"არ გეჩვენებათ, რომ მთელი პლანეტა ჭკუიდან შეიშალა?.. “
"ახლა რაღაც განუწყვეტელი, თავბრუდამხვევი, კალეიდოსკოპური ტაიმერია ჩართული, ბოროტი ჯადოქრის დროის მანქანა, რომელიც სულ უფრო და უფრო სწრაფად მიგვაქანებს ბუნდოვანი, საიდუმლოებით მოცული და სასტიკი მომავლისკენ, რომელსაც მხოლოდ ერთი დასასრული შეიძლება ჰქონდეს!..“
თანამედროვე საქართველოს ჰყავს მწერლები, ვინც ქვეყნისთვის ძალზე მნიშვნელოვან პერიოდს, 90-იან წლებს მოესწრნენ და იმ წლების ქარტეხილები აღწერეს. ბექა ქურხული მათ შორისაა და "კვირის პალიტრასთან" დღევანდელობაზე, დაყოფილ საზოგადოებასა და იმედზე საუბრობს.
- ბექა, როგორ ფიქრობთ, საინტერესო ეპოქაში ვცხოვრობთ?
- უდავოდ! ურთულეს, საშიშ, დროდადრო შემაძრწუნებლად საშიშ ეპოქაშიც კი, მაგრამ აშკარად ძალიან საინტერესო ამბები ხდება და ეს ეხება არა მარტო ჩვენს სამშობლოს, არამედ მთელ მსოფლიოს! ხანდახან არ გეჩვენებათ, რომ მთელი პლანეტა ჭკუიდან შეიშალა? საოცრად აჩქარდა დრო! მახსოვს სკოლაში სწავლისას და მერეც, სტუდენტობის დროსაც, ერთი წელი იმდენ ხანს გრძელდებოდა, თითქოს დასასრული არ უჩანდა! ახლახან მეგობრები ვლაპარაკობდით: - ჩვენს დროს იყო დილა, შუადღე, საღამო, ღამე, შუაღამე, ახლა კი რაღაც განუწყვეტელი, თავბრუდამხვევი, კალეიდოსკოპური ტაიმერია ჩართული, ბოროტი ჯადოქრის დროის მანქანა, რომელიც სულ უფრო და უფრო სწრაფად მიგვაქანებს ბუნდოვანი, საიდუმლოებით მოცული და სასტიკი მომავლისკენ, რომელსაც მხოლოდ ერთი დასასრული შეიძლება ჰქონდეს!.. ეს ყველაფერი რაც უფრო საბედისწეროა, მით უფრო საინტერესო, აზარტული და რაღაცნაირად პირქუშად და ძარღვებში სისხლის გამყინავადაც კი მომხიბლავია. სუსტი, მგრძნობიარე, დეპრესიისა და მელანქოლიისკენ მიდრეკილი ადამიანებისთვის სახიფათო ეპოქაც კია, თავგადასავლების მოყვარულებს კი ფათერაკები არ გამოელევათ. გახსოვთ იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადება? "და ვიხილე პირისაგან ვეშაპისა და პირისაგან მხეცისა და პირისაგან ცრუ წინასწარმეტყველისა მის სულნი არაწმინდანი სამნი, ვითარცა მყუარნი" (16-13).
სულ მგონია, რომ ეს ბერიკაცი პალესტინაში, რომელიღაც კუმრანის რომელიღაც გამოქვაბულში სუპერთანამედროვე კომპიუტერში გვიყურებდა ჩვენ, აქ, მომავალში, და ასე წერდა თავის "გამოცხადებას".
ამიტომ ბოლო წლებია არ მტოვებს შეგრძნება, რომ მთელი მსოფლიო გლობალური აპოკალიფსის ეპოქაში ვცხოვრობთ და აბა, მითხარით, რა შეიძლება იყოს აპოკალიფსზე უფრო საინტერესო?
- 30 წელია დამოუკიდებლები ვართ, თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი "ამისტებად" და "იმისტებად" არის დაყოფილი, პოლიტიკურ რადიკალიზმს ვერ გავცდით. რა მოგვიტანა ამან, საით წაგვიყვანა, რა გზით, რისკენ?
