"ეს იგივე სამოქალაქო ომია, უიარაღო, "ცივი“, რომელშიც ახალ თაობებს ითრევენ“ - კვირის პალიტრა

"ეს იგივე სამოქალაქო ომია, უიარაღო, "ცივი“, რომელშიც ახალ თაობებს ითრევენ“

"ამ ეტაპზე, სულ ცოტა, საკუთარი აგრესიის ჩახშობა მაინც უნდა ვცადოთ, რათა მომავალ თაობებში არ გაგრძელდეს, რაც გასაკვირი არ არის - თაობა როგორ გარემოშიც იბადება, იმავე გარემოს წესებით ცხოვრობს. ჩვენ თუ ამის გათავისება ვერ მოვახერხეთ, მეეჭვება, საშველს ვეღირსოთ. საზოგადოდ, ყველაფრის საშველი საკუთარ თავის დანახვა და საკუთარი შეცდომების აღიარებაა"

"არიან ადამიანები, რომლებიც ანათებენ, უკუნ სიბნელეში, ჟამიანობის დროსაც" - ეს ფრაზა ლიტერატორ გაგა ნახუცრიშვილს ეკუთვნის, ადამიანს, რომელიც თვითონაც მუდამ სიყვარულის ნიჭით ანათებს და იმ თვისებებით, რომელთა დეფიციტი აშკარად არის ჩვენს საზოგადოებაში.

- იმ თაობის წარმომადგენელი ბრძანდებით,­ რომელთა დიდმა ნაწილმა, ბევრის გადატანის მიუხედავად, მოახერხა, ადამიანად დარჩენილიყო. მათ შორის თქვენც ხართ და ისე ამბობთ სათქმელს, რომ ნათქვამში ადამიანის სიძულვილი კი არა, მისი გამოსწორების სურვილი ჩანს. რა აქვს ჩვენს საზოგადოებას მთავარი გამოსასწორებელი, ის, რაც ყველაფერს ანგრევს?

- ჩვენმა საზოგადოებამ ყველა საშინელება გამოიარა, რაც შეიძლება ადამიანმა მოიფიქროს, თუმცა ყველაზე დიდი საშინელება სამოქალაქო ომი და შემდგომ დარჩენილი მისი ვირუსია, რომლის გავრცელება ვერ შევაჩერეთ. აქ საუბარია არა განსხვავებულ აზროვნებაზე, არამედ დაპირისპირებულობასა და სიძულვილზე, რომელიც ვირუსივით ვრცელდება, თანაც ისე, რომ მის "მკურნალობას" არც კი ვცდილობთ. სწორედ ეს ვირუსი იწვევს საზოგადოების დაყოფას, რომელშიც თითქმის ყველა ფენაა ჩართული ნებისმიერი მანძილიდან, მათ შორის - უცხოეთიდანაც; როდესაც "ამისტებად" და "იმისტებად" მოხსენიებისას ერთი ადამიანი მზად არის მეორის გასანადგურებლად და ახალ-ახალ კონფლიქტს ქმნის. ეს, ფაქტობირივად, იგივე სამოქალაქო ომია, უიარაღო, "ცივი", რომელშიც ახალ თაობებს ითრევენ. სანამ ეს "ცივი ომი" მიმდინარეობს, სახელმწიფო უკეთეს მდგომარეობაში ვერ იქნება.

- რაზე ფიქრისასაც მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება: როგორია ამ ვირუსის "მკურნალობის" გზები და, საერთოდ, არსებობს კი "წამალი", თუ თავისით გაივლის...

- "წამალი" რომ ვიცოდეთ, რაღა გვიჭირდა! თუმცა ყველამ ვიცით, რომ როდესაც ადამიანი ავად არის, ჯერ უნდა აღიაროს, მიხვდეს, რომ ავად არის და მერეღა იმკურნალოს. ყველა ქვეყანა, რომელმაც ჩვენსავით სამოქალაქო ომი გადაიტანა და ჩვენსავით მძიმე დღეში იყო, ამას აკეთებდა, რითაც შეძლო კიდეც შიდა დაპირისპირების აღკვეთა. ამ ეტაპზე, სულ ცოტა, საკუთარი აგრესიის ჩახშობა მაინც უნდა ვცადოთ, რათა მომავალ თაობებში არ გაგრძელდეს, რაც გასაკვირი არ არის - თაობა როგორ გარემოშიც იბადება, იმავე გარემოს წესებით ცხოვრობს. ჩვენ თუ ამის გათავისება ვერ მოვახერხეთ, მეეჭვება,­ საშველს ვეღირსოთ. საზოგადოდ, ყველაფრის საშველი საკუთარ თავის დანახვა და საკუთარი შეცდომების აღიარებაა.

