"ან დაგვიმტკიცონ, რომ დანაშაული ჩავიდინეთ, ან აღიარონ, რომ ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკურად გვდევნიდნენ“ - კვირის პალიტრა

"ან დაგვიმტკიცონ, რომ დანაშაული ჩავიდინეთ, ან აღიარონ, რომ ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკურად გვდევნიდნენ“

"გახარიამ ან უნდა თქვას, რომ მუქარის წერილი სხვამ გადასცა, ან აღიაროს, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეა“

"უსამართლო სასამართლოსა და პროკურატურისგან არაფერი გამიკვირდება, მე ყველაფრისთვის მზად ვარ. მთავარ მიზანს, რომ ჩვენი დისკრედიტაცია მოეხდინათ, ვერ მიაღწიეს", - განაცხადა პარტია "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის სასამართლო პროცესი 11 იანვრამდე გადაიდო. შეგახსენებთ, რომ 16 დეკემბრისთვის დანიშნული­ სასამართლო სხდომა დასკვნით პროცესად ითვლებოდა, რის შემდეგაც მოსამართლეს განაჩენი უნდა გამოეტანა. თუმცა ბრალდების მხარის შუამდგომლობამ ვითარება შეცვალა.­ პროკურორის თქმით, 16 დეკემბრის სხდომაზე დაცვის მხარის გრძელი დასკვნითი სიტყვის შემდეგ საპასუხო სიტყვის მოსამზადებლად დრო სჭირდება. მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესს სპექტაკლი უწოდა და განაცხადა, რომ პროცესის გადადების მოთხოვნა გაუგებარია. "ამ საქმეში არანაირი დარღვევა არ ყოფილა. სხვა რამესთან გვაქვს საქმე, ყოველივე ეს 3 წელი იმიტომ გაჭიანურდა, რომ ებრძვიან წარმატებას, რომ ქართველებს წარმატებული საქმის კეთება არ შეუძლიათ და თუ საქმე გამოუვიდათ, აუცილებლად უნდა იყოს დანაშაული, დარღვევა ან ვიღაცის დახმარება. ამით ახალგაზრდებში იმ იმედს კლავენ, რომელიც ასე საჭიროა ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის". რას ელიან "ლელოს" ლიდერები ერთი თვის შემდეგ, როგორი იქნება მათი სამოქმედო სტრატეგია და რას ფიქრობენ პრეზიდენტის მიერ დაანონსებული ინკლუზიური პროცესის წამოწყების თაობაზე, ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე­ გვესაუბრება:

- მთელი ეს საქმე ფალსიფიცირებულია, ცდილობენ ეს 3-წლიანი მასკარადი კიდევ გააგრძელონ. რას ველოდები ერთი თვის შემდეგ? ჩემი და ბადრის განწყობა ასეთია - მართლები ვართ, მტკიცედ ვდგავართ, მოთმინება გვაქვს, ამიტომ ვერაფერს დაგვაკლებენ, როგორი განაჩენიც უნდა გამოიტანოს მოსამართლემ. ჩემთვის ეს პროცესი კიდევ ერთი ტესტია. 30 წლის განმავლობაში არაერთი კარგი საქმე გავაკეთეთ, იყო მარცხიც, მაგრამ საბოლოოდ დიდ წარმატებას მივაღწიეთ იმ 10 000 კაცთან ერთად, რომლებიც ჩვენი გუნდის წევრები არიან. სწორედ ამას ებრძვიან, სურთ ყველას აჩვენონ, რომ ეს არის ჭაობი და შენც ამ ჭაობის ნაწილი უნდა იყო.

- მოსამართლის გადაწყვეტილება რამდენად იქნება დამოკიდებული, ამ ერთი თვის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე?

- ვერ გეტყვით, მე მხოლოდ ერთი რამ ვიცი - თუ რამე დავაშავეთ, პასუხიც უნდა ვაგოთ, თუ არ დაგვიშავებია, საქმე უნდა შეწყდეს და გამამართლებელი განაჩენი დადგეს. 3 წელია გვედავებიან, ფული გაათეთრეთო. ან დაგვიმტკიცონ, რომ დანაშაული მართლა ჩავიდინეთ, ან აღიარონ, რომ ამ ხნის განმავლობაში პოლიტიკურად გვდევნიდნენ. მესმის, ძნელია ამის აღიარება, იმიტომ, რომ ეს მათი ლუსტრაცია იქნება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის.

