, ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანამ წინ არ წაიწიოს. ასეთ ვითარებაში ქვეყანამ მართლა წარმოუდგენელი ნაბიჯები გადადგა. თუმცა, რასაკვირველია, გამოწვევა არის და ამას კარგად ვხედავთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენი არაერთი მოწოდების მიუხედავად, პარლამენტში მუშაობაზე უარს რომ აცხადებენ, ამით საკუთარ ქვეყანას საბოტაჟს უწყობენ. ეს ძალიან მცდარი და ქვეყნის ინტერესებისთვის მავნებლური ნაბიჯია. მათი ჩართულობა ქვეყნის განვითარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იქნებოდა.

- პრეზიდენტმა სააკაშვილი რომ შეიწყალოს, გააგრძელებთ ეროვნულ შეთანხმებაზე საუბარს და ჩართულობას?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი. მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია, რომ ვინმემ ასეთი ტვირთი და თვითდაზიანების ასეთი ხარისხი მიაყენოს საკუთარ თავს. მით უმეტეს, რომ ყველამ კარგად დავინახეთ, ეს პრეზიდენტს გააზრებული აქვს და ორჯერ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ ამას არ აპირებს. ეს ის სიტყვებია, რომელიც ორაზროვნად არ იკითხება და არა მგონია, რამე შეიცვალოს.

რუსა მაჩაიძე