- ეროვნული და სახელმწიფოებრივი თავისუფლება ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მონაპოვარია. ისეთი დიდი ერები, როგორიც არიან ბასკები, შოტლანდიელები, ჩეჩნები, სიქჰები, ქურთები, ტიბეტელები, უიღურები, დიდი და თავზე ხელაღებული ბრძოლების მიუხედავად, მაინც ვერ ეღირსნენ სახელმწიფოებრიობას, ქართველებმა კი მიუხედავად ამდენი მარცხის, დანაშაულის, ღალატის და სისხლისა, მოვახერხეთ და აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. ეს უდიდესი გამარჯვებაა და მას ფასი არა აქვს! და ამ გამარჯვების უტყუარი დასტური ის გახლავთ, რომ სარფიდან ლარსამდე და ფოთიდან ლაგოდეხამდე ჩვენი ეროვნული ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს, ხოლო სადაც არ ფრიალებს, ყველაზე ქართულ ქალაქებში, სოხუმსა და ცხინვალში, რომლებიც ჩვენს ყველაზე დიდ და დაუძინებელ მტერს, რუსეთს აქვს დაპყრობილი, დარწმუნებული ვარ იქაც აფრიალდება. აუცილებლად! და ჩვენ ამას აუცილებლად მოვესწრებით!
რაც შეეხება ამისტობა-იმისტობას,…30 წელი ცოტა დროა სრულფასოვანი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად, მით უმეტეს, უმახინჯესი, დესპოტური რუსული იმპერიის 200-წლიანი ოკუპაციისა და ანექსიის შემდეგ. რუსულმა დერჟავამ 200 წლის განმავლობაში საქართველოს რამდენიმეჯერ ამოუწყვიტა ერის საუკეთესო ნაწილი, თარიღებსა და პერსონებს აღარ ჩამოვთვლი.
რაც შეეხება "ისტობას" და საერთოდ ყველანაირი "იზმს" და ნაირ-ნაირ ფსევდოიდეოლოგიებს, დარწმუნებული ვარ, "ისტობა", ხელმოცარული, ეგოცენტრიკი, გონებაშეზღუდული და სრულიად უსაფუძვლოდ განსაკუთრებულობის მანიით შეპყობილი ხალხის საქმეა, რომელიც თავისი უაზრო თაყვანისცემით ყველაზე მეტად სწორედ იმასვე აზიანებს, ვის მომხრედაც ასაღებს თავს. ასე მოდის სტალინისტებიდან მოყოლებული და დღევანდელი მიშისტებით და ბიძინისტებით დამთავრებული. დააკვირდით, მეტყველებითაც კი როგორ ჰგვანან ერთმანეთს: "სტალინმა ქვეყანა ააშენა", "მიშამ ქვეყანა ააშენა", "სტალინმა წესრიგი დაამყარა, იყო გადაცდომებიც",…"მიშამ წესრიგი დაამყარა, იყო გადაცდომებიც", "სტალინმა არ იცოდა, იაგოდა, ეჟოვი და ბერია იყვნენ ნაძირალები", "მიშამ არ იცოდა, ქარდავა, ახალაიები იყვნენ ყველაფერი"... ამათ ფონზე ბიძინას ფანები გაიძახიან: "ბიძინა ქველმოქმედია", "ბიძინა არ გვაწამებს, რა კარგია ბიძინა"... უბრალოდ, ფანები არიან და მორჩა. გიყვარს რა, "ბითლზია"? ფრენკ სინატრაა? მსგავსი დაავადება პოლიტიკური ფანატიზმი და პიროვნების კულტი ორგანული არ ყოფილა ქართული ეროვნული ხასიათისთვის. ამის დასტურად ერთი ამბავიც კმარა: ერეკლე მეფეს მთიულმა გლეხმა რომ უთხრა, მეფეო, "ერთს რომ შენ ჰბრძანებ, ერთი ჩემიც გაიგონეო". ერეკლე მეფისა და იმ მთიული გლეხის შთამომავალი "ვიღაცისტი", მით უმეტეს, ბოზი კეკეს(!) ნაბიჭვრის, კოლაბორაციონისტისა და სამშობლოს მოღალატე