- გეთანხმებით. ამიტომაც ვკარგავთ დროსა და ეროვნულ ღირსებებს მიტინგებსა და დაპირისპირებაში. აფხაზეთიდან ჩამოსვენებულ გმირებს სულ ათეული კაცი გაჰყვა საძმო­ სასაფლაოზე, მიტინგებზე კი ათასეულები­ ვგროვდებით. სანაცვლოდ პოლიტიკოსები ირგებენ გმირების მანტიებს. დიდი მადლობა თქვენ, რომ თქვენს შემოქმედებში საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლ გმირებთან ურთიერთობა არასოდეს გაგიწყვეტიათ.

- აფხაზეთში დაღუპული ბიჭებიდან რამდენიმე ჩემი მეგობარია, რომლებიც ჩემთან ერთად აგრძელებენ სიცოცხლეს. სანამ ჩვენ ვიქნებით, ჩვენი იმ ქვეყნად წასული ახლობლებიც იცოცხლებენ. ისე ახლოს არიან ჩემი გარდაცვლილი მეგობრები, რომ სულ ვფიქრობ, მათ წინაშე რამე არ შემეშალოს და ამასობაში ოდნავ უკეთესიც კი გავხდი. ყველა თაობამ უნდა იცოდეს, რომ დაკარგული ტერიტორია მხოლოდ ტერიტორია არ არის, ეს იმ კარგი ბიჭების ხსოვნაცაა, რომლებიც ამ მიწისთვის დაიხოცნენ. ეს ქვეყნის სიცოცხლის ნიშანია, სიყვარულის ნიშანიც არის, რომლის გარეშე სულაც არ ეღირებოდა სიცოცხლე.

- და მაინც, იქნებ ისინი უკეთესად არიან­, ვიდრე ჩვენ აქ, სადაც იმდენი სიძულვილი მოვაგროვეთ... ძალიან მიყვარს თქვენი ლექსი­ "არა, მეგობარო", რომელიც გარდაცვლილი პოეტი მეგობრის ხსოვნას მიუძღვენით: "არა, მეგობარო, არა ღირს ცხოვრება/, არა ღირს ცხოვრება, რომც იყო ქრისტე,/ არა ღირს ნუგეში თუ ყულფის მორგება./ არა ღირს, არა ღირს, რა გითხრა კიდევ?"

- თუმცა, თუ ჩვენ არ ვიქნებით, აღარ იქნებიან არც ჩვენი გარდაცვლილი მეგობრები; არც ის ადამიანები, რომლებიც ანათებენ ჩვენ გვერდით.

- თქვენი ეს გამონათქვამიც ძალიან მიყვარს: "არიან ადამიანები, რომლებიც სულ ანათებენ, უკუნ სიბნელეში, ჟამიანობის დროსაც". ბევრია ასეთი ადამიანი, რომელიც ანათებს?

- კი, არიან, თანაც სულ არიან, ოღონდაც ხშირად მათ ვერ ვამჩნევთ, ზოგჯერ გულსაც ვტკენთ, თან არც ბოდიშს ვიხდით და როდესაც მათ წინაშე დანაშაულს ვიგრძნობთ, უკვე ძალიან გვიანია, მერე კი ვნანობთ. "მაპატიეს" თქმა კი ძნელია, იმიტომ, რომ საკუთარი ნაკლის დანახვას და აღიარებას ნიშნავს, ეს კი არ გვსურს. თუმცა, რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ადვილად გადალახავს ამ სიძნელეს, უფრო ადვილად იხდის ბოდიშს.