- თუ კულუარული ინფორმაცია გამა­რთლდა და საბოლოოდ ჯარიმას დაგაკისრებენ, თქვენი პოზიცია როგორი იქნება?

- რას ნიშნავს ჯარიმას დაგვაკისრებენ? ფულის გათეთრება უმაღლესი დანაშა­ულია. ეს ან უნდა დაგვიმტკიცონ, ან აღიარონ, რომ ბრალს ტყუილად გვდებდნენ. შუალედური ვერსია გამორიცხულია.

- რატომ გადაწყვიტეთ დეპუტატის მანდატის დატოვება და პოლიტიკური ბრძოლის სხვა ფრონტზე გაგრძელება?

- მსურს პარტიას მეტი დრო დავუთმო, რეგიონებში ვიარო და მომავალი რიგგარეშე არჩევნებისთვის მოვამზადო. ჩვენი პარტიის შექმნას რთული პერიოდი დაემთხვა: ერთი მხრივ, პანდემია, მეორე მხრივ, ორი არჩევნები. ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, წარმატებას მივაღწიეთ - 29 კაცი გვყავს საკრებულოებში.

- ეროვნული შერიგების­ პროცესში თქვენი­ როლი როგორ წარმოგიდგენიათ?

- ერის კონსოლიდაცია რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამას ხელისუფლებაც გრძნობს და ოპოზიციაც. ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ამიტომ უნდა შევთანხმდეთ, ბოლოს და ბოლოს, თუ რა არის ჩვენი ეროვნული პრიორიტეტები. შარლ მიშელის შეთანხმება იყო კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვანი შანსი, მაგრამ "ოცნებამ" ეს დოკუმენტი­ დახია. ეროვნული შერიგება რას ნიშნავს? მე ნაჩხუბარი არავისთან ვარ, რომ შევურიგდე. ჩემი გადმოსახედიდან შერიგება ნიშნავს, რომ შევთანხმდეთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც ქვეყანას განვითარების საშუალებას მისცემს. პოლარიზება უნდა შევამციროთ, თორემ უკვე კისერში ამოვუვედით ევროპელებსაც და ამერიკელებსაც. როგორც კი პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა­ დაიწყო პროცესი, ჩვენ მაშინვე დავუდასტურეთ მხარდაჭერა და გამოვთქვით პროცესში აქტიურად ჩართვის მზადყოფნა.

- ამას როგორ გააკეთებთ, როდესაც ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის წითელი ხაზები ისევ არსებობს?

- ვფიქრობ, წითელ ხაზებსა და წინა პირობებზე ლაპარაკი აღარ უნდა იყოს. უნდა დავსხდეთ მაგიდასთან და ვთქვათ, რა არის მთავარი პრობლემა. მერე გამოიკვეთება, თუ რა იქნება შემდეგ გასაკეთებელი. პრეზიდენტს ჯერ განცხადება არ ჰქონდა დამთავრებული, რომ "ქართულმა ოცნებამ" პირობების წამოყენება დაიწყო. სახელმწიფოებრივად მოფიქრალმა ხელისუფლებამ საკუთარ მოქალაქეებს პირობები არ უნდა წამოუყენოს.

- მხოლოდ ხელისუფლება ხომ არ აყენებს პირობებს? "ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ არ მივიდა პრეზიდენტის სასახლეში.

- ოპოზიციაში მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობა" ხომ არ არის? თუმცა, მგონია, რომ პროცესში ისინიც ჩაერთვებიან. მთავარია ყინული დაიძრას.

- თქვენი აზრით, შერიგების პროცესზე სააკაშვილის ფაქტორი რა გავლენას მოახდენს?