სტალინის ან მკვლელი და მანიაკი მიშას, ან ამ "წარმატებული" სპეკულანტის, ბიძინას მომხრე და ფანი რატომ უნდა იყო? სწორედ 200-წლიანმა დაპყრობამ და პოლიტიკური კულტურის ამხელა წყვეტამ და გაქრობამ მოგვიტანა "ისტობა" და იმდენად გაგვიჯდა ბაცილასავით, მას, ვისაც არცერთი ეს პოლიტიკური წუმპე არ მოსწონს, "შუაშისტები" დაარქვეს. საოცარი აბსურდია - თითქოს ადამიანი ვალდებულია ან ერთ სიბინძურეში შევიდეს, ან მეორეში, და არა აქვს უფლება თავისი გზით იაროს!.. სხვათა შორის, ამ შემთხვევაში სრულიად მეთანხმება დიდი პოლიტიკოსი უინსტონ ჩერჩილი: "თუ თქვენ რომელიმე პოლიტიკოსის მომხრე ხართ ან რომელიმე პოლიტიკური პარტია მოგწონთ, დაუყოვნებლივ მიმართეთ ფსიქიატრს". როდესაც მან ყველაზე დიდ და სასტიკ მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულმა და ჰიტლერის დამმარცხებელმა არჩევნები წააგო და მის მაგივრად ეტლი აირჩიეს პრემიერ-მინისტრად, განაცხადა: "კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ინგლისელები უდიდესი ერია, იმიტომ, რომ მე გამარჯვებულს არ მომცეს ხმა და პრემიერ-მინისტრად ეტლი აირჩიესო". აი, ამიტომაც არის დიდი ბრიტანეთი დიდი ბრიტანეთი, ჩვენ კი სახელმწიფოებრიობის აღდგენიდან 30 წელია ელემენტარული პოლიტიკური კულტურის აღსადგენად ვიბრძვით და აქეთ-იქით ვაწყდებიათ.
- 90-იანი წლების თაობა იმ პერიოდში დაწყებული დუღილისგან, ალბათ, სულ სხვა რამეს ელოდა. თავად ხარ იმ თაობის შვილი, რომელსაც ის დრო ახლაც მხრებით დააქვს, რა განცდა გაქვს ახლა?
- ჩემი გმირული, მხიარული, სისხლიანი და თავზე ხელაღებული 90-იანი წლები, ახლა კი ყბადაღებული, თუ ახსენებ და ზედ "შავბნელს და ავადსახსენებელს" არ დაამატებ, შეიძლება დაგაპატიმრონ, თუ სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი არ მოგიყენეს, "მარგინალი, ნარკომანი და კრიმინალური მენტალიტეტის" იარლიყი ზედ გაქვს!..
ვინ აღარ იხსენებს და ვინ აღარ სპეკულანტობს ამ 90-იანი წლებით. ყველაზე მეტად კი სწორედ ისინი, ვინც რეალურად მოაწყო ეს 90-იანი წლები, სამხედრო გადატრიალება, სამოქალაქო ომები, ასე მოუმზადებლად შეგვრეკა რუსებთან ხელჩართულ ომში ცხინვალშიც და აფხაზეთშიც და თან ყოველ ნაბიჯზე გვღალატობდნენ. დიახ, სწორედ 90-იან წლების სისხლიანი ტრაგედიის რეალურ შემოქმედებს და მათ მემკვიდრეებს ეხალისებათ იმ წლებზე ლაპარაკი, სხვისი შვილების, მათ შორის უკვე დაღუპული შვილების განსჯა, დამუნათება, განკითხვა და საკუთარი ღალატის და დანაშაულის მათთვის გადაბრალება. მათი უმრავლესობა ან საზღვარგარეთ იყო გახიზნული, ან უკეთეს შემთხვევაში, სახლიდან ფეხმოუცვლელად, გადაწეული ფარდის უკნიდან უყურებდნენ ყველაფერს. ახლა კი ტელევიზიის თითქმის ყველა არხიდან თამამად და ავტორიტეტულად უყვებიანM ამ ბრძოლაში ჩახოცილი ბიჭების შთამომავლებს, რა ხდებოდა, როგორ იბრძოდნენ და როგორ დაიხოცნენ ისინი...