- მანათობელ ადამიანებში,­ ალბათ, დედაც იგულისხმება... ერთი საოცარი ლექსი გაქვთ: "წუხელ მესიზმრა დედა,/ მისაყვედურა: "სვამ და ეწევი,/ რას გაგაჩინე ნეტავ,/ ასე ცხოვრებით რა ბედს ეწევი?/" გამომეღვიძა უცბად და ცეტად,/ ვერ მოვუხადე ბოდიში დედას./ ამ ლექსს ვუძღვნი და/ ვსვამ და ვეწევი./ ჩვენ რას გავიგებთ დედების სევდას?/ იმათ სიყვარულს რას დავეწევით?"

- კი ბატონო.

-სამწუხაროდ, ახალგაზრდების უმეტესობა უცხოეთში რჩება. საერთოდ, ახალგაზრდობის ქვეყნიდან წასვლა სავალალოა. მათთვის ქვეყანა ისეთი ნაცრისფერია, აქ დაბრუნება აღარ უნდათ... მაგრამ სხვა აზროვნებაც ხომ არსებობს - შესაძლოა, არ გქონდეს ვარდისფერი სამშობლო, მაგრამ სხვაგან დარჩენაზე მაინც არ იფიქრო, რადგან სამშობლო გიყვარს. აი, მაგალითად, თქვენ ევროპიდან ჩაბნელებულ საქართველოში დაბრუნდით...

- სხვებიც დაბრუნდებიან. ბოლოს და ბოლოს, არსებობს გენეტიკური კოდი, რომელიც ასაკთან ერთად უფრო აქტიურდება და იწყება სამშობლოში დაბრუნებაზე ფიქრი, თუმცა მე ვერც წასვლაში ვხედავ უბედურებას - დაე, წავიდნენ, ნახონ, გაეცნონ ცხოვრებას და იქნებ აქაც შეძლონ უკეთესის შექმნა. თუ ვინმეს დაბრუნება არ სურს, ამაზე ჩვენ, უფროსმა თაობამ, უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა, რომ სამშობლო დავუნგრიეთ და კარგს არაფერს ვახვედრებთ. ისე, ალბათ, ღვთის წინაშე, არც კი დაგვიმსახურებია, ისეთი კარგი ახალგაზრდობა მოგვეცა საჩუქრად. ეს ისე მაოცებს, როდესაც ლექციებს ვკითხულობ, ვუყურებ მათ და ვფიქრობ, ნეტავ, ჩვენს ხელში­ ასეთი­ კარგები როგორ არიან-მეთქი?

- იყო დრო, როცა სახელმწიფო პოეტს­ გაბედული სიტყვისთვის ხვრეტდა. ტიციანი გავიხსენოთ: "არ გამოცვლილა ხომ პოეზია,/ მუზები ცისკრის კარებს აღებენ,/ ჩვენ ახლა სხვა დრო წამოგვეწია,/ ჩვენც, ალბათ, სადმე ჩაგვაძაღლებენ"... დღეს კი თითქოს სახელმწიფო არც იმჩნევს შემოქმედი ადამიანის არსებობას, იმის მიუხედავად, რას იტყვიან ისინი...

- იმიტომ, რომ პოლიტიკის მარგინალიზაცია მოხდა სწორედ იმ ვირუსის­ გამო, რომელიც ჩვენშია გავრცელებული. გამონაკლისის გარდა, პოლიტიკაში მოვიდნენ უნიჭო, გაუნათლებელი, მხოლოდ საკუთარ თავზე მოფიქრალი­ ადამიანები. მათ არაფერი­ აინტერესებთ საკუთარი თავის გარდა, გამონაკლისები კი იძულებულნი არიან ან პოლიტიკიდან წავიდნენ, ან სხვებს დაემსგავსონ.

- თუმცა, სამაგიეროდ, გაჩნდა სოციალური სივრცის ნაწილი, სადაც კარგ პოეტებს ათასობით მხარდამჭერი ჰყავს. მერე კი ნამდვილი პოეზია ხალხშიც ვრცელდება...

- ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება. სულიერებას ვერასოდეს ვერაფერი მოსპობს, სოციალურმა სივრცემ კი ეს უფრო იოლად გამოაჩინა. ადამიანში სულია მთავარი, სული შობს სიყვარულს, რომლის გარეშე ვერ მიხვალ ვერც ღმერთთან, ვერც - ბედნიერებასთან და რის გარეშეც არაფერს აქვს აზრი.