- ამ პროცესში ყველა საკითხს უნდა შევეხოთ. სააკაშვილს ყოფილი პრეზიდენტისთვის შეუფერებლად, უღირსად მოექცნენ, იატაკზე­ ახოხიალეს და ეს მსოფლიოს აჩვენეს. ბევრი ისეთი რამ მოხდა, რამაც პროცესი შურისძიებას უფრო დაამსგავსა, ვიდრე მართლმსაჯულებას. ჩვენი საქმეც პოლიტიზებულია, სხვათა შორის, გვქონდა შესაძლებლობა, რომ მიშელის დოკუმენტზე მუშაობის დროს აქცენტი ამ საკითხზე გაგვემახვილებინა, მაგრამ ეს ამბავი ვაჭრობის საგნად ვაქციეთ.

- თქვენს წინააღმდეგ საქმე სააკაშვილის მმართველობის დროსაც იყო აღძრული. რა განსხვავებას ხედავთ ამ ორ ამბავს შორის?

- გაგიკვირდებათ და, პირველი საქმე­ 2003 წელს, კომპანია "ბორჯომთან" დაკავშირებით აღძრეს. სამი წელი გვატარეს პროკურატურაში, მაგრამ საქმე იმდენად უაზრო იყო, სასამართლოში არ გადაინაცვლა და ისე გაქრა, როგორც შეიქმნა. მეორე საქმე 2005 წლის ბოლოს აღიძრა და დავა უკვე სასამართლოებში გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში ძალიან უღირსი მეთოდებით მკითხავდნენ­ (იყო ზეწოლა და ა.შ.), მე უკან არ დამიხევია­ - ჯერ ქობულეთის სასამართლო მოვიგე, შემდეგ უზენაესი და ბოლოს სააპელაციო. ყოველივე ამას 5 წელი დასჭირდა და როდესაც ბოლო სასამართლო მოვიგე, სადავო ქონება უკვე სხვაზე იყო გადაფორმებული. ამ დროს უკვე 2012 წელი იყო. მალე ხელისუფლება შეიცვალა და ეს ამბავი საჯარო რეესტრში გასწორდა... ახლა რაც შეეხება განსხვავებას - "ნაციონალების" მმართველობისას სისტემა მებრძოდა მე, მამუკა ხაზარაძეს, დღეს საქმე ეხება ანაკლიას. ხაზარაძე და ჯაფარიძე საბაბია, სინამდვილეში ამ ხელისუფლებამ ჩააგდო უზარმაზარი გეოპოლიტიკური პროექტი, რომელსაც დიდი სიკეთე უნდა მოეტანა ქვეყნისთვის. 2 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც კონტრაქტი გააჩერეს, ამ დროის განმავლობაში სახელმწიფოს თავად შეეძლო ანაკლიის პროექტის რეალიზება,­ მაგრამ თითი თითზე არ დაუკარებია, გზაც კი არ გაიყვანა, მაგრამ ნახევარი მილიონი დოლარი ჩადეს, ჩრდილოეთის მიმართულებაში, გზის მშენებლობაში.

- თქვენ მხოლოდ მას შემდეგ დაიწყეთ­ საუბარი "ქართული ოცნების" რუსეთის სასარგებლოდ მუშაობაზე, რაც ოპოზიციური პარტია შექმენით და მმართველ გუნდს დაუპირისპირდით. რატომ არაფერს ამბობდით ამის შესახებ უფრო ადრე, ან თუნდაც რატომ არ თქვით, რომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძეს ანგარიშის ჩაბარება გიწევდათ ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც იმ პერიოდისთვის საჯარო თანამდებობაზე არც იმყოფებოდა?

- იმ თათბირებს მხოლოდ ბიზნესმენი ხაზარაძე კი არა, მინისტრები და პრემიერ-მინისტრები ესწრებოდნენ და მე როგორ მეთქვა, არ მოვალ არაფორმალურ ლიდერთან-მეთქი? მე იქ დავდიოდი იმიტომ, რომ ჩართული ვიყავი ძალიან მნიშვნელოვან პროექტში. როგორც კი მისი ჩაძირვა დაიწყეს, მაშინვე გავაკეთე საჯარო განცხადებები. პარლამენტის ტრიბუნიდან მოვყევი ყველაფერს. სანამ ანაკლიის პროექტს არ დაემუქრა საფრთხე და ბიძინა ივანიშვილმა პირდაპირ არ თქვა, ამერიკელებს რა უნდათ შავ ზღვაშიო, საიდან უნდა მცოდნოდა, რომ საქმე რუსულ ინტერესებთან გვქონდა?! ანაკლიის პროექტს შეეწირნენ კვირიკაშვილი და ბახტაძეც. რამდენჯერაც წინ წავიდა ანაკლიის პროექტის საქმე, იმდენჯერ პრემიერი გადააყენეს. ბოლოს მე და ბადრისაც მოგვდგნენ და გახარია მოგვიგზავნეს.