რა თქმა უნდა, მათ მეტი იციან და უკეთ ესმით ყველაფერი. ჯერ ერთი, იმდენი ჭკუა აღმოაჩნდათ, რომ იმდროინდელ ქართულ პოლიტიკურ ელიტას, ანუ კომუნისტებს და კაგებეშნიკებს, მოვლენოდნენ შვილებად და მერე შესაბამისად ცოცხლები დარჩენილიყვნენ და აქეთ განესაჯათ ისინი, ვინც სამშობლოს თავისუფლებისათვის, რუსეთის იმპერიასთან დაუნდობელ ბრძოლაში იარაღით ხელში დაიხოცნენ!..
ცინიზმი ამაზე შორს ვერ წავა და სწორედ ამის დიდოსტატი იყო კიდევ ერთი "ბრწყინვალე პოლიტიკოსი" ედუარდ შევარდნაძე. სწორედ მისმა ბოლშევიკურმა შავმა პიარმა განაპირობა დიდწილად 90-იანი წლების ომებში უმოწყალოდ გაწყვეტილი, ჩემი და ცოტა უფროსი თაობის ბიჭების სრული დისკრედიტაცია. ვიმეორებ, ცოცხლებისაც და დაღუპულებისაც. არადა, სწორედ შევარდნაძემ გამოიყვანა უკვე აღებული ცხინვალიდან ქართული გვარდია იმ მოტივით, რუსეთი დაგვბომბავსო, ამ ამბიდან ერთ თვეში კი, 1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიყვანა ჯარები, თითქოს რუსეთი და ელცინი აფხაზეთში უფრო არ დაგვბომბავდა. დაგვბომბეს კიდევაც! ამას მოჰყვა შევარდნაძის, კრემლთან დადებული, რბილად რომ ვთქვათ, უცნაური ხელშეკრულებები: 1992 წლის 3 სექტემბრის, რასაც მოჰყვა გაგრის დაკარგვა, 1993 წლის მაისის ხელშეკრულება, რასაც 1993 წლის 2-10 ივლისის ყველაზე სისხლისმღვრელი ეპიზოდი და შრომა-კამანის სტრატეგიული სოფლებისა და სიმაღლეების დაკარგვა და ქართველი მოსახლეობის მასობრივი ჟლეტა მოჰყვა, ბოლოს კი 1993 წლის 27 ივლისის ხელშეკრულება, სოხუმის დაკარგვა და აფხაზეთის ომის წაგება. მერე იყო პოლიტიკური მკვლელობების სერია, მათ შორის საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საიდუმლოებით მოცული მკვლელობა. ეს ხდებოდა 90-იან წლებში და არა ის, რომ იპოდრომზე კლასმა კლასზე ვიჩხუბეთ ან ლოტკინზე ვიღაცა ბარიგა წამალს ყიდდა, რისთვისაც მთელ თაობას, ვინც ცოცხალი ვართ, მთელი ცხოვრება თავს გვამართლებინებენ, თითქოს ჩვენ, მეთერთმეტეკლასელებმა დავიწყეთ ეს ომები ან ჩვენ ვაქციეთ ქვეყანა ნარკოტრაფიკის დერეფნად, ან ჩვენ დავდიოდით და მე-9 და მე-10 ბლოკებს ვაქრობდით ჯიბრზე და ქვეყანას ვაბნელებდით.
