"თურქეთში მხოლოდ ის ინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც ჯანდაცვის უწყება თვლის საჭიროდ“
თურქეთში ახალი შტამის გავრცელებამ მოსახლეობა შეაშინა და აცრის მსურველმა მოიმატა. თურქეთში მცხოვრები ქართველი ნინო სერდაროღლუ ამბობს, რომ ვაქცინაციის პრობლემა არც ყოფილა, მაგრამ მოსახლეობა ახლა უფრო მოტივირებულია. ხალხი შეშინებულია, თუმცა პანიკა არ არის, ვინაიდან სამედიცინო სისტემა გამართულად მუშაობს.
- იზმირში, სტამბოლისგან განსხვავებით, სადაც "ომიკრონის" მხოლოდ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, "ომიკრონით" დაინფიცირებულები მრავლად არიან. იზმირი თურქეთში სიდიდით და მოსახლეობის რაოდენობით მესამე ქალაქია. ამიტომ კონტროლი გამკაცრდა. აუცრელებს ან პისიარ-ტესტის პასუხის არმქონეებს არსად უშვებენ. ამას წინათ თეატრალური ღონისძიება გვქონდა. აზერბაიჯანიდანაც ჩამოვიდნენ მონაწილეები. ერთ-ერთი სტუმარი აუცრელი აღმოჩნდა და არ შემოუშვეს. მან კატეგორიულად განაცხადა, არ ვაპირებ აცრასო, არც 72 საათის განმავლობაში აღებული ტესტი ჰქონდა გაკეთებული. ამის გამო მისი გუნდი მოხსნეს ღონისძიებიდან. აქ, როგორც წესი, ის ინფორმაცია ვრცელდება, რომელსაც ჯანდაცვის უწყება თვლის საჭიროდ და ამას იმით ხსნიან, რომ ისედაც სტრესულ ვითარებაში "ომიკრონის" შესახებ ინფორმაციის ხშირად მიწოდება მოსახლეობას უფრო შეაშინებს. ახალ შტამზე ექიმები, რომელთაც მედიასთან ურთიერთობის უფლება აქვთ, მოზომილად საუბრობენ, თუმცა ზოგიერთი მაინც ამბობს, რომ ჰყავთ პაციენტები, რომელთაც განსხვავებული სიმპტომები აღმოაჩნდათ. არსებული მონაცემებით, "ომიკრონი" ლეტალობით არ ხასიათდება, მაგრამ რადგან ახალია, რა გართულებებს იწვევს არ იციან. თურქეთში "ომიკრონით" ინფიცირებულებს ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირვებიათ, 6-დან 5-ს მსუბუქად გადააქვს, მაგრამ ვინაიდან ეს შტამი სწრაფად ვრცელდება, შესაძლებელია პაციენტის მდგომარეობა უცებ დამძიმდეს. ექიმების თქმით, ამ შტამის გადატანის სიმსუბუქის მიუხედავად, მოდუნების უფლება არა აქვთ, "ომიკრონის" მაქსიმალურ გავრცელებას 2-3 კვირაში ელოდებიან და მას მომზადებული უნდა დახვდნენ.
- ვაქცინაცია როგორ მიმდინარეობს?
- გასული კვირის მონაცემებით, 122 მილიონზე მეტი კაცია ორი დოზით აცრილი, 57 მილიონამდე - ერთი დოზით და 51 მილიონმა უკვე ბუსტერდოზაც გაიკეთა... საქართველოსგან განსხვავებით, აქ ვაქცინაციის ჩავარდნა არ ყოფილა, მაგრამ ახლა აცრის მსურველთა რაოდენობა უცებ გაიზარდა, რადგან ექიმები ამბობენ, რომ მესამე დოზა "ომიკრონისგან" დაგვიცავს. ხალხს მათი სჯერა.
პანდემიის დაწყებისთანავე დაგვირიგეს სპეციალური ჰეს-კოდი, პლასტიკური ბარათის მსგავსი, რომელზეც ჩვენი პერსონალური მონაცემებია დატანილი. მას ვიყენებთ ყველგან: მაღაზიებში, კვების ობიექტებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც... შესაბამისად, როდესაც ადამიანს ვირუსი უდასტურდება, ჯანდაცვის უწყებას შეუძლია ნახოს დღის განმავლობაში მისი გადაადგილების ტრაექტორია. ამის შემდეგ მასთან უნებლიე კონტაქტის მქონეთ შეძლებისდაგვარად უკავშირდებიან და ეკითხებიან, ხომ არა აქვთ რაიმე სიმპტომები...
"კოვიდმა" ჯანმრთელობის პრობლემების კვალდაკვალ უმძიმესი სოციალური პრობლემის წინაშეც დაგვაყენა. ოც წელზე მეტია აქ ვცხოვრობ და ლირის ასეთი დაცემა არ მახსოვს. ყველაფერი გაძვირდა. პანდემიის გამო ბევრი უმუშევარი დარჩა. ყველა ცუდ დღეში ვართ. გაძვირდა საკვები, ტანსაცმელი, ტექნიკა... მაგალითად, გასულ თვეს კომპიუტერი 17 ათას ლირად ვიყიდეთ, ახლა 23 ათასი ღირს. ადგილობრივი წარმოება მაღალია, მაგრამ გვეუბნებიან, რომ მასალას დოლარში ყიდულობენ და გაძვირება გარდაუვალი გახდა. კატასტროფულად მოიმატა პირველადი მოხმარების სურსათმა, 5 კგ-იანი პურის ფქვილი 25 ლირა ღირდა, ახლა 50 ღირს. სამჯერ გაძვირდა ერთი ლიტრი ზეთის ფასი. აქაური ქართველები ლირაში იღებენ ხელფასს, რომლითაც დოლარს ყიდულობენ და უგზავნიან ოჯახებს. ფაქტობრივად, ადრინდელთან შედარებით, მესამედს იღებენ. ამიტომ ბევრი ცდილობს სხვა ქვეყანაში წასვლას.
ბოლო დროს ხელისუფლება იძულებული გახდა საჯარო სამსახურებში ანაზღაურება გაეზარდა. აქ საჯარო სამსახურში მინიმალური ანაზღაურება 2.800 ლირაა, ხელფასს კი იმის მიხედვით უხდიან, მუშაობის რამდენწლიანი სტაჟი აქვს.