- როდესაც ამბობთ, რომ ეროვნული­ თანხმობის მისაღწევად ნებისმიერ პირთან დაჯდებით მოლაპარაკების მაგიდასთან, გახარიასაც გულისხმობთ?

- გახარიას სისხლის სამართლის დანაშაული აქვს ჩადენილი. პრემიერობის დროს დაემუქრა ადამიანებს. მან ან უნდა თქვას, რომ მუქარის წერილი სხვამ გადასცა, ან აღიაროს, რომ სისხლის სამართლის დამნაშავეა. თუ ყველაფერი გავატარეთ და მხოლოდ ხვალინდელ დღეზე ვილაპარაკეთ, საქმე არ გამოვა. მე არასდროს არ ვიტყვი, რომ ჩემს წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყვიტონ. არა, ბატონო, დაამთავრონ ეს საქმე და სიმართლე თქვან. ამის მერე დავსხდეთ და ვილაპარაკოთ ქვეყნის პრობლემებზე. მე ჩემზე აღძრული საქმით არ ვივაჭრებ. არც სხვებმა უნდა ივაჭრონ.

- თქვენ ხშირად გვთავაზობთ, ქვეყნის სხვადასხვა მიმართულებით განვითარების გზებს, თუმცა თქვენი ამომრჩეველი არჩევნებიდან არჩევნებამდე მცირდება. ამას როგორ ახსნით?

- სამი წელია ვიგერიებთ სახელმწიფო შეტევას მედიისა და სოცქსელის მეშვეობით. "ფეისბუკმა" 300 ფეიკგვერდი დახურა. ყველანაირად ცდილობენ, რომ მამუკა ხაზარაძე წარმოაჩინონ საქართველოში საბანკო პროცენტის დამწესებლად, ხალხის ბინებიდან გამომყრელად... ხალხს ამის სჯერა.­ ერთ მაგალითს მოგიყვანთ: როცა თიბისი ბანკზე ინტერნეტშეტევა მოხდა, ჩვენ გამოვიძიეთ, თუ საიდან იყო შეტევა და იმდროინდელ შს მინისტრ გახარიას კაბინეტში დავუდეთ მასალა. რა მოხდა? რუსთაველის 12 ნომრიდან ალაგდნენ ტროლები და სხვა მისამართზე გადავიდნენ... ჩვენ საზოგადოებას რეალურ ინიციატივებს ვთავაზობთ. ამომრჩეველიც შესაბამისი გვყავს. ამ ქვეყანაში საზოგადოების დიდი ნაწილი ბელადებს ეძებს, პროგრამებს მოგვიანებით კითხულობს, ან სულაც არ კითხულობენ. - ანალიტიკოსები თქვენს მთავარ შეცდომად "ნაციონალებთან" "ფლირტს" მიიჩნევენ. - როდესაც ამხელა ძალა, "ქართული ოცნება", მყარად არის გამჯდარი ყველგან და შენ მისი დამარცხება გინდა, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად უნდა შეაფასო. ჩვენ მარტო მას ვერ დავამარცხებთ.­ თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ "ნაციონალებს" ყველაფერში ვეთანხმებით. ვიცი, შემახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიას დავუჭირეთ მხარი, ამიტომ მეც შეგახსენებთ, რომ იმ კაბინეტში 50%-ზე მეტი "ლელოს" წევრები იყვნენ. სხვა გამოსავალი არ არსებობს - ორიენტაცია უნდა ავიღოთ ან კოალიციურ მთავრობაზე, ან "ოცნების" ერთპიროვნულ მმართველობას შევეგუოთ.

ხათუნა ბახტურიძე