სწორედ ეს ამბები მაქვს აღწერილი ჩემს რომანში "სამოთხიდან გაქცეულები", რომლის მეორე ტირაჟიც მალე გამოიცემა. მეორე რომანში კი "თვალდაკარგული ყივჩაღის ჩანაწერები ანუ დეშთი ყიფჩაღი", უკვე 90-იანი წლების ომების შემდგომი პერიოდის ამბები მაქვს აღწერილი, როგორ გადავრჩით, ანუ ვერ გადავრჩით.
უსამართლობის განცდა მაქვს და ვფიქრობ, 90-იანი წლები და ომები თავიდან არის შესასწავლი, გასააზრებელი, გამოსაძიებელი. არავის დაჭერა, განკიცხვა და სამარცხვინო ბოძზე გასმა არ მინდა, მით უმეტეს ცოცხლებიც აღარ არიან და უკვე წარდგნენ უფრო მრისხანე მსაჯულის წინაშე, მაგრამ ისეც არ შეიძლება, სადუნ მანკაბერდელი, მესტუმრე ჯიქური, ყორღანაშვილი და სეხნა ჩხეიძე, საჩინო ბარათაშვილი და დავით ორბელიანი ერთ თარგზე იყვნენ საქართველოს ისტორიაში შესული.
- ხშირად ამბობენ, რომ ქართველები როგორ შევიცვალეთ?.. სწორად განვსაზღვრეთ პრიორიტეტები თუ ჩიხში ვართ?
- ღმერთმა დაგვიფაროს, რომ არ შევიცვალოთ. უბრალოდ, მე არ შემიძლია მეინსტრიმს ანუ მოდას ავყვე არც ჩაცმულობაში და არც ცხოვრებაში. მე ჩემი საკუთარი ფასეულობები მაქვს, რომელსაც არასდროს ვღალატობ და თუ საჭიროა, ვიცავ და დავიცავ კიდეც. ჩემთვის ძალიან ძვირფასია წარსული, ჩემი სამშობლო, ოჯახი, მეგობრები, საქმე... მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცვლილებების წინააღმდეგი ვარ და მინდა ჩემმა შვილებმა ან ჩემი მეგობრების შვილებმა ჩვენი ბედი გაიზიარონ... მეგობრები ხშირად ვსაუბრობთ ამ თემაზე. მაგალითად, 14 წლის ვიყავით, როდესაც 9 აპრილს რუსული საოკუპაციო სპეცდანიშნულების რაზმის პირისპირ ვიდექით, 16 წლისამ კი პირველი სამხედრო გადატრიალება და სამოქალაქო ომი ვნახე. ჩვენი შვილების ამ ყოფაში ნახვას უკვე ნამდვილად ვეღარ გადავიტანთ. სრული უფლება აქვთ ჩვენს შვილებს და საერთოდ ახალგაზრდობას არ მოვწონდეთ, ან ძველმოდურებად, ცოტა სასაცილოებადაც ვეჩვენებოდეთ ჩვენი მეტყველების მანერით, შემორჩენილი ბიჭური "ბრავადით". ჩვენც გვაქვს უფლება რაღაცები არ გვესმოდეს. სწორედ ჩვენი თავისუფლებისა და ფასეულობების უმნიშვნელოვანესი ნაწილია ასეთი მრავალფეროვნება, კამათი, კონფლიქტი. მამებსა და შვილებს შორის დაპირისპირება დღეს და გუშინ არ დაწყებულა.
კი, ახლა ჩიხში ვართ, მაგრამ აუცილებლად გამოვალთ. ჩიხში სამუდამოდ ვერავინ იქნება. როგორც აფხაზმა პოლკოვნიკმა ზაურ გვინჯიამ 1999 წლის ოქტომბერში მითხრა, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ცუდიც ოდესმე უნდა დასრულდეს. ბუნების კანონია, ყველაზე ციცაბო და გრძელი აღმართიც კი ოდესმე სრულდება.
პრიორიტეტების სწორად განსაზღვრაზე აბა, რა ვთქვა? ვფიქრობ, აფხაზი ზაურ გვინჯიას ციცაბო და გრძელი აღმართის წვერზე გამოჩნდება, ისიც, თუ იმ დროისთვის ნისლით არ იქნა დაფარული. თავისუფალი ვართ თუ არა? თავისუფლება ძალიან ინდივიდუალური რამ არის. ურთულესი, ძვირი ფუფუნება! პირადად მე ნამდვილად თავისუფალი ვარ! რა მიჯდება და როგორი რთულია, არ გეტყვით, ძალიან პირადულია. ცნობილი რომაული სენტენციაა: "თავისუფლება ძალიან ადვილი რამეა, უნდა გინდოდეს იყო თავისუფალი და იქნები". თუმცა, როგორც ყველა სენტენცია, ესეც ირონიის, მახვილგონიერებისა და თვითირონიის პირმშოა! გაცილებით რთულადაა საქმე... რაც შეეხება ეროვნულ თავისუფლებას, კი, თავისუფალი ერი ვართ. ეს უდავოდ დავიმსახურეთ სისხლით, ცრემლით, ოფლით, სიგიჟით სისულელით და 5000-წლიანი მხეცური შეუპოვრობით. ამჟამად გამეფებული ნიჰილიზმის მიუხედავად, ჩვენგან არაფერი გამოვაო, რაც კრემლიდან ტექნიკურად შემოგდებული ფსიქოლოგიური დივერსია მგონია, მარტო რაც გვაქვს კი არა, რაც მომავალში გვექნება, ისიც დავიმსახურეთ. ჩვენი უზარმაზარი ისტორია, უნიკალური ლიტერატურულ-კულტურული და მატერიალური ძეგლები ამის უტყუარი დადასტურებაა. გასაგებია, როგორც ყველაფერი, ეროვნული თავისუფლების ხარისხიც პირობითი და შედარებითია, მაგრამ ჩვენს უახლოეს გარემოცვაში და სამეზობლოში ეროვნული და პიროვნული თავისუფლების ხარისხი ნამდვილად არ მშურს.
- ლიტერატურაზე, მწერლობაზე ხშირად ამბობენ, რომ მკითხველი, მისი გემოვნება, ფასეულობები შეიცვალა, თავად რას ფიქრობ - გჯერა ლიტერატურის?.. იმის, რომ მას ადამიანის, თაობის, მკითხველის გადარჩენა შეუძლია...
- რაც შეეხება ლიტერატურულ ცვლილებებს, ყველა თაობას უჩნდება ილუზია, რომ რაღაცები შეცვალა, რაღაცებს მიაგნო, აღმოაჩინა, ააფეთქა! თუმცა ასაკის მომატებასთან ერთად ხვდებიან, რომ უკეთეს შემთხვევაში მათი აღმოჩენილი უკვე კარგად მივიწყებული ძველი, უარეს შემთხვევაში კი მორიგი, არაფრისმომცემი, იაფფასიანი ბითურობაა... ლიტერატურა იმიტომაც არის რუსული რულეტკასავით დაუნდობელი თამაში, რომ მხოლოდ საუკუნის მერე გამოირკვევა, შექმენი და აღმოაჩინე რამე ღირებული თუ ვერა.
დიდ მწერლებს, თუნდაც 17 წელიწადს კოლიმაზე ნაჯდომ ვარლამ შალამოვს აქვს ასეთი ფრაზა:…"მე არ მჯერა ლიტერატურის, აბა, რატომ ვწერ?" და პასუხად ძალიან მაგარ რამეებს ამბობს. პირველად სწორედ 90-იან წლებში წავიკითხე და მართლა დავიჯერე, რომ არ სჯეროდა. ახლა კი, როდესაც მეც ბებერი რუხი მგელი გავხდი, ნაკლებად მჯერა, რომ არ სჯეროდა ლიტერატურის. აბა, რატომ წერდა, თან შედევრებს? ჯერ თბილ კაბინეტში წერაა ძნელი და კოლიმის ბანაკებში... კოლიმაზე რწმენის გარეშე რამ უნდა დაგაწერინოს? სჯეროდა